დღეს, ოზურგეთში ერთი კილოგრამი თხილის ფასი ერთ ლარამდე დაეცა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ასეთ პუნქტებს აწერია, რომ თხილს მაღალ ფასში იბარებენ.
_ჩვენ ვტეხთ თხილს. ყოველი ათიდან ორი უვარგისი თუ არის, ამ შემთხვევაში, სამი ლარის გადახდა საეჭვოა. ათიდან ათივე კარგი უნდა იყოს, ცხრა მაინც. დანარჩენ შემთხვევაში , ერთი უვარგისი თხილის გულის აღმოჩენისას, საბაზრო ფასს ორმოცი თეთრი აკლდება. ანუ ათიდან თუ ხუთი უვარგისია, ასეთ თხილში, კილოგრამში ერთ ლარს გადავიხდით, _ ასე ხსნიან საკუთარი მუშაობის მეთოდს თხილის მიმღებ პუნქტებში.
_თხილის ხარისხის დაცემით ისარგებლა ყველა ჯურის საქმოსანმა და მაფიოზმა. აჭარაში, იმერეთში გაიკითხეთ, როგორია ფასები. ოზურგეთში რაც ხდება, მსგავსს ვერსად ნახავთ. ხვალ ზესტაფონში წავალ და იქ ჩავაბარებ . მითხრეს, რომ ერთ კილოგრამ თხილს სამი ლარად და სამოცდაათ თეთრად ჩაიბარებენ. იქაც ტეხენ, მაგრამ ერთ გაფუჭებულ თხილის გულს ორმოცთეთრიან კომპენსაციას არ ადებენ. ეს გურიაში მოიფიქრეს! _ ბრაზობენ ნანა და მაია თავაძეები, _ მოვიტანეთ და მიგვაქვს უკან. ერთ ლარს მოგცემთო. საინტერესოა, არ ვარგაო და ვინ იბარებს ამ ერთლარიან თხილს?
„გურია ნიუსი“ დაუკავშირდა ხონის, ზესტაფონის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში შესაბამის პირებს, ვინც თხილის ფასთან დაკავშირებით, საქმის კურსშია.
ხონიდან გვატყობინებენ, რომ თხილის ფასი სამიდან ოთხ ლარამდე მერყეობს, გასულ კვირაში ერთი კილოგრამი თხილის ფასი აქ, ოთხი ლარიც იყო. ზესტაფონში სამი ლარი და სამოცდაათი თეთრი ღირს, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტში სამი ლარი და ოცი თეთრი. ამასთანავე, კერძო მიმღები პირები აღნიშნავენ, რომ ერთ ლარად ერთ კილოგრამ თხილს, აღნიშნულ რეგიონებში, არავინ იბარებს.