იყო დრო, როდესაც ქართული ფეხბურთი მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ და მოთამაშეების ბრალი არ იყო დიადი საბჭოთა კავშირის სახელით რომ ასპარეზობდნენ.
დღევანდელ წერილში რამდენიმე ცნობილ თანამემამულე „ტყავის ბურთის“ ოსტატზე ვისაუბრებ. იმედია, ჩვენი გუნდების სუსტი გამოსვლების ფონზე განწყობას ნაწილობრივ მაინც გამოგიკეთებთ.
წერილის დასაწყისში „ფეხბურთის კარუზო“ _ დიდი რაინდი ბორის პაიჭაძე გავიხსენოთ.
ერთხელ, თურმე თბილისის „დინამო“ ერთ-ერთ გუნდს ეთამაშებოდა. ჩვენს ფეხბურთელებს ძალიან სჭირდებოდათ გოლის გატანა, არადა, აგებდნენ, ანგარიშით 2:1.
ბორის პაიჭაძეს გადაუგდეს ბურთი, ისიც გამოემართა მოწინააღმდეგის კარისკენ, მოატყუა ერთი, მოატყუა ორი, სამი, ოთხი და კართან რომ მივიდა და მეკარის მოტყუება სცადა, ისე ცუდად დაეცა ის მეკარე, რომ კინაღამ კისერი მოიტეხა. მოკლედ, მოწინააღმდეგის კარი ცარიელი დარჩა, ბორის პაიჭაძეს კი ბურთი ფეხებთან აქვს და დარტყმაღა აკლია. არ იკადრა ბორისმა ცარიელ კარში ბურთის გატანა, საჯარიმოზე გაუშვა ბურთი, მივიდა და მეკარე წამოაყენა – აი, ეს არის ნამდვილი კაცობა და სამაგალითო საქციელი. ხანდახან ამბობენ, სად ფეხბურთი და სად რაინდობაო. აი, ბატონებო, ამისი მაგალითი!
სლავა მეტრეველს უამრავი მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომელთა მსვლელობისას ევროპელი თუ სამხრეთამერიკელი ქომაგები აღტაცებაში მოუყვანია.
თავად კი, უპირველესად, სამ მატჩს გამოჰყოფდა. 1960 წლის ევროპის თასის ფინალში საბჭოთა ნაკრები იუგოსლავიასთან 0:1-ს აგებდა. გაშვებული ბურთის შემდეგ კაჩალინის გუნდმა გარკვეული სათამაშო დროის განმავლობაში ფარ-ხმალი დაყარა და რომ არა მეტრეველის გოლი ასპარეზობის ჩარხის წაღმა შეტრიალება ძალიან გაჭირდებოდა. პარიზის „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე ჩატარებულ გადამწყვეტ პაექრობაში, სლავასთან ერთად, საუკეთესოები მიშა მესხი, ვიქტორ პონედელნიკი და გივი ჩოხელი იყვნენ.
მეორე დასამახსოვრებელი მატჩი კი, ბუენოს აირესის „რივერ პლეიტის“ სტადიონზე, კონტინენტის პირველობის ფინალიდან ორიოდე წლის შემდეგ ჩატარდა. სლავამ (მიშა მესხთან ერთად) არგენტინელ გულშემატკივრებზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება დატოვა, რომ მსაჯის საფინალო ნიშნისთანავე ისინი მინდორზე შეიჭრნენ და ქართველ გარემარბს გარს შემოერტყნენ. სლავას მათი საუბრისა არაფერი ესმოდა და გვარიანად შეშინდა კიდეც. ქომაგები სლავას მაისურზე ქაჩავდნენ და თურმე სპორტული ეკიპირების „დათმობას“ სთხოვდნენ. გულშემატკივართა ალყისგან მეტრეველი პოლიციელმა იხსნა. მან სლავა „სამშვიდობოს“ გაიყვანა და როდესაც დაიმარტოხელა, მაისურის გახდა მეტრეველს თავად წესრიგის დამცველმა მოსთხოვა.
1968 წელს კი, სლავა მეტრეველი მსოფლიოს (ფიფას) ნაკრებში გამოიძახეს და იგი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ესოდენ პატივი ხვდა წილად. არ ვგულისხმობ მიხეილ მესხს, რომელსაც საბჭოთა ფეხბურთის მამებმა ამავე – ფიფას ნაკრებში ასპარეზობის უფლება არ მისცეს.
ფეხბურთის ახალგაზრდა გულშემატკივრებს ალბათ გაუკვირდებათ და მანუჩარ მაჩაიძეს სახელი ორ სტადიონთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
ერევნის „რაზდანის“ სტადიონზე „არარატმა“ პირველი მარცხი თბილისის „დინამოსთან“ განიცადა (0:1) და ეს ერთადერთი გოლი ქართველთა გუნდის მეშვიდე ნომრის ანგარიშზეა – მანუჩარი ბურთს საკუთარ საჯარიმო მოედანთან დაეუფლა, რამდენიმე ათეული მეტრი მასთან ერთად, მოწინააღმდეგის მცველების ბარიერის გადალახვით გაიარა და იმდენად ძლიერად და ზუსტად დაარტყა, მასპინძელთა მეკარემ ბურთს თვალი მხოლოდ ბადეში გახვეულს მოჰკრა. პირველივე ტაიმში მანუჩარმა კიდევ ერთხელ აიღო „არარატის“ კარი, მაგრამ მსაჯმა გოლი გაუგებარი მიზეზის გამო არ ჩათვალა.
ქომაგებს ასევე სამუდამოდ ჩაებეჭდათ გონებაში 1972 წელს, პარიზის „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე ჩატარებულ მატჩში საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების ნახევარმცველის, მანუჩარ მაჩაიძის დიდოსტატური გოლი.
ერევნის „არარატი“ ვახსენე და ერთ შემთხვევასაც გაგახსენებთ. ამ „ისტორიას“ ვლადიმერ გუცაევი მოგვიყვება.
„არარატის” ფეხბურთელებმა არ იცოდნენ, როგორ გამმკლავებოდნენ, რადგან ღიად უხეშობა და „მოცელვა” არ სურდათ, როგორც ამას სხვა კლუბების ზოგიერთი ფეხბურთელი აკეთებდა. ამიტომ, ერთ-ერთ ეპიზოდში „არარატის” ძალიან გამოცდილმა მცველმა ნორიკ მესროპიანმა, იმით გულდაწყვეტილმა, რომ „ვიღაც ბიჭმა” გვერდი აუარა და კარისკენ გაიჭრა, ორივე ხელი მაისურში ჩამავლო. მაისური გაიხა, ხოლო სტადიონი ეპიზოდის სილამაზისგან „აფეთქდა”, მსაჯმა კი, „არარატის” ფეხბურთელს ყვითელი ბარათი მისცა: მაშინ ამისთვის არ აძევებდნენ.
ერთხელ, ერევნელების მცველი ალექსანდრ კოვალენკო კისერზე ჩამომეკიდა. მე მათზე არ ვბრაზობდი, რადგან ჩემი შეჩერება უნდოდათ, თუმცა, ამისთვის ფეხებში ძლიერად არ მირტყამდნენ“.
თავის დროზე ქართველმა პარტიულმა „ბოსებმა“ მურთაზ ხურცილავას გული ძალიან ატკინეს. მოთამაშეს საქმე ისე გაუხადეს, რომ მშობლიურ „დინამოში“ ფეხი აღარ დაედგმებოდა და კარიერის გაგრძელება სხვა კლუბში მოუწია. თავისი ცხოვრების ამ პერიოდს ბატონი მურთაზი შემდეგნაირად იხსენებს.
„შეგიძლიათ დაასახელოთ ფეხბურთელი, რომელიც „დინამოდან“ გულნატკენი არ წავიდა? რომელი ერთი ვთქვა – შოთა იამანიძე, სერგო კოტრიკაძე თუ მიშა მესხი? მეც მაიძულეს გუნდიდან წავსულიყავი, დამეტოვებინა კლუბი, რომელსაც 15 წლის მანძილზე ყოველდღე ერთგულად ვემსახურე! ოფიციალური მიზეზი არ გაინტერესებთ? თურმე, თანაგუნდელები ჩემთან საერთო ენას ვეღარ პოულობდნენ!
ცხადია, ყველამ მალე გაიგო, რომ მურთაზ ხურცილავა „დინამოდან“ წავიდა. არ დაგიმალავთ, შემეხმიანნენ კიევიდან და მოსკოვიდან – ასაკის კვალობაზე კარგი პირობებიც შემომთავაზეს, მაგრამ საქართველო არ დავტოვე. 1975 წლის დარჩენილი დრო პირველ ლიგაში ვითამაშე ქუთაისის „ტორპედოს“ მაისურით. ეს გადაწყვეტილება ჩემი მეგობრის, ცხონებული გურამ ფანჯიკიძის რჩევით მივიღე – ის მაშინ ქუთაისში მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ „ტორპედოში“ თავს ნორმალურად ვგრძნობდი, „დინამოდან“ ჩემს გაშვებას მაინც ვერ შევეგუე და წლის ბოლოს კარიერაც დავასრულე.
უცნაურია, მაგრამ ფეხბურთიდან ჩემი გაცილების ცერემონიალი მხოლოდ ორი წლის შემდეგ გაიმართა: თბილისში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა და ჩვენმა „დინამომ“ ითამაშეს. სწორედ ამ შეხვედრის წინ გადავეცი ნაკრების კაპიტნის სამკლაური ევგენი ლოვჩევს.
არ მიყვარს ამ თემის გახსენება, რადგან სხვა თუ არაფერი, როგორც კაცს, გული მწყდება: 1968 წელს „მილანი“ მიწვევდა. მათ კარგად ახსოვდათ ჩემი თამაში ნაკრებში და საკმაოდ დიდ თანხასაც მიხდიდნენ, მაგრამ იმ დროს ამაზე ვერც ვიფიქრებდი. ჩემი თავი ჯანდაბას, ერთხელაც იქნებოდა, გავიპარებოდი სასტუმროდან და მერე რამენაირად ფეხს მოვიკიდებდი, მაგრამ წარმოგიდგენიათ აქ რა დღე დაადგებოდათ ჩემიანებს? 60-იან წლებში ხალხს ქურდობისთვის ხვრეტდნენ და სამშობლოს მოღალატის ოჯახს რას უზამდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ?!“
დღევანდელი წერილის დასასრულს კიდევ ერთ სევდიან მოგონებას წარმოგიდგენთ, რომელიც შოთა იამანიძის მეუღლეს, თოჯა მონცელიძეს ეკუთვნის.
„მე და შოთამ ერთმანეთი 1961 წელს გავიცანით. თბილისელების უმრავლესობა‚ ოთხშაბათს და ხუთშაბათს კინოში სისტემატურად დავდიოდით‚ რადგან, სწორედ ამ დღეებში უჩვენებდნენ ახალ ფილმებს. ასე რომ‚ ჩვენი შეხვედრა კინოთეატრ „ამირანში“ მოხდა. შოთა იამანიძე პირველი ფეხბურთელი კი არა‚ საერთოდ‚ პირველი სპორტსმენი იყო‚ ვინც კი გავიცანი. მან უმალ მომხიბლა. იუმორის უჩვეულო ნიჭი ჰქონდა. განათლებული‚ ხალისიანი‚ კონტაქტური და ენამოსწრებული, უჩვეულო ადამიანი გახლდათ. 1963 წელს დავქორწინდით. შოთას გაცნობამდე ფეხბურთი არ მაინტერესებდა. შოთა ხალისიანი და თანაც‚ ჟინიანი იყო. რასაც ჩაიფიქრებდა, სანამ არ გააკეთებდა‚ არ მოისვენებდა. ბევრს კითხულობდა‚ რაოდენ დაღლილიც არ უნდა ყოფილიყო‚ ისე არ დაიძინებდა‚ წიგნი ცოტა მაინც რომ არ წაეკითხა. როცა მისგან რუსი ჟურნალისტები ინტერვიუს იღებდნენ‚ ისე თავისუფლად და დახვეწილად‚ ყოველგვარი მომზადების გარეშე საუბრობდა‚ გეგონებოდათ‚ წინასწარ დაწერილს კითხულობსო. როგორც მეუღლე‚ შოთა იყო თბილი და ლმობიერი.
მეგობრები ძალიან უყვარდა‚ ხან ჩვენთან იკრიბებოდნენ‚ ხანაც შოთა მიდიოდა მათთან. ერთადერთი, მხოლოდ ამაზე გვქონდა კამათი – სულ მეგობრებთან ხარ-მეთქი. ყოველი თამაშის შემდეგ შოთა სახლში თუ ბრუნდებოდა‚ ჩვენთან 30-40 კაცი მაინც იყრიდა თავს. მის თამაშს რომ ვუყურებდი‚ მხოლოდ ერთს ვფიქრობდი – ისე ცუდად არ დაცემულიყო‚ რომ რამე ეტკინა. ასევე, როგორც მამა, შოთა იყო ძალიან კარგი‚ თბილი და კეთილი‚ მაგრამ, ამავე დროს, მომთხოვნიც. შვილებს თან ჰყვებოდა‚ მაგრამ, ზოგჯერ მათთვის დრო არ რჩებოდა. როცა უცხოეთში იყო წასული‚ ისეთ თბილ წერილებს მწერდა‚ რომ მაოცებდა. ჩვენმა შვილებმა კითხვა არ იცოდნენ, მათ ცალკე სწერდა და მთხოვდა, მათთვის წამეკითხა. ირინა 8 წლის იყო, დათო 6 წლის გახდა და ერთ კვირაში ტრაგედიაც მოხდა. საშინელი სიზმარი ვნახე და იმ დილით სახლიდან გასვლის წინ, შოთას ვუთხარი‚ ფრთხილად იყავი-მეთქი‚ მაგრამ…
ძალიან დამაკლდა. ნათქვამია, დრო ყველაფრის მკურნალიაო‚ მაგრამ, დრომ შოთა იამანიძე ვერ დამავიწყა. რამდენიმე წლის წინ სტადიონის დირექტორთან მქონდა საქმე. დაცვის სამსახურის თანამშრომელმა მკითხა – ვისთან ბრძანდებით‚ რა ვუთხრაო. შოთა იამანიძის მეუღლე გახლავართ-მეთქი. იცით‚ რა მკითხა? თქვენი მეუღლე‚ შოთა იამანიძე, აქ მუშაობს? რაღაც ვერ ვიხსენებო… ეს შემთხვევა სასეიროცაა და გულდასაწყვეტიც. ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი და სხვა ვარსკვლავები ხალხმა არ უნდა დაივიწყოს“.