გურიის გუბერნატორის ოფიციალური მოწვევით და საკონსულტაციო კომპანია “ბრენდორ ქონსალთინგის” ორგანიზებით, გურიის რეგიონის მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 7-დან 13 სექტემბრის ჩათვლით, პროფესორ ჰარალდ ფეჰლანერის და ჰანეს თეესის ხელმძღვანელობით, გურიის რეგიონს ეწვევა 20 ეკონომ-გეოგრაფი მაგისტრატურის სტუდენტი ინგოლშტადტის (გერმანია) უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტიდან.
სტუდენტები სადიპლომო ნაშრომის ფარგლებში ადგილზე განახორციელებენ რეგიონში ტურისტული ადგილების პოტენციალის პირველად კვლევას ოთხივე მუნიციპალიტეტში.
აღნიშნული კვლევის შედეგები ღირებული იქნება რეგიონის მდგრადი ტურიზმის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებისთვის. კვლევის ეტაპზე შეხვედრები გაიმართება ადგილობრივი სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო სექტორთან, სამეცნიერო წრეების, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან, შემოქმედის ეპარქიის სასულიერო პირებთან, მედიასთან და მოსახლეობასთან.
აღსანიშნავია, რომ პროფესორი ჰარალდ ფეჰლანერი გახლავთ ტურიზმის სამეცნიერო ექსპერტების საერთაშორისო ასოციაციის AIEST-ის პრეზიდენტი და მისი თაოსნობით განხორციელებულია ტურიზმის, რეგიონალური განვითარებისა და მართვის უამრავი სამეცნიერო კვლევა წამყვანი კვლევითი ცენტრის – Eurac Research-ის (www.eurac.edu), ინგოლშტადტის უნივერსიტეტის (www.ku.de) და მსოფლიოში ტურიზმის ექსპერტების პირველი სამეცნიერო ასოციაციის (www.aiest.org) ფარგლებში.
ნიშანდობლივია, რომ გურიაში ვიზიტამდე პირველად საქართველოში, თბილისში ჩატარდება ტურიზმის სამეცნიერო ექსპერტების საერთაშორისო ასოციაცია AIEST-ის 2 დღიანი კონფერენცია, რომელსაც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებიან დელეგატები.