ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ამერიკაში მოღვაწე დეკანოზმა კონსტანტინე პაიჭაძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ალასკის შტატის, კუნძულ კოდიაკზე მიმდინარე ქორწილია აღბეჭდილი, სადაც სიძე-პატარძალი ქართულ სიმღერას _ ,,მივალ გურიაში მარა”, ასრულებენ.
ვიდეო იმდენად საინტერესოა, რომ გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით მამა კონსტანტინეს და თავად მოეთხრო ამის შესახებ.
_ ჩვენი წინა ინტერვიუს დროს, თქვენ ლოს ანჯელესის წმიდა ნიკოლოზის სამრევლოში მსახურობდით, ამჟამად, როგორც შევიტყვეთ, სხვა შტატში გადასულხართ. მოგვიყევით ამ ცვლილების და ახალი სამოღვაწეო ადგილის შესახებ.
_ დიახ, ჩვენი წინა შეხვედრისას, ლოს ანჯელესის წმიდა ნიკოლოზის სამრევლოს წინამძღვარი ვიყავი. ერთი თვეა, რაც ალასკის შტატის, კუნძულ კოდიაკზე გადმოვედი წმიდა იოანე სანფრანცისკოელის სახელობის ეკლესიაში.
როცა ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია შეიქმნა, მისი მმართველი მღვდელმთავრის დაქვემდებარებაში შევიდა კონტინენტზე არსებული ყველა ქართული სამრევლო. რადგან ეპარქია ახალშექმნილია, ყოველი ახალი სამრევლოს გახსნა, ან რომელიმე უკვე არსებული სამრევლოს ჩვენს იურისდიქციაში გადმოსვლა გარკვეულ სამღვდელო ცვლილებებს იწვევს. ასე იყო ამჟამადაც.
_ ზოგადი წარმოდგენისთვის, იქნებ მოგვიყვეთ, სამრევლო, სადაც ამჟამად მოღვაწეობთ, თქვენ მიერ დაარსდა თუ შემოუერთდა საქართველოს ეკლესიას და ცხოვრობენ თუ არა კუნძულზე ქართველები?
_ კუნძული კოდიაკი, ალასკის შტატის სამხრეთით მდებარეობს, იგი სიდიდით მეორეა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო არქიპელაგის უდიდესი კუნძულია და 50-ე ადგილზეა მსოფლიოში. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ალუტიკებია, რომლებსაც ხშირად ესკიმოსებადაც მოიხსენებენ. კუნძულის მოსახლეობის ძირითად საქმიანობა თევზაობა, ნადირობა და ხე-ტყის დამზადებაა, ასევე, ისტორიულად მათი საქმიანობა იყო ვეშაპებზე ნადირობა.
კუნძულზე, 1998 წელს, ბულგარეთის ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ დაარსდა სამრევლო და მასთან ერთად წმიდა ინოკენტის სახელობის აკადემია. საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობს აქაური სამრევლოს წევრები, ისინი მოდიან ქვეყნის სხვადასხვა შტატებიდან და როგორც პირველქრისტიანული თემები, ერთად ცხოვრობენ. ძირითადი სამრევლო ახალგაზრდებისგან შედგება, რომლებმაც სულის ცხონებისთვის აირჩიეს დამკვიდრებულიყვნენ კუნძულზე. ყოველივე ზემოთქმულის სულის ჩამდგმელი და ხელმძღვანელია როგორც აქ, სიყვარულით ეძახიან ,,მამა” პაისი. რომელიც თავის მეუღლე ,,მატუშკა” მარიასთან ერთად ნამდვილ დედ-მამობას უწევენ აქ ჩამოსულ ახალგაზრდებს. საოცრად მზრუნველი, მოამაგე და მოსიყვარულე ოჯახია. ძალ-ღონეს არ იშურებენ თითოეული მადგანის უკეთესი ცხოვრებისათვის, რაშიც თავად დავრწმუნდი, რა მზრუნველობით გადაიხადეს მათი ,,შვილობილების” ქორწილი.
2015 წელს, მათ სურვილი გამოთქვეს ბულგარეთის იურისდიქციიდან გამოყოფის შემდეგ გამხდარიყვნენ საქართველოს ეკლესიის წევრები. წმიდა იოანე სანფრანცისკოელის სამრევლო ოფიციალურად იქნა მიღებული საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში.
_ რატომ აირჩიეს მათ საქართველო და არა რომელიმე სხვა ქვეყნის ეკლესია?
_ ,,მამა” პაისის და მთლიანად სამრევლოს, ახლო და ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებთ საქართველოსთან. თითოეული მათგანი რამდენჯერმეა ნამყოფი საქართველოში. იცნობენ ქართულ კულტურას, უყვართ საქართველო და ყველაფერს სწავლობენ მის შესახებ.
ამიტომ, როცა მათ დაუდგათ საჭიროება იურისდიქციის არჩევისა მათ მიმართეს, ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მღვდელმთავარს, მეუბე საბას (ინწკირველი) და მისი ლოცვა კურთხევით და ღვაწლით მოხდა მათი ჩვენს იურისდიქციაში გადმოსვლა.
იმდენად უქვართ საქართველო და ქართული კულტურა, მთხოვეს, მათთვის ქართული ენა მესწავლებინა და ვატარებ ქართულის გაკვეთილებს.
_ ახლა უშუალოდ ქორწილის შესახებ მოგვიყევით…
_ გაბრიელის და ტაბითას ქორწილი 3 სექტემბერს ჩატარდა. გაბრიელი ევროპელია, ჰოლანდიიდანა და ის რამდენიმე წელია აკადემიის წევრია, ხოლო ტაბითა კალიფორნიის შტატიდანაა. მათ აქ გაიცნეს ერთმანეთი. უნდა აღინიშნოს, რომ აკადემიელების მიერ შექმნილი ეს უკვე მეთხუთმეტე ოჯახია, რომელიც აქ კუნძულზე ცხოვრობს და ყოველ მათგანს 4-5 შვილი ჰყავს. როცა რომელიმე წყვილი ,,მამა” პაისს გაუმხელს ერთმანეთისადმი გრძნობებს, მათ ეძლევათ უფლება, ერთად აკეთონ საქმე, იყვნენ სულიერი მეგობრები კიდევ უფრო მეტად, ყოველგვარი ხორციელისგან შორს, რათა უკეთ გაიცნონ ერთმანეთი. ერთი წლის შემდეგ ისინი ქორწინდებიან. მათი ასეთი დამოკიდებულება კი იძლევა ერთმანეთის უკეთ გაცნობის საშუალებას, რაც მტკიცე ოჯახის საწინდარი და საფუძველია. ამის შედეგია მათი მრავალშვილიანობაც.
ასე იყო გაბრიელის და ტაბითას შემთხვევაშიც. საოცარი განცდა იყო საქორწინო სამზადისი, როგორც საკუთარი დის და ძმის ქორწილს, ასე უყურებდნენ და ირჯებოდნენ აკადემიელები. მოამზადეს სპექტაკლი, შესრულდა მრავალი სიმღერა, მათ შორის ქართულიც მრავლად იყო. უკრავდა ბენდი მათივე მონაწილეობით. მოკლედ ნამდვილი დღესასწაული იყო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქორწილში ალკოჰოლიანი სასმელების გარეშე ჩაიარა.
_ ჯვრისწერის საიდუმლო ქართულად შესრულდა?
_ გაბრიელის მამა, მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფი ამსტერდამის ერთ-ერთი ეკლესიის მსახური მამა იოსებია. რა თქმა უნდა, ჯვრისწერის საიდუმლო, რადგან საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ აღესრულა, ძირითადად, ქართულის უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, ერთობლივად ვმსახურებით მე და მამა იოსები.
_ უახლესი გეგმები რა გაქვთ, მამაო, ალბათ, არც ისე იოლია კუნძულზე ცხოვრება და მით უფრო ალასკის კლიმატი…
_ რა თქმა უნდა, იოლი არსად არაა ცხოვრება, მით უფრო, სამშობლოდან და ოჯახიდან შორს. მაგრამ თუ ცხოვრებით ვიქნებით ქრისტესთან, მაშინ ყველგან და ყველაფერი იოლია, თუ არადა, მის გარეშე ყველგან ძნელია და ყველაფერი არაფერია. უახლოესი გეგმებია ვასწავლო მათ ქართული და თავად უკეთესად ვისწავლო ინგლისური. ამჟამად წირვას, ძირითადად, ქართულად და გარკვეულ ნაწილს ინგლისურად ვატარებ, გზადაგზა კიდევ მეტი და მეტადაა საჭირო საკუთარ თავზე შრომა.
რაც შეეხება კლიმატს, აქ, ძირითადად, წელიწადის ორი დროა ზაფხული და ზამთარი, უკვე საკმაოდ აცივდა, წვიმს და ნისლია. ჰაერი და ბუნება ძალიან წააგავს ჩვენი ბახმაროს კლიმატს, ნაძვნარითა და ნისლით. რადგან კუნძული კონტინენტიდან უფრო სამხრეთითაა, აქ შედარებით დაბალია ტემპერატურა და უფრო თბილა, ვიდრე თავად კონტინენტზე.
_ წარმატებებს, საინტერესო და შედეგიან მსახურებას გისურვებთ…
_ მადლობა. წარმატებებს ვუსურვებ “გურია ნიუსს” და მთელ მის გუნდს, არასდროს მოგკლებოდეთ მკითხველი და თქვენი საქმის დამფასებელი ადამიანები.
ამავე თემაზე: ამერიკელი სიძე-პატარძლის შესრულებული “მივალ გურიაში მარა”