ჩვენს ირგვლივ ბევრს მოსწონს და უყვარს აკვარიუმი, თუმცა, ზოგი მიიჩნევს, რომ აუცილებელი სულაც არ არის თევზებიან აკვარიუმში წყალმცენარე.
მცენარეების მოთავსება აკვარიუმში ძალზე კარგია ყველანაირი თვალსაზრისით. ისინი ითვისებენ ცხოველების მიერ გამოყოფილ ნახშირმჟავა გაზს და გამოყოფენ ცხოველებისთვის საჭირო ჟანგბადს.
წყალმცენარეთა წარმატებით ზრდისთვის აუცილებელია სინათლე. წყალი უნდა იყოს რბილი და სუფთა. უმჯობესია მდინარის წყალი ვიხმაროთ, ვიდრე წყაროსი. წყაროს წყალში ბევრია მარილები. აკვარიუმის წყალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ოთახის ტემპერატურა, რისთვისაც წინა ღამით უნდა იდგეს ოთახში, ხოლო შემდეგ ჩაისხას აკვარიუმში.
განვიხილოთ რამდენიმე წყალმცენარე, რომელიც გამოგადგებათ თქვენს საოჯახო აკვარიუმში: ელოდეა ყველაზე გავრცელებული წყლის მცენარეა, ძალიან ალამაზებს აკვარიუმს და მშვენივრად ამდიდრებს წყალს ჟანგბადით. უყვარს სუფთა, გამჭვირვალე წყალი. ოდნავადაც რომ იყოს წყალი მღვრიე, ელოდეა აუცილებლად დაიღუპება.
თავიდან ირგვება ქვიშაში, ტოტის უბრალო ჩარჭობით. მრავლდება მხოლოდ ვეგეტაციური წესით, ტოტების საშუალებით. შეიძლება, არც კი ჩაამაგროთ მიწაში და პირდაპირ წყალში ჩააგდოთ. ფესვებს ძალიან მალე გამოუშვებს, რომელიც იქნება წვრილი, გრძელი და ძაფისმაგვარი. ასეთი ფესვებით ის ადვილად მაგრდება ნიადაგში, შემდეგ კი გადავიტანთ აკვარიუმში.
კარგად გავრცელებული წყალმცენარეა ასევე ვალისნერია. ის სააკვარიუმო მცენარეა. აქვს გრძელი, ბაფთისებრი ფოთლები. ძალიან კარგად მრავლდება ვეგეტაციურად, იკეთებს რა პწკალებს, რომლის წვერებზე ვითარდება ახალი ბუჩქები. მას აქვს კარგად განვითარებული ფესვის სიტემა. ნიადაგში დარგვისას საჭიროა ფესვის კარგად და წესიერად ჩაფვლა.
არსებობს სხვა უამრავი წყალმცენარე, თუმცა, ვალისნერია და ელოდეა ყველაზე გავრცელებული და აკვარიუმისთვის ყველაზე გამოსადეგი წყალმცენარეებია. ისინი ყველაზე უკეთ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას _ მოამარაგონ წყალი ჟანგბადით, რომელიც ასე საჭიროა წყლის ცხოველებისთვის, სასუნთქად. ამიტომ, თუ სურვილი გაგიჩნდებათ, რომ აკვარიუმისთვის გქონდეთ წყალმცენარეები, მიმართეთ ამ ორ სახეობას.
ისე კი, არის არანაკლებ ლამაზი და აკვარიუმისთვის გამოსადეგი წყალმცენარეები: ლუდვიგია, რქაფოთოლა, წყალსანთელა, ციპერუსი, ოთხყურა. საუკეთესოა წყალზევითა ბაია. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, იკითხოთ მეაკვარიუმეებთან ან უბრალოდ, გაიკითხოთ. წყალმცენარეების შოვნა ძნელი არ არის. მთავარია, კარგად მოვუაროთ.