გუთური სოფელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 140 მეტრზე.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 880 ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის 430 ქალია, ხოლო 450 მამაკაცი.
ისტორიული წყაროების მიხედვით, სოფელი დასახლებული იყო გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანიდან, რაც დასტურდება სუფსა-ოსკოჯურის შუამდინარეთში აღმოჩენილი გუთურის განძებით.
უფრო კონკრეტულად ეს არის ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის დასაწყისის კოლხური კულტურის არქეოლოგიური ძეგლები.
პირველი განძი აღმოჩნდა 1930 წელს, შეიცავს ბრინჯაოს 6 თოხს; მეორე _ 1968 წელს, შედგება ბრინჯაოს 29 თოხისა და ბრინჯაოს ზოდებისაგან, მესამე განძი აღმოჩნდა სოფელ ჯვარცხმაში და შედგება ბრინჯაოს კოლხური ცულისა და 2 თოხისგან. განძი ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული.
გუთური ერგეს (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ერკეთისა და ქვემო ერკეთის ძველი სახელწოდება. ამჟამად ერკეთი წარმოადგენს თემს, რომელშიც გაერთიანებულია სოფლები: ქვემო ერკეთი, ზემო ერკეთი, შუბანი, ქვემო ონჭიქეთი და ზემო ონჭიქეთი.) ნაწილს წარმოადგენდა.
გუთური კოლხთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამოსახლარად მიიჩნევა. აქ დადასტურებულია გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის წარმოება.
ამ სოფელში დაიბადნენ პოეტი ზაურ ბოლქვაძე და ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე.