შრომითი მიგრაციის პროცესების წარმატებული მონიტორინგის მიზნით, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დღეს ხელი საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ მოაწერეს.
შეთანხმების თანახმად, საზღვარგარეთ შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული ბიზნესსუბიექტების მუდმივად განახლებად მონაცემთა ბაზაზე ელექტრონული წვდომისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ენიჭება. თავის მხრივ, სამინისტრო, მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობის შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
ის იურიდიული პირ(ებ)ი, ინდივიდუალური მეწარმე(ებ)ი ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ(ებ)ის ფილიალ(ებ)ი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომელთა საქმიანობაც საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთანაა დაკავშირებული, ვალდებულნი არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია განახორციელონ.
„საზღვარგარეთ მომუშავე საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი. შრომითი მიგრაციის სფეროს განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და უსაფრთხო მიგრაციის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მემორანდუმის გაფორმება სწორედ შრომითი მიგრაციის ეფექტიანად რეგულირებას, ორ უწყებას შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას და მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა საჯარო რეესტრის თავმჯომარემ პაპუნა უგრეხელიძემ. (R)