სრულად ელექტრონული სისტემით ერთიანი ეროვნული გამოცდები არც მომდევნო წელს ჩატარდება. მიუხედავად იმისა, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამაზე მუშაობს, მის მზაობის შემთხვევაშიც კი ცვლილება ვერ განხორციელდება, რადგან ამისათვის მზად აბიტურიენტები არ არიან.
როგორც გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი განმარტავს, ამ ეტაპზე მორალურად არ აქვთ უფლება ახალგაზრდებს რადიკალურად განსხვავებული სისტემა შესთავაზონ. თუმცა იგი არ გამორიცხავს, რომ მომავალ წელს გამოცდების ტექნიკურ მხარეში გარკვეული კომპონენტები შეიცვალოს.
“პირდაპირ გეტყვით, რომ მზადაც რომ ვიყოთ, სრულად ელექტრონულ სისტემაზე მაინც ვერ გადავალთ. ამას თავისი პრობლემები აქვს. სულ სხვაა წერა და სულ სხვაა ბეჭდვა. სულ სხვაა ფიზიკაში, ქიმიაში თუ მათემატიკაში ამოცანის ამოხსნა, ფორმულისა თუ ნახაზის გაკეთება ფურცელზე და სხვაა იგივეს გაკეთება ელექტრონულად. ამას თავისი მომზადება სჭირდება.
“აუცილებლად დადგება ის დრო, როცა დარწმუნებულები ვიქნებით, რომ სკოლებში ამას კარგად ასწავლიან. ეს ბარიერი არ უნდა იყოს. მე თუ ამოცანას ამოვხსნი, მაგრამ ფორმულის აკრეფას ერთი საათი მოვუნდი, სწორი არ იქნება. ამიტომ, საკითხი მარტივი არაა. მზად რომც ვიყოთ, მორალური უფლება არ გვექნება ეს გავაკეთოთ.
“თუმცა, მეორე ნაბიჯი აუცილებლად იქნება ის, რომ ე.წ. დახურულ დავალებებში ელექტრონული სისტემა შევთავაზოთ. ვვარაუდობთ, რომ მომავალი წლისათვის ეს შესაძლებელია. თუმცა აზრი ამ საკითხზეც ორადაა გაყოფილი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმათი აზრი, ვისაც ვემსახურებით. არის აბიტურიენტებისა და პედაგოგების კატეგორია, რომელსაც არ უნდა ეკრანზე კითხვა, ქაღალდი ურჩევნია. ასევე არის კატეგორია, რომელიც ჩხუბობს, რომ პასუხების ქაღალდზე მონიშვნა აღარ უნდა და კომპიუტერში მონიშვნას ითხოვს. ყველას ერთდროულად ვერ ასიამოვნებ”, – განაცხადა მიმინოშვილმა.
EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ აპლიკანტებს არჩევანის საშუალება მიეცეთ და თავად გადაწყვიტონ ელექტრონულად ურჩევნიათ ტესტის წერა თუ ფურცლებზე? – მიმინოშვილი გვპასუხობს, რომ ეს ძალიან რთული იქნება. მისი თქმით, სისტემა უნდა აეწყოს ისე, რომ ან პროგრამულად გაასწროს ელექტრონულად მონიშნული პასუხები, ან ფურცლები გასწორდეს.
“შემოდგომაზე ამ თემაზე საუბარს აუცილებლად დავიწყებთ – დავაპირებთ თუ არა აბიტურიენტებისათვის რაიმეს შეთავაზებას 2018 წელს. ამას თავისი სერიოზული პლუსი აქვს და, ვფიქრობ, იმათთვის, ვინც სკეპტიკურადაა განწყობილი, თუნდაც დახურულბოლოიანი დავალებების სრულად ელექტრონული სისტემით დაწერაზე, პასუხი გვაქვს – გასაგებია, შეიძლება შენთვის ეს ცოტა დისკომფორტია, მაგრამ სამწუხაროდ უნარებში პასუხს გამოცდის დამთავრდებისთანავე გაიგებ და არა ივლისის ბოლოს. ეს უდაოდ დიდი პლუსია”, – დასძინა მაია მიმინოშვილმა.