ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მიიჩნევს, რომ შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონპროექტი სრულად ვერ ეხმიანება საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებასთან დაკავშირებით წლების განმალობაში დაგროვილ გამოწვევებს და აუცილებელია მის პარლამენტში წარდგენამდე შეიცვალოს რამდენიმე აუცილებელი საკითხი, – ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
IDFI კანონპროექტით გათვალისწინებულ რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეზე ამახვილებს ყურადღებას:
“თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა მოხდება კანონში მოცემული კოეფიციენტების ცხრილის საშუალებით. საჯარო მოსამსახურეებისთვის (საჯარო მოხელე, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები), მუნიციპალური საჯარო მოხელეებისთვის და სახელმწიფო მოსამსახურეებისთვის (პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, მთავარი პროკურორი და ა.შ) მოცემულია განსხვავებული კატეგორიების ცხრილები, რომელთა საბაზო თანამდებობრივ სარგოზე გამრავლების შედეგადაც მოხდება თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა;
– ყველა ტიპის მოსამსახურისთვის პრემიების ზღვრული ოდენობა წლის განმავლობაში განისაზღვრა ჯამში წლიური თანამდებობრივი სარგოს 20%-ით;
– იმიჯნება საკლასო და სახელფასო დანამატების ცნებები. სახელფასო დანამატის გაცემა მოხდება კონკრეტული წინაპირობების (ზეგანაკვეთური შრომა, დამატებითი ფუნქციების შესრულება) მიხედვით, ხოლო საკლასო დანამატის გაცემა მოხდება მოხელის კლასის მიხედვით, მისი კლასის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს პროცენტული ოდენობის მიხედვით.
– სახელფასო დანამატის ერთდროული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობისთვის/პოზიციისთვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ერთი ხელფასს, ხოლო წლის მანძილზე მიღებული მთლიანი სახელფასო დანამატი, თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს. გამონაკლისს წარმოადგენენ ის სახელმწიფო მოსამსახურეები, რომლებსაც არ ჰყავთ ზემდგომი თანამდებობის პირი/ორგანო (მთავარი პროკურორი, გენერალური აუდიტორი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ა.შ.) – ასეთ შემთხვევებში დანამატის რაოდენობის და მათი გაცემის სიხშირის განსაზღვრის უფლება აქვს თავად ამ სახელმწიფო მოსამსახურეს;
– ანაზღაურების სისტემის მარეგულირებელი კანონმდებლობა არ გავრცელდება კანონპროექტში გამონაკლისის სახით ჩამოთვლილ უწყებებზე და პოზიციებზე/თანამდებობებზე.
IDFI მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი რამდენიმე ძირითად ხარვეზს შეიცავს, კერძოდ:
კანონის მოქმედების სფერო:
შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, ახალი კანონის გავრცელება არ არის დაგეგმილი სხვადასხვა უწყებების სპეციალური ან სამხედრო წოდების მოსამსახურეებზე, პროკურატურის მუშაკებზე, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მოსამსახურეებზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მოსამსახურეებზე და ა.შ.. IDFI მიიჩნევს, რომ კანონის მოქმედების სფეროდან გამონაკლისების დაწესება არ არის მიზანშეწონილი, რადგან აღნიშნული პრაქტიკა წინააღმდეგობაში მოდის საჯარო სამსახურის ერთიანობის პრინციპთან.
კოეფიციენტების ახალი სისტემა:
შემოთავაზებული კანონპროექტის ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეს სხვადასხვა რანგის მიხედვით მოცემული კოეფიციენტების სისტემაა, რომლის კატეგორიებიც 1-დან 10-მდემერყეობს. მაგალითად, თუ ფინანსთა სამინისტროს მიერ საბაზო თანამდებობრივ სარგოდ 1000 ლარი განისაზღვრა, ერთი და იგივე კლასის მოხელის სარგო შესაძლებელია იყოს 2,000 ლარი, 2,500 ლარი, 5,000, თუმცა არაუმეტეს 6,000 ლარისა. სარგოს რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ კატეგორიაში მოხვდება აღნიშნული მოხელე. ამ სისტემის გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ არ არის განსაზღვრული რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა მოხდეს მოხელისთვის კონკრეტული კატეგორიის მინიჭება, ხოლო კოეფიციენტის განსაზღვრა დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მოხდება. IDFI მნიშვნელოვნად მიიჩნევს სახელფასო კოეფიციენტების კატეგორიების კონკრეტული წინაპირობების მიხედვით განსაზღვრას, მაგალითად: საჯარო მოხელეთა კლასზე დაყრდნობით. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობდა კარიერულ ზრდაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის დამკვიდრებას და თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ ანაზღაურების სისტემას.
კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია ცალკე კოეფიციენტების ცხრილით, რომელიც 5.00-დან 10.00-მდე მერყეობს. მაგალითისათვის, შემოთავაზებული ცხრილის მიხედვით სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელს შესაძლებელია ჰქონდეს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრზე, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრზე და ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის (მათ შორის პირველ) მოადგილეზე უფრო მაღალი თანამდებობრივი სარგო, რაც IDFI-ს არალოგიკურად და გაუმართლებლად მიაჩნია, რადგან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურება, კორუფციის რისკის შემცირების მიზნებიდან გამომდინარე მაღალი უნდა იყოს.
შემოთავაზებულ კანონპროექტში განსხვავებები ასევე გვხვდება მსგავსი ტიპის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივ სარგოებს შორის. მაგალითად, საქართველოს მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი არის 8.50, მაშინ როდესაც ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრისთვის მოცემული კოეფიციენტი 6.0-ს შეადგენს. IDFI-ის რეკომენდაციაა შემცირდეს განსხვავება საქართველოს და ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტებში, რადგან ისინი არსობრივად ერთნაირი ტიპის თანამდებობებს წარმოადგენენ”, _ ნათქვამია IDFI-ს განცხადებაში.