ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი მერისი ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს. ის მერისის თემის ცენტრია. თემში მერისის გარდა, კიდევ რამდენიმე პატარა სოფელი: გუნდაური, სილიბაური, ინაშარიძეები, გარეტყე, ნამონასტრევი და სიხალიძეები შედის. მერისის თემის მოსახლეობა 380 კომლს შეადგენს, რომელთაგან მუდმივი მაცხოვრებელი 250 კომლია.
საბჭოთა პერიოდში მერისი მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი ძლიერი ცენტრი იყო, თუმცა, ამჟამად, ყოფილი საკოლმეურნეო ვენახები მთლიანად განადგურებულია და მათ ნაცვლად ფერდობებზე სიმინდი ითესება, ზოგან კი ბოსტნეული.
ბოსტნეულის ხშირი რწყვა კი ნიადაგში წყლის ჩადგომას და მეწყრის გაჩენას იწვევს.
„გურია ნიუსი“ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია ქსელ CENN-ის მედიატურის ფარგლებში, მერისის სოფელ გარეტყეში იმყოფებოდა და იქ არსებული პრობლემების შესახებ CENN-ის წარმომადგენელს, ჯაბა ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
„სოფელ გარეტყედან მერისის თემის ტერიტორიის, თითქმის, 80% ჩანს. აქედან ვაკვირდებით ყველა იმ მეწყრებს, რომელიც არის გამოწვეული ხეების ჩეხვისა და წყლის არასწორი გამოყენების შედეგად. მუნიციპალიტეტში არ არის მოწესრიგებული სასმელი და სარწყავი წყლის სანიაღვრე არხები და საკანალიზაციო სისტემა. ნარჩენ წყალს სჭირდება მიმართულების მიცემა. გარდა ამისა, რომელი წერტილიც უფრო ზიანდება, სახელმწიფო ერთჯერადად აკეთებს. ფაქტობრივად, მუნიციპალიტეტს ფინანსური რესურსი არ აქვს, რომ ამ პრობლემის მოგვარება მთლიანად შეძლოს“, _ ამბობს ლორთქიფანიძე.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ზამთარში მოსახლეობის ნაწილი შეშას სოფელთან ახლო მდებარე ტერიტორიაზე სარგებლის ნახვის მიზნით ჭრის.
„აქ ზამთარი 6 თვეს გრძელდება. რჩება მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ვერ ასწრებს და ვერ ახერხებს ტყეკაფებიდან შეშის გამოტანას. ასეთ შემთხვევებში, მათ ალტერნატიული გზა არ აქვთ და შეშას თვითნებურად სოფელთან ახლო მდებარე ტერიტორიაზე ჭრიან. მოსახლეობის ნაწილი კი ასე შეგნებულად იქცევა, რადგან, ტყეკაფებიდან მოსახლეობისთვის გამოყოფილი შეშა ხელვაჩაურში იყიდება და ერთი მანქანა, დაახლოებით, 500-800 ლარი ღირს, ახლო მოჭრა კი 150 ლარი ჯდება. სატყეო სააგენტო, რა თქმა უნდა, აჯარიმებს მოსახლეობას არაკანონიერი ჭრისთვის, მაგრამ დაჯარიმებული პირი მიდის ტყეში, კანონიერად ჭრის შეშას, ყიდის და აღებული თანხით ჯარიმას იხდის. შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი კი, ვფიქრობ, ხის ჭრაზე კონტროლის გამკაცრებაა. გარდა ამისა, ტყეკაფების გამოყოფის დროს გონივრული ნაბიჯებია საჭირო და მასში სპეციალისტები უნდა იყვნენ ჩართულები“, _ ამბობს ლორთქიფანიძე.
გამგებლის წარმომადგენელი მერისის თემში, სოსლან თურმანიძე კი მოსახლეობის მიერ ტყის უკანონო მოხმარებას უარყოფს.
„შეშის უკანონო მოპოვება ხდებოდა ადრე. ფაქტები აღარ დაფიქსირებულა. მოსახლეობა ზამთარში, ძირითადად, შეშით თბება. სპეციალური ტყეკაფები არის გამოყოფილი სოფლის თავებში, ადვილად მისადგომ ადგილებში და მაცხოვრებლებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მივიდნენ და გამოიტანონ შეშა. სოფელი გაზიფიცირებული არ არის, მაგრამ პროექტი მზადდება და მომავალ წელს გვექნება გაზი“,_ამბობს თურმანიძე.
მისივე თქმით, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები ეფექტურად ტარდება.
„მუნიციპალიტეტში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიების გატარების პროგრამა 2 წელია დაიწყო. ამ ღონისძიების გასატარებლად გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე სოფლებში საინჟინრო დადგენილების შემდეგ კეთდება საწრეტი არხები, საყრდენი კედლები, გაბიონები და ა.შ. ამ ყველაფრისთვის თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. მუშაობა, ჯერჯერობით, ამართლებს, რადგან მეწყრული მოვლენები რაც დღემდე იყო თითქმის შეჩერებულია და ამიტომ ალბათ, დაფინანსება მომავალშიც გაგრძელდება“, _ამბობს თურმანიძე.
„გურია ნიუსი“ სოფელ გარეტყეს ერთ-ერთ ადგილობრივ მაცხოვრებელს, ნოდარ დიასამიძეს გაესაუბრა.
როგორც დიასამიძე ამბობს, მოსახლეობას გზის პრობლემა აწუხებს.
„გზის პრობლემა გვაწუხებს, ქვევით გაგვიკეთეს გზა მაგრამ მოსახვევია ცუდი და გაკეთება უნდა, რომ მანქანამ ადვილად შემოუხვიოს. ბეტონის დასხმაა საჭირო დაახლოებით 200 მეტრზე და სოფელში ამოსვლა გაადვილდება. სხვა გზაც არსებობს, მაგრამ ის უფრო გრძელია. ასფალტის დაგებას დაგვპირდნენ, მაგრამ წელს ვეღარ მოახერხეს. მერისის ცენტრიდან სოფელ სილიბაურამდე გაკეთდა და აქეთაც, რომ გააკეთონ კარგი იქნება. ზამთარი მკაცრია, მაგრამ ისეთი დიდი ზამთარი არ არის, როგორც ადრე იყო. დიდთოვლობის დროს მთავრობა გვეხმარება გზის გაწმენდაში“, _ ამბობს დიასამიძე.
„გურია ნიუსი“ სოფელ გარეტყეში გადაღებულ კადრებს გთავაზობთ.