არასამთავრობოებმა შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებით ალტერნატიული ანგარიში წარადგინეს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათ უფლებებზე მომუშავე 17-მა ორგანიზაციამ გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ ერთობლივი ალტერნატიული ანგარიში წარადგინეს.
წარდგენილი ანგარიში საქართველოს მიერ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირებიდან 2 წლიან პერიოდს მოიცავს. კერძოდ, შეფასებულია საქართველოს პროგრესი და მასში ამ დროისთვის არსებულ მთავარ გამოწვევებსა და პრობლემებზეცაა საუბარი.
ალტერნატიული ანგარიში აანალიზებს ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოს, სახელმწიფო პოლიტიკასა და პრაქტიკას კონვენციის ყველა ძირითად მუხლთან მიმართებით. ანგარიშში ასევე მოცემულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომაროების გაუმჯობესების მიზნით კონკრეტული რეკომენდაციები კონვენციით დაცულ თითოეულ სფეროსთან მიმართებით. “ანგარიშის წარმდგენი ორგანიზაციები იმედს გამოვთქვამთ, რომ კომიტეტი გაითვალისწინებს მათ საქართველოსადმი გაცემულ რეკომენდაციებში”, _ ნათქვამია განცხადებაში.
ანგარიშის მომზადებისას საჯარო დაწესებულებების მხრიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაცია, ორგანიზაციების კვლევითი დოკუმენტები, საკითხთან დაკავშირებული მეორედი წყაროები, შეზღუდული შესაძლებლობს მქონე პირთა თემთან/მათ მშობლებთან ჩატარებული ფოკუს ჯგუფებისა და ინდივიდუალური შეხვედრების შედეგები გამოიყენეს.
აღსანიშნავია, რომ გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 26 დეკემბერს მოახდინა და ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტია.