“დეკანოზი გიორგი მამალაძე იგივე შემართებით ბრძოლას აპირებს და უკან არ დაიხევს”- ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა განაცხადა.
გიორგი ფანცულაიას თქმით, სასამართლომ დეკანოზთან დაკავშირებით უღირსი გადაწყვეტილება მიიღო.
“ისევე როგორც ჩვენ, დეკანოზი გიორგი მამალაძე იმედს იტოვებდა, რომ სასამართლო არ მოექცეოდა გავლენების ქვეშ, რის გამოც უღირსი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მიუხედავად ყველაფრისა, მისი დაკავებიდან დღემდე რა ხდებოდა, მაინც გვეგონა, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა. კიდევ უფრო მეტი აბსურდია, მუხლის გადაკვალიფიცირება – თუ ანგარება არ ჰქონდა დეკანოზს, მაშინ მანიაკი იყო და მისდევდა მოსაკლავად თუ რა მოტივი ჰქონდა. შესაბამისად, თავიდან ბოლომდე რჩება ძველ პოზიციაზე, აპირებს ბრძოლას”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ ესწრებოდა. მოსამართლემ დეკანოზს ანგარებით მკვლელობის ბრალდება მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.
საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.