დღეს, ტრადიციულად მორიგ „მოგონებებს“ შემოგთავაზებთ. ჩვენი პირველი სტუმარი მომღერალი ლიზა ბაგრატიონი იქნება, რომელიც ბავშვობაში დიდი „ახტაჯანა“ ვინმე ყოფილა და მისი ასაკის ბიჭებს ჩხუბში ტოლს არ უდებდა.
„ბავშვობაში მოკლედ შეკრეჭილი თმა მქონდა, შარვლითა და მაისურით დავდიოდი და ძირითადად, სულ ბიჭებთან ვთამაშობდი. ერთხელაც ზაფხული იყო და სადღაც ვისვენებდით.
დედა საქმით გახლდათ დაკავებული და უცებ ესმის ქალის კივილი: „ვისია ეს ბიჭი, პატრონი არ ჰყავს“. დედაჩემი ამ შემთხვევას მოგვიანებით შემდეგნაირად იგონებდა: „ხომ არ მყავდა ბიჭი, მაგრამ მექანიკურად წამოვედი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ შენზე იყო ლაპარაკი. მოვედი ფანჯარასთან, გადავიხედე და რას ვხედავ, ორი ბიჭი თმით გიჭირავს და თავებს ერთმანეთზე არტყმევინებ. უცებ მივხვდი, რომ ლიზას ვერ დაგიძახებ. მთლად შეიშლებიან იმ ბავშვების მშობლები და დავიძახე: „ირაკლი, ახლავე ამოდი სახლში.
მამაჩემი ერთი პერიოდი ხუმრობით სულ ირაკლის მეძახდა, რადგან ფიქრობდა, რომ ბიჭი გაუჩნდებოდა და სახელიც შერჩეული ჰქონდა. მეც ირაკლის გაგონებაზე მივატოვე უზნეო საქციელი და სახლში წამოვედი ბოდიშის მოსახდელად“.
ქალბატონი ლიზას შემდეგ კიდევ ერთი ხელოვანის პატარაობა გავიხსენოთ. რეჟისორმა მაკა ბურდულმა ერთხელ საკუთარი მშობლები მეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.
„ფილმიდან „ჩვენი ეზო“ ალბათ გახსოვთ წვიმაში გალუმპული გიორგი შენგელაიას ცეკვა. სინამდვილეში კი გუჯა ბურდული ცეკვავს, რაც ფილმში, ცხადია, არ ჩანს. ალბათ გული მწყდებოდა ეს ფაქტი ინკოგნიტოდ რომ რჩებოდა და ბავშვობაში ჩვენი ეზო მართლა შევყარე: გიორგი შენგელაია რომ ცეკვავს ფილმში „ჩვენი ეზო“, ის მამაჩემია-მეთქი. ბავშვებმა კი ერთხმად და შეცდომით მიიტანეს სახლში ამბები – ბიძია გუჯამ თუ გაიგო, მოჰკლავს მაკას, ასეთი ცნობილი მსახიობის შვილია და მაინც გიორგი შენგელაიას მამობას იბრალებსო“.
ალბათ დროა პაროდისტ მამუკა ლომაშვილსაც მივცეთ სიტყვა. მიხეილ სააკაშვილთან მსგავსების გამო ლომაშვილი კონფლიქტურ მდგომარეობაში არაერთხელ ჩავარდნილა.
„სცენაზე პაროდიით გამოსვლამ გამიჩინა მტერი და მაგინებელი. ერთხელ ქუჩაში ჩემს გამოჩენას მიშა-მიშას ძახილით შეეგებნენ. ერთმა მოხუცმა გამაჩერა და – რაღაცას გეტყვი, თუ არ დააჭერინებ ჩემს თავსო. გისმენთ-მეთქი, თავაზიანად გავუღიმე მოხუცს.
– შენც იმის გაზრდილი ლეკვი ხარ, ვისაც ბოლო მოუღე და ეხლა აბა, შენ იცი, ისეთი გოდორი დაწანი, რომ შენმა შვილიშვილებმა წიხლებით არ დაამტვრიონო.
ერთხელაც მე და მსახიობი ლადო მექვაბიშვილი ერთად მოვდიოდით ქუჩაში, დამინახეს და გამამხნევებელი ტონით კვლავ მიშა-მიშას ძახილი დამიწყეს. ბატონი ლადო მეორე მხარეს გადავიდა, სად მიდიხარ-მეთქი შევეკითხე, შენი დაცვა არავის ვეგონო, რამე შარში არ გავეხვიოო.
კიდევ ერთ შემთხვევას მოგიყვებით. ბორჯომის პარკში მინერალური წყლის დასალევად ჩავდექი რიგში. ერთი უცნაურად ჩაცმული ქალბატონი, რომელსაც ხელში ჯოხი ეჭირა, ჩემს გასაგონად იძახის, ამისი ბრალია ყველაფერიო. რას ერჩით ამ ბავშვს, დგას პატიოსნად წყლის რიგშიო, გამომესარჩლა ერთი ხნიერი სათნო ქალი. პარკში შემოსვლა ჯერ ოცდაათი თეთრი გახადა, მერე ორმოცი, მალე ხუთ ლარზე ავაო. თუ ჰგონია, რომ შენობების აჭრელებითა და ვანკა-სტანკების ქუჩაში დადგმით დაპურდება დაუთვლელი მათხოვარი, ძალიან ცდებაო. თუ ქალი ხარ მას მიაწვდინე ხმა, ვინც გაგაბოროტა, რას ერჩი ამ მორიდებულ ბავშვსო. ასეთი მოსარჩლეებიც მყვანან მრავლად და პირფერ-მაამებლებიც, თუმცა, მეამბოხეებზე მეტად ისინი მამხიარულებენ, ვინც მარწმუნებენ, რომ მხოლოდ „ვშრომობ და არ ვგულაობ“. ბევრი მართლა მაიგივებს ბატონ პრეზიდენტთან და დახმარებისთვის მომმართავს, უკვირთ, როცა ვეუბნები, რომ ერთი მოკრძალებული პაროდისტი ვარ და მე არაფერი შემიძლია…“
„სახალისო ისტორიების“ დასასრულს სიტყვას კიდევ ერთ პაროდისტს გადავცემ. ბატონი ბესო ბერულაშვილი, მართლაც რომ, უცნაურ და დაუჯერებელ შემთხვევას გაიხსენებს.
„ალბათ, ყველას გახსოვთ ის დრო, ჩაბნელებულ საქართველოში სერიალის ყურება რომ მოიაზრებოდა ერთადერთ ნათელ წერტილად. „ველური გულის“ ერთგულ მაყურებელთა ზოგი ოჯახი დაინგრა, ზოგიც დანგრევის პირას მივიდა. კაცებს მონიკა და ჰაიმე უყვარდებოდათ, ქალებს კი თმაკულულა ხუანი. მახსოვს, ერთხელ მეზობლის ქალმა ეზოში ტელევიზორის ხმა გაიგო, არიქა, ფილმი იწყებაო და სიჩქარისგან კიბეებზე სხვისი ბავშვი ამოარბენინა, სერიალის დამთავრების შემდეგ კი საკუთარში გაცვალა.
ამ პერიოდში ერთმა ჩემმა ძმაკაცმა „დვიჟოკი“ იყიდა და ყველა ნაცნობმა მისი ოჯახის სტუმართმოყვარეობით ბოროტად ისარგებლა. სტუმარი ღვთისაა, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში ერთი და იმავე „სასტავის“ რია-რიამ კაცს საკუთარი სახლი საკონცენტრაციო ბანაკად მოაჩვენა. ამ ამბავს ამძიმებდა ის გარემოება, რომ სერიალის დაწყებისა და ჩემი ძმაკაცის სახლში დაბრუნების საათი ერთმანეთს ემთხვეოდა. გული მომიკლა მისმა გაჭირვებამ. შენ ეგ საქმე მე მომანდე-მეთქი, დავამშვიდე სერიალის კლუბის „მფლობელი“.
ეს პიროვნება მამა ბასილის მრევლი გახლდათ და „ამ საქმეში“ მოძღვარი ჩავრიე. მივედი და მოვუყევი, იეჰოვას მოწმეებმა როგორ გადაიბირეს მისი დედა და ცოლ-შვილი, რომ შაბათ-კვირის გარდა, მათ სახლში უკვდავ-უბერებლები იკრიბებიან და ახლად დაქვრივებულებსაც აბამენ მახეში. ამ სექტის მიმდევართა რაოდენობა დღითიდღე მრავლება-მეთქი, _ ვუთხარი მამა ბასილს. ჰოდა, მეორე დღესვე დათქმულ საათზე მივიდა ჩემი ძმაკაცის სახლში ჯვრითა და კომბლით. ზარის ხმაზე დაასკვნეს ქალებმა, ნუნუ იქნებაო, მეზობლის ქალი. გააღეს კარი და რისხვით ანთებული მღვდელი შერჩათ ხელში, რომელიც დაერია „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა“-თი. „ქალთა კლუბი“ რამდენიმე წამში დაიშალა და იმ დღის შემდეგ აღარასოდეს შეკრებილა. ოჯახმა კი სამუდამოდ დაისვენა“.