„ქართული ოცნების“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატის ირაკლი კუჭავას საარჩევნო ბანერთან გამართულ აქციაზე რამდენიმე ჩოხატაურელმა მმართველ პარტიას კანდიდატის შეცვლა მოსთხოვა:
„ირაკლი კუჭავას კანდიდატობით „ქართული ოცნება“ დარჩება წაგებული და ეს ძალიან გვაწუხებს. ყველა აქ მყოფი პირი „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს და ჩვენთვის სულ ერთი არ არის რაც ხდება. 4 წელი იყო ირაკლი კუჭავა გამგებელი და მას არაფერი გაუკეთებია ამ რაიონისთვის.
მას არ უბრძოლია „ნაციონალური რეჟიმის“ წინააღმდეგ. 2014 მოულოდნელად გახდა კანდიდატი და როცა ვკითხეთ რა დამსახურებით, გვიპასუხა, რომ თურმე იატაკქვეშ მუშაობდა. სად იყო ეს იატაკი? _ ვის და რატომ ატყვილებს. ჩოხატაური პატარა რაიონია და ყველამ იცის სიმართლე. სწორედ ამიტომ არის ხალხი გაბრაზებული.
სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას აქციის მონაწილე გოჩა თოდრიამ, რომელიც ჩოხატაურის საკრებულოში სოფელ ხევის მაჟორიტარი დეპუტატია კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ (კონსერვატორების კვოტით), თუმცა, წელს მისი კანდიდატურა აღარ დააყენეს.
თოდრია ამბობს, რომ აქციაზე გამოსვლა განაწყენებასთან არაფერ შუაშია:
_ იმის გამო არ ვარ გაბრაზებული, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხევში მე არ დამაყენა კანდიდატად. განაწყენებული იმის გამო ვარ, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს კუჭავა იბრალებს, მაშინ როცა არაფრის გამკეთებელი არ არის. განაწყენებული იმის გამო ვარ, რომ ჩოხატაურისთვის ამ ოთხი წლის განმავლობაში გამგებელს არაფერი გაუკეთებია, _ გვითხრა თოდრიამ, რომელიც ახლა ხევის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატია:
მისივე თქმით, წლების წინ „ნაციონალურ მოძრაობას“ ღიად დაუპირისპირდა და უსამართლობასთან ბრძოლის არც ახლა ეშინია:
„მე სუფთა ადამიანი ვარ. არაფერი “მკიდია ზურგზე“ და არაფრის მეშინია. როგორც მაშინ დავუპირისპირდი უსამართლობაც, როცა თურმე ირაკლი კუჭავა „იატაკქვეშ მუშაობდა“ , ახლაც ისევ დავუპირისპირდები. მე ყოველდღე დავდივარ ხალხში, ვხდები ჩემს ამომრჩეველს და როცა ვთხოვ, რომ მხარი დაუჭირონ ქართულ ოცნებას და მის კანდიდატს, მეუბნებიან, რომ არა. ხალხი არ მალავს განაწყენებას. კუჭავას შეცვლა ერთი და ორი კაცის მოთხოვნა კი არა, ჩოხატაურელების მოთხოვნაა და ეს უნდა გაითვალისწინოს „ქართულმა ოცნებას“, _ თქვა „გურია ნიუსთან“ საუბრისას გოჩა თოდრიამ.
აქციის მონაწილეების თქმით, თუ მმართველი პარტია მათ მოთხოვნას არ შეასრულებს და კანდიდატს არ შეცვლის, აქციები კვლავ გაიმართება და უფრო მაშტაბურ სახეს მიიღებს.
ირაკლი კუჭავა კი ამბობს, რომ მათი მოთხოვნა აბსურდულია:
„15 კაცის შეკრებას ავტომობილის პარკირების ადგილზე აქციას ვერ დავარქმევ. როგორც ვიცი, იქ იყვნენ ოპოზიციური პარტიის ზოგიერთი კანდიდატის ოჯახის წევრები და „კონსერვატიული პარტიის“ განაწყენებული წევრი გოჩა თოდრია. მათი მხრიდან კანდიდატის შეცვლის მოთხოვნა აბსურდულია _ ოპოზიციური პარტიები სთხოვენ ხელისუფლებას შეცვალონ ძლიერი კანდიდატი სუსტით, რომ იქნებ რაიმე შანსი გაუჩნდეთ.
მინდა დავამშვიდო ისინი და ვუთხრა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ძლიერი მერობის კანდიდატი, ჩოხატაურს ჰყავს „ქართული ოცნების“ ძლიერი გუნდი. ჩვენ გავიმარჯვებთ პირველ ტურში დიდი უპირატესობით და ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად გავაგრძელებთ წინსვლას, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ირაკლი კუჭავამ.