“საკანში სრულიად მარტოს წელიწადზე მეტიც მაქვს გატარებული. პირობებზე აღარ შევჩერდები, იცის ყველამ კარგად რა ხდებოდა იქ, ვისაც იმ პერიოდში ის ციხე უნახავს” _ წერს სოციალურ ქსელში გვანცა ყუფარაძე და იუსტიციის სამინისტროში გამართულ სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს ეხმაურება, სადაც ერთ-ერთ კანდიდატად მისი საქმის მოსამართლე, თამარ ალანია შეარჩიეს.
“მინდა ვთხოვო ყველა ადამიანს, ვისაც ამ საქმეზე გული შესტკიოდა და შესტკივა – მე მჯერა თქვენი კეთილსინდისისრების და პროფესიონალიზმის. მჯერა, რომ უსამართლობად თვლით იმას, რაც ალანიასთან დაკავშირებით ხდება, მაგრამ თქვენც მინდა გჯეროდეთ, რომ მე ვიცი!
ვიცი, რომ სხვაგვარად შეუძლებელია. შეუძლებელია, მას ვინმემ აუკრძალოს კონკურსში მონაწილეობის მიღება; შეუძლებელია, კომისიის რომელიმე წევრს ვინმემ აუკრძალოს ან განუსაზღვროს ვინმეს შეფასება. იურისტი რომ არ ვიყო შეიძლება ვერ გამეგო ეს ყველაფერი, მაგრამ სხვა თუ არაფერი, იმდენად მაინც ვიცი ეს სფერო, რომ ვხვდები, თუ იმ სტანდარტებით იმოქმედებენ სტრუქტურები, რა სტანდარტითაც ეს დღეს ხდება, სხვაგვარად შეუძლებელია და მე საერთოდ არ მინდა, რომ ამ სტანდარტმა დაიწიოს ამ ქვეყანაში. იმიტომ, რომ ეს არის მთავარი განსხვავება მოქმედ და წინა ხელისუფლებას შორის.
ამიტომ, თხოვნა მაქვს: თუ შეიძლება ნუ უყადრებთ თავს ამ უსინდისო ადამიანს. მისთვის ანტიპიარიც პიარია. სხვაგვარად, ისედაც იცის, რომ სამოსამართლეო საქმიანობით ავტორიტეტი ვერასდროს გახდება, მისი პროფესიული ბეგრაუნდით და სხვათა შორის ვერც იმით, რასაც დღეს აკეთებს.
აირჩევენ სტრასბურგის მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატად? ეს კომისიის ყველა წევრის საერთო გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა იქნება. შემდეგ აირჩევენ სტრასბურგში მოსამართლედ? – ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება. მთავარი ხომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. იცოდეთ, რომ თუ ალანიას და მის მსგავს არა ერთ ადამიანს, აქვს წვლილი, ჩემი ცხოვრების უარყოფითი მიმართულებით განვითარებაში, თქვენ, თითოეულს გაქვთ ინდივიდუალური წვლილი მისი დადებითი მიმართულებით შემობრუნებაში.
პერსონალურად დომინანტური წვლილი აქვს საქართველოს იუსტიციის მინიტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს. საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ის არ ყოფილა ჩემი ნათესავი, ჩემი ოჯახისა და ახლობლების ახლობელი, მას არაფერში სჭირდებოდა და არც არაფერს ავალდებულებდა ეს საქმე. სხვათა შორის არც დღეს. მაგრამ, ის ყოველთვის ცდილობდა იმის გაკეთებას, რასაც ჩემი სახელმწიფო არ აკეთებდა ჩემთვის და მან შეძლო ის, რაც ვერ შეძლო სახელმწიფომ. იცით რატომ? იმიტომ რომ ეს სხვა საქართველოა. ქვეყანა ბევრი პრობლემით და გამოწვევით, შეცდომებით და გამოცდილებით, მაგრამ ეს არის სხვა ქვეყანა, რომელშიც აღარასოდეს მოხდება ის, რაც ხდებოდა მაშინ.
დღეს ,,გვანცას” არ დაიჭერდნენ და თუ დაიჭერდნენ თავისი მართლმსაჯულების კოდექსი ექნებოდა; დღეს მოსამართლე აღარ იქნება მონა, მათ შორის არც, ,,ყოფილი მონა” იქნება მონა… უწყებები კანონის საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებებს და არა პირადი დამოკიდებულებების. ქვეყანა განვითარდება და ამ ყველაფერში იმ უწყებას, რომელსაც ქალბატონო თეა ხელმძღვანელობს დიდი წვლილი აქვს.
საქმეზე დავაზუსტებ რამდენიმე დეტალს: მედეა ალანიას და მისი ნდობით აღჭურვილი პირის _ ზვიად კვარაცხელიას გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (იმ დროისათვის სასჯელაღსრულების ქალთა დაწესებულებაში, ეგრედ: ,,მატროსოვის ციხე”) მიყვანიდან დაახლოებით 5-6 საათში შემოყვანეს ,,კამერაში,” სადაც 13 სრუწლოვანი იყო განთავსებული (სივცრის ფართობი: 25 კვადრატული მეტრი) .
მანამდე, ჩხრეკისათვის განკუთვნილ ოთახში დამსვეს სკამზე და ველოდებოდი. რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ კვარაცხელიამ განმიცხადა, რომ ჩემთვის ასე აჯობებდა, თან გამაფრთხილა ჭკვიანად, რომ უნდა მოვქცეულიყავი. იმ დღეს ალანიასთან არ ავუყვანივარ. ის, ამ კუთხით, განსაკუთრებულად მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მეორე ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.
მას შემდეგ, რაც ჩემმა მშობლებმა და ადვოკატმა დაიწყეს არსებული პირობების გაპროტესტება და მიმართეს ყველა უწყებასა და პირს, ვისთვისაც კი შეიძლებოდა მიემართათ, არაფერი შეცვლილა, სანამ ,,UNICEF – ამდე” არ მიაღწია ამ ამბავმა. ამის შემდეგ, ისინი დადიოდნენ ჩემთან მოსანახულებლად და მთავრობას სთხოვდნენ ჩემს ცალკე განყოფილებაში გადაყვანას, რადგან ის რაც იქ ხდებოდა იყო დარღვევა. სხვათა შორის, ეს ის UNICEF -ია რომლის წყალობითაც წლების შემდეგ სწავლის უფლებაც ,,აღმიდგინეს” (შესაძლებლობა არ შემიზღუდეს).
სისტემატიური პროტესტისა და მოთხოვნების შემდეგ, იმავე ციხეში, იმავე განყოფილებაში დაცალეს ერთი კამერა, რომლის ფართობიც 15 კვადრატული მეტრი იყო ( იმჟამინდელი ფართები აზომილია სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლების მიერ და აქედან გამომდინარე ვაფიქსირებ) აღნიშნულ კამერას, გარედან იზოლენტით მიაკრეს A4 ფორმატის ფურცელზე ამობეჭდილი ტექსტი – ,,არასრულწლოვანთა განყოფილება,” რომელშიც არასრულწლოვნებიც შემოყავდათ და სრულწლობნებიც.
ამ საკანში სრულიად მარტოს წელიწადზე მეტიც მაქვს გატარებული. პირობებზე აღარ შევჩერდები, იცის ყველამ კარგად რა ხდებოდა იქ, ვისაც იმ პერიოდში ის ციხე უნახავს.
შემდეგ, როცა დრო გავიდა და ,,სიტუაცია დასტაბილურდა” ყოფილა შემთხვევა, რომ ამავე კამერაში 8 (რვა) ადამიანიც შემოუყვანიათ. თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი ადამიანის უფებების თვალსაზრისით სამართლის, საერთაშორისო სამართლის ენაზე, დასკვნის გამოტანა თქვენთის მომინდია. მოსამართლეობა არ სჭირდება ამის გაანალიზებას.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, რომლის შესწავლაც მოსამართლე ალანიამ დაიწყო: დიახ, საქმე არქივშია და არქივის მეშვეობით შესაძლებელია ყველაფრის შესწავლა, მსჯელობა და დასკვნების გამოტანა მათთვის, ვინც არ იცნობს ამ საქმეს. ქალბატონ თამარს კი ეს საერთოდ არ სჭირდება. ის ხომ განსაკუთრებული უნარით არის დაჯილდოვებული, გამოუტანოს ადამიანებს განაჩენი,გადაწყვიტოს მათი ბედი საქართელოს სახელით, მტკიცებულებებისა თუ მასალების შესწავლის გარეშე.
მაგრამ, ისეთი მონდომებულია, შეისწავლოს. დარწმუნებული ვარ, ამას ისეთივე წარმატებით შეძლებს, როგორც ჩემი ფსიქო-ტიპის შესწავლა მოახერხა.
რაც შეეხება, მის ჩემდამი მისალმებას და სურვილს წარმატების შესახებ:
1. მომესალმა უკვე და ამის საფუძველზე კომისიის სხდომებზე ამბობს, რომ მე მასთან კონტაქტი მინდა. რადგან, ღმერთი გამიწყრა და მეც მივესალმე. საქართველოს სააპელაციო სასამართლოში, 2015 წლის სტაჟირების კანდიდატთა შესარჩევი კომისიიდან გამოსულმა, გასაუბრებიდან გამოსასვლელად, გავაღე კარი, გამოვედი კაბინეტიდან და ამ დროს ჩემს წინ აღმოჩნდა ქვევიდან მომავალი. შემომხედა, შეკრთა და თქვა ,,გამარჯობა,” მეც ვუპასუხე გამარჯობა, კარი დავკეტე, გზა დავუთმე და ჩემს საქმეზე წავედი.
2. მეც დიდ წარმატებას ვუსურვებ ყველა მორალური და ზნეობრივი ღირებულებების მიმდევარ პიროვნებას და საერთო სიკეთის მსახურ მოსამართლეს. განსაკუთრებით, ქალბატონ თამარ ალანიას.
P.S თქვენი ,,სკოლაა” ქალბატონო თამარ. ხომ იცით, ახალი თაობები უკეთ ითვისებენ. – ყველაფერ” _ წერს ყუფარაძე სოციალურ ქსელში.