ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულ გოჩა გაფრინდაშვილის სისხლის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
ბრალდების მხარემ დღეს, ბოლო მტკიცებულება გამოაქვეყნა, სასამართლოში სკაიპით მოხდა დაზარალებულის გია კილანავას ჩართვა.
ცნობისთვის, 2017 წლის 12 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ცენტრალურ გზაზე ინციდენტი მოხდა _ ბახვიჰესის წარმომადგენელს გია კილანავას რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. კილანავას რამდენიმე მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესაც უმძიმესია და სამართალდამცავების მიერ მისი დაკითხვა დღემდე ვერ ხერხდებოდა. შესაბამისად, მას ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება დღემდე არ ჰქონდა მიცემული.
პროკურორის მიერ დასმულ შეკითხვაზე, იცნობს თუ არა ბრალდებულ გოჩა გაფრინდაშვილს, რა მოხდა იმ დღეს, როცა ის დაჭრეს, სად იმყოფებოდა 2017 წლის 12 თებერვალს, _ დაზარალებული პასუხობდა, რომ ის 21 დღე სასუნთქ აპარატზე იმყოფებოდა შეერთებული, ამიტომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ახსოვს იცნობს თუ არა აღნიშნულ პიროვნებას, ხოლო რაც შეეხება მისი დაჭრის ფაქტს, არ ახსოვს, რა მოხდა.
ბრალდებულის უფლებების დამცველმა ვასილ მამულაიშვილმა დაზარალებულს ასევე მიმართა, რომ ლანჩხუთის პოლიციის უფროსის მიერ მისი გამოკითხვა შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს, რაზეც კილანავამ უპასუხა, რომ ის 28 თებერვალს, სწორედ იმ დღეს კომაში იმყოფებოდა, ამიტომ არ ახსოვს და არ იცის, რა ჩვენება მისცა სასამართლოს ნუკრი ცარციძემ.
აღნიშნული სასამართლო პროცესი ხვალ 13 საათზე ჩაინიშნა, სადაც ბრალდებულის უფლებების დამცველი საბოლოო სიტყვას იტყვის.
ამავე თემაზე: ვინ დაჭრა ბახვი-ჰესის თანამშრომელი
პოლიციას „ოქროს მოწმეზე“ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებენ