საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საზღვრის გარღვევას უარყოფს და აცხადებს, რომ „ხელში აიტაცეს და საზღვარი ისე გადაატარეს“.
„ეს უკრაინის ხალხმა გააკეთა“ – განაცხადა სააკაშვილმა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ლვოვში შუადღემდე დარჩება.
„უნიანის“ ცნობით, დღის პირველ ნახევარში დაგეგმილია მისი პრესკონფერენცია მედიისთვის.
როგორც ლვოვის მერმა ანდრეი სადოვმა NewsOne-ის ეთერში საუბრისას განაცხადა, ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მხარდამჭერებთან ერთად, კიევში გამგზავრებას გეგმავს.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა.
1tv.ge