გუშინ, ოზურგეთში, ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ თხილის მიმღებ პუნქტში, ქალბატონს, რომელიც თხილს იბარებდა, ათი ათასი ლარი მოპარეს.
როგორც თხილის მიმღები ქალბატონი შ.დ. ამბობს, მან გადაწყვიტა კლიენტისგან მოტანილი თხილი გაეტეხა, ვარგისიანობის შემოწმების მიზნით. ამ მომენტში ფულიანი ჩანთა იქვე, პატარა მაგიდაზე დადო. ფულის მომპარავმა, რომელიც, სავარაუდოდ, აკვირდებოდა მის მოძრაობას, ფული აიღო და გაუჩინარდა.
_ ეს ამბავი სასწრაფოდ შეატყობინეს პოლიციას. ადგილზე მოვიდნენ სამართალდამცავები, ამოღებულია ვიდეომასალები, იმედი გვაქვს, ქურდს იპოვიან, – ამბობს დაზარალებული ქალბატონი.
„გურია ნიუსი“ შსს პრესსამასხურს დაუკავშირდა.
შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის ასსამოცდამეჩვიდმეტე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოზიებო საქმიანობა მიმდინარეობს.