ბაღდადის კრიმინალურმა სასამართლომ „ისლამურ სახელმწიფოს“ წევრობის გამო ეროვნებით რუს პირს ჩამოხრჩობა მიუსაჯა. აღნიშნულ ინფორმაციას ABCNEWS ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ერაყის ძალებმა მოსულის დასავლეთ ნაწილში დააკავეს.
ერაყის უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლის, აბდულ სატარ ბაიქდარის განცხადებით, დაკავებული პირი 2015 წლიდან ერაყის უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციებში მონაწილეობდა.
როგორც კვირის დასაწყისში ერაყის უსაფრთხოების ძალებმა განაცხადეს, იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკებში 14 ქვეყნის 1 300-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს, რომელთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.
როგორც ცნობილია, ქალებს და ბავშვებს კრიმინალთან კავშირში ბრალი არ ედებათ და მათ თავიანთ სამშობლოებში დააბრუნებენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, ადამიანის უფლება დამცველი ჯგუფები ერაყში სიკვდილით დასჯის გამოყენებას აპროტესტებენ.
AMNESTY INTERNATIONAL-ის ცნობით, 2016 წელს ერაყში სიკვდილით 88 ადამიანი დასაჯეს.