“პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი შოთა გოგიბერიძე იქნება. ეს ინფორმაცია თავად გოგიბერიძემ “გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს დაადასტურა.
მერობის კანდიდატს წინასაარჩევნო შეხვედრა ჯერ არ დაუწყია: “საარჩევნი კალენდარის მიხედვით ვიმუშავებთ. ჯერ მოხდება დარეგისტრირება და შემდეგ დავიწყებთ აქტიურ შეხვედრებს ამომრჩეველთან“, _ გვითხრა შოთა გოგიბერიძემ.
დარეგისტრირებამდე შოთა გოგიბერიძე “პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტოს მსვლელობას შეურთდება. შედგება თუ არა საპროტესტო აქცია და მსვლელობა ოზურგეთში, ამასთან დაკავშირებით მას კონკრეტული პასუხი არ აქვს.
“ამ ეტაპზე ცნობილია ბათუმში და თბილისში ჩასატარებელი აქციების თარიღი. მოგვიანებით გაირკვევა, შედგება თუ არა აქცია ოზურგეთში“, _ გვიპასუხა გოგიბერიძემ.
შოთა გოგიბერიძე უკვე მეორედ იყრის კენჭს ოზურგეთის მერობის კანდიდატად. პირველად მან 2013 წელს მიიღო მონაწილეობა და მეორე ტურში “ქართული ოცნების“ კანდიდატთან ბეგლარ სიორიძესთან დამარცხდა. 2016 წელს შოთა გოგიბერიძემ თავისი ძალები საპარლამენტო არჩევნებში მოსინჯა, მაგრამ უშედეგოდ.