გურიაში ძალიან პოპულარული ყოფილა დღეს მივიწყებული ხალხური თამაშობა ჭაკუნობა. ის ჩამოჰგავს ბალახის ჰოკეის, სადაც მონაწილეობს ორი გუნდი. მოთამაშეთა მიზანია ჭაკუნებით (ჩოგნებით), ბურთის მეტოქის ლელოში გატანა.
ჭაკუნობის შესახებ პირველი წერილობითი ცნობები XIX საუკუნის 10-20-იანი თარიღდება. გურიაში გამართულ ბაზრობაზე იმართებოდა ,,ბურთაობა, ჯირითობა, ჭაკუნობა, ბაწარზე ხტომა თუ კაცზე გადახტომა და სხვა ათასი რაცხა…” გურიის ყოველ სოფელს თუ მის უბანს შერჩეული ჰქონდა გარკვეული სათამაშო მოედანი. სათამაშოდ ირჩევდნენ ბალახით დაფარულ ვაკე და მოწმენდილ ადგილს. მაგალითად, ლანჩხუთში ჭაკუნის სათამაშო მოედანი ,,ჟორდანიების მინდვრით” იწყებოდა და ღელესთან თავდებოდა. დაახლოებით 400-500 მეტრზე გაჭიმული მოედნის თავსა და ბოლოში ლელო იყო მონიშნული. აცანაში ჭაკუნობას თამაშობდნენ მოვაკებულ ადგილას, რომელსაც ხალხი ,,ქინქლაისოულს” უწოდებდა. მისი სიგრძე ნახევარ კილომეტრს აღწევდა და ორივე ლელო ამ მოედნის თავსა და ბოლოში ღელეებზე გადადიოდა. ზოგ შემთხვევაში იცოდნენ ,,ლელოს დადება”, ე.ი. ყოველი თამაშის დაწყების წინ დათქმა, თუ სად იქნებოდა მოთავსებული მოთამაშეთა ამ თუ იმ ჯგუფის ლელო. დაახლოებით ასევე იყო გურიის სხვა სოფლებშიც.
თამაშის ძირითადი იარაღი, ჭაკუნი (სიგრძე – 6-7 მტკაველი), ერთგვარი თავკომბალა ან თავმოღუნული ჯოხი, შინდის ან გარეული თხილის ტოტისგან მზადდებოდა (ზოგჯერ ბროწეულსა და თუთასაც იყენებდნენ). თუ მოთამაშე საჭირო მოყვანილობის ტოტს ვერ მიაგნებდა, სწორ ტოტს მოჭრიდა, ბოლოს ცეცხლზე გაუწრთობდა და მოღუნავდა. ამ მდგომარეობაში თოკით დაამაგრებდა, რამდენიმე ხნის შემდეგ თოკს მოხსნიდა და ასე ხელოვნურად მიღებული ბოლომოღუნული ჭაკუნით თამაშს შეუდგებოდა. ზოგიერთი მას დიდმარხვაში იმარაგებდა და იყო შემთხვევები როცა ერთი ,,ჭაკუნით” მოთამაშე რამდენიმე წლის მანძილზე თამაშობდა.
მასალებიდან ირკვევა, რომ ბურთი მუშტისოდენა უნდა ყოფილიყო და მას უმეტესად საქონლის ბეწვისგან ამზადებდნენ: ჯერ თბილ წყალში დაასველებდნენ, დიდხანს ,,ასვარსვალებდნენ” ხელით, კარგად მოთელავდნენ, საჭირო ფორმას მისცემდნენ და მზეზე გაახმობდნენ. საბოლოოდ მიიღებდნენ საკმაოდ მაგარ და ამავე დროს დრეკად ბურთს, რომელიც თავისუფლად უძლებდა ჭაკუნის ძლიერ შემორტყმას. ხანდახან ხმარობდნენ ცაცხვის ან მუხის კუნძისგან, წიფლის სოკოსგან გამოთლილ, გამოხარშულ ბურთსაც. იშვიათ შემთხვევაში ბურთს ჩვრებისაგან ამზადებდნენ, მას გარედან ტყავი ჰქონდა გადაკრული. ბურთის ნაცვლად აქა-იქ სათანადო ზომის ქვასაც ხმარობდნენ.
გუნდის წევრთა ზუსტი რაოდენობა, ასაკი და თამაშის ხანგრძლივობა წესებით განსაზღვრული არ იყო. ამ მხრივ გურიაში ცნობათა სიჭრელე შეინიშნება. ზოგ შემთხვევაში მოთამაშეთა საშუალო ასაკი განისაზღვრებოდა 15-20 წლით, ზოგან 35-40 წლით. ასევე იყო მოთამაშეთა რაოდენობის შესახებ. ზოგან მოთამაშეთა რიცხვი 10-15-ს არ აღემატებოდა, ზოგჯერ კი ეს რაოდენობა ორმაგდებოდა.
თამაში იწყებოდა ბურთის აგდებით მოედნის შუა ადგილას. თამაში შეზღუდული არ იყო არც დროით და არც გატანილი ბურთების რაოდენობით – თამაშობდნენ დაღლამდე, დაღამებამდე ან წინასწარ დათქმული რაოდენობის ლელოს გატანამდე.
ლანჩხუთში ზემოთ დასახელებულ ,,ჟორდანიების მინდორსა” და ,,ბაზრის ღელეს” შორის მოედანზე თამაში შემდეგი წესით მიმდინარეობდა: ხოფერიები და მათი მომხრეები, რომლებიც ქვედა ლელოს რაიონში ცხოვრობდნენ და ,,ქვედოურებად” იწოდებოდნენ, თამაში დაწყებისთანავე ზევიდან მოექცეოდნენ მოედანს და ცდილობდნენ ბურთი თავის ლელოში გაეტანათ, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ,,თავის ოჯახში ცდილობდნენ ბურთის შეტანას”. ჟორდანიები, რომლებიც ზედა ლელოს რაიონში ბინადრობდნენ და ამის გამო ,,ზედოურებად” ითვლებოდნენ, ქვევიდან უტევდნენ ბურთს და თავისი ლელოსკენ მიიწევდნენ.
თურმე გამარჯვების მოპოვება ორნაირი გზით იყო შესაძლებელი: ერთ შემთხვევაში გამარჯვებულად ითვლებოდა ის გუნდი, რომელიც თავის ლელოზე გაიტანდა ბურთს, მეორე შემთხვევაში კი თუ მეტოქეს ლელოზე გაიტანდა. რადგან წესის მიხედვით ბურთის ხელში დაჭერა არ შეიძლებოდა, ამიტომ საკმაოდ ძნელი ყოფილა ჭაკუნით ბურთის ჰაერში დაჭერა და მეორე მოთამაშესთვის გადაცემა. ამის დიდოსტატები ყოფილან კაპიტონ ლომთათიძე, გიორგი ჯაში…
აპოლონ წულაძის თქმით, თამაში ითხოვდა მეტისმეტ სიფრთხილეს, სიმარდეს, თვალმჭრელობას. შეიძლება ხის მაგარი ბურთი მუხლს ქვემოთ კოჭებში მოგხვდეს, ფეხი დაგიზიანოს და მოთამაშეთა ,,მწყობრიდან გამოგიყვანოს”, კი არ მოგკლას, მაგრამ მაგრად გაგკენწლოს. გამარჯვებად ითვლება არა მარტო ლელოს გატანა, არამედ ისიც, თუ რომელ მხრიდან რამდენი ,,კოჭამოგდებულია”.
გურიაში ქალები ჭაკუნობას მხოლოდ აქა-იქ, გამონაკლისის სახით თუ მისდევდნენ. გავრცელებული ყოფილა აგრეთვე ე. წ. შერეული ჭაკუნობა: ერთი გუნდი ჭაკუნით თამაშობდა, მეორე _ ფეხით. როგორც კი რომელიმე მხარე ლელოს გაიტანდა, როლები იცვლებოდა – ჭაკუნით მოთამაშენი იარაღს მეტოქეს გადასცემდნენ, თავად კი ფეხით თამაშზე გადადიოდნენ.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ქველი ჩხატარაიშვილი, გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, ,,მეცნიერება», თბილისი, 1985.
2. ალ. რობაქიძე, ქართული ხალხური სპორტის შესახებ, თბილისი, 1955.
3. მასალები გურიის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, გამომცემლობა ,,მეცნიერება”, თბილისი, 1980.
4. აპოლონ წულაძე, ეთნოგრაფიული გურია, თბილისი, 2009.
5. Мамаладзе Т., Народные обычаи и поверья гурийцев. – СМОМПК. Вып. XVII, Тифлис, 1893 г.