იუსტიციის სამინისტროს ტრენინგები ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის თემაზე გრძელდება. 30 აგვისტოს, 12 საათზე სწავლება ლაჯანის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდება.
სლოგანით „იმოქმედე!” იუსტიციის სამინისტრო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალურ კამპანიას აწარმოებს და უფასო ტრენინგებიც მის ფარგლებში ტარდება. სოციალური კამპანიის მიზანია მოქალაქეების ინფორმირება და ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კამპანიის პრეზენტაცია მიმდინარე წლის თებერვალში გამართა.
კამპანიის მიზანი საქართველოს მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებაა იმ სიახლეების შესახებ, რომელთაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონთა პროექტი განსაზღვრავს. ტრენინგების შედეგად მოქალაქეებს ექნებათ სრული ინფორმაცია, თუ რას ითვალისწინებს კანონმდებლობა მათი უფლებების დასაცავად და რა სერვისებს სთავაზობს ძალადობის მსხვერპლთ; ეს კი მათ საშუალებას მისცემთ, უკეთ დაიცვან საკუთარი უფლებები და, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული დახმარებით.
სპეციალურად მომზადებული პროგრამით ტრენინგის მონაწილეები იღებენ ზოგად ინფორმაციას, თუ რა არის ძალადობა, როგორ შეიძლება ის ვლინდებოდეს, რა ზეგავლენა აქვს მას პიროვნებასა და საზოგადობაზე; გაეცნობიან ძალადობის აღსაკვეთად და მსხვერპლთა დასაცავად დღეს არსებულ მექანიზმებს. პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელს გაუღრმავდება ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმაროს მსხვერპლს და როგორ ამოიცნოს ძალადობის ესა თუ ის ფორმა.
უფასო ტრენინგებზე მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც გაივლის რეგისტრაციას შემდეგ მისამართზე: http://tcj.gov.ge/ka/news/378//.
თითოეულ ჯგუფში მონაწილედ შეირჩევა პირველი 20 დარეგისტრირებული პირი. მთლიანობაში, 6 თვის განმავლობაში, ტრენინგები 74 ჯგუფისთვის ჩატარდება თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში და საქართველოს ყველა რეგიონში არსებულ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. დღეისათვის სწავლება 600-მდე მსურველმა გაიარა. (R)