ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, ისევე, როგორც თითქმის მთელ გურიაში, სიმინდის ყანებს, აზიურ ფაროსანასთან ერთად, ზოგან ხვატარიც ისე უტევს, რომ ყანები თითქმის განადგურებულია. აქ, სოფლის მცხოვრებთა ერთი ჯგუფი, საკუთარი ინიციატივით გავიდა სიმინდის ყანებში და როგორც თავისი, ისე მეზობლების ყანები, ყოველგვარი ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე, „ზონდერის“ ხსნარით დაამუშავეს.
_ ძალიან კარგია, როცა ადამიანი თავად იჩენს ინიციატივას და სხვას არ ელოდება ყანის თუ ხეხილოვანთა პლანტაციების შესაწამლად. არავინ ელოდა, ისეთი სასტიკი მავნებელი გვიტევს. ჩვენ მოგვმართეს ავთანდილ კალანდაძემ, როლანდ ქიმუცაძემ და ავთანდილ ცინარიძემ. სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურიდან სოლო აპარატი და წამალი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოგვაწოდეს. მთავარია, ყველამ გამოიჩინოს ინიციატივა და სამი ან ხუთი კაცი მარტო არ აქტიურობდეს, _ გვითხრა სოფელ ჭანიეთის გამგებელმა მერაბ ბერაძემ.
საყანე ფართობში, სადაც ხვატარისგან თითქმის სრულიად განადგურებულია სიმინდის მოსავალი, მატლებით სავსე ნიადაგის ზედაპირიც საგულდაგულოდ დაამუშავეს „ზონდერის“ ხსნარით, რადგან მავნებელი უკვე დასაჭუპრებლად მიწის სიღრმისკენ იწევს. დანარჩენ ყანებში, სამკაციანმა ჯგუფმა, სიმინდის ჰექტარ-ნახევრამდე ფართობი შეწამლა, რაც დღის განმავლობაში მოხერხდა.
_ ყველამ გამოიღვიძეთ და გამოდით გარეთ, ჩვენ მოცლილები არ ვართ. მთავრობამ მოგვაწოდა შესაწამლი აპარატი, წამალი. ხელი გააქანონ, სჯობს და ზოგი რამ საკუთარ თავსაც დააბრალონ. ამეტირა კაცს, ეს რა ხდება, ორნაირი მავნებლისგან განადგურებული ყანა, მუშა კაცისთვის და ადამიანისთვის, დასანახად გულისმომკვლელია, _ გვითხრა ჭანიეთის მცხოვრებმა როლანდ ქიმუცაძემ.