7 სექტემბერს თბილისში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა თემაზე: „ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის შეფასება“. კონფერენციის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების სტანდარტების მონიტორინგი და სერვისების გაუმჯობესების ეფექტური მექანიზმების შემუშავება.
კონფერენციაში მონაწილეობენ ფსიქიატრიის დარგის ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ადვოკატები, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი ფსიქიკური ჯანდაცვის სათემო, ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების ხარისხის უზრუნველყოფის სამუშაო ჯგუფი.
კონფერენცია იმართება პროექტის „ფსიქიკური ჯანდაცვის სტაციონარული, ამბულატორიული და სათემო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმის შექმნა“ ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ და ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებენ.