ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 18 სექტემბერს განახლდება.
როგორც ქალაქ ოზურგეთის სააღმზრდელო საგანმანათლებლო ცენტრის მენეჯერი ეკა ნინიძე და ასევე, ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გენო ჩავლეშვილი “გურია ნიუსთან“ აღნიშნავენ, ბოლო ორი წელია ბაღებში მომართვიანობა მაღალია, ქალაქში ამ ეტაპზე 1250 ბავშვია დარეგისტრირებული, ხოლო სოფლებში _1707.
არის თუ არა საჭირო ინვენტარი, როგორია პირობები ბაგის ასაკის ბავშვებისთვის, არის თუ არა საკმარისი რაოდენობის საწოლები, ამასთან დაკავშირებით ცენტრების მენეჯერები ამბობენ, რომ ბაღებში დარეგისტრირებულ პატარებს ამ მხრივ პრობლემები არ ექმნებათ. თუმცა, “გურია ნიუსს“ აქვს ინფორმაცია, რომ 3 წლამდე ასაკის ბავშვებს, ბაღებში მიღებაზე უარს ეუბნებიან, იმ მიზეზით, რომ მათ დასაძინებლად პირობები არ აქვთ.
ქალაქ ოზურგეთის სააღმზრდელო საგანმანათლებლო ცენტრის მენეჯერი ეკა ნინიძე აღნიშნავს, რომ თუ ბაღში ადგილები შევსებულია, მშობლებს ალტერნატიულ ბაღს სთავაზობენ, თუმცა, მისი თქმით, ზოგ მშობელს ეს არ აწყობს:
_ ბოლო ორი წლის განმავლობაში მომართვიანობა მნიშვნელოვნად არის მომატებული. შარშან რეგისტრაცია თუ გაიარა 1135 ბავშვმა, 1250 ბავშვი ამ ეტაპზე უკვე ჩარიცხულია, ჩვენ არ ვტოვებთ უყურადღებოდ არცერთს. უკვე სავალდებულო გახდა სასკოლო მზაობის პროგრამის გავლა სკოლაში შემსვლელი ბავშვებისთვის, ამიტომ უპასუხოდ დატოვებული განცხადება არ გვაქვს. ბაღში ვიღებთ 2 წლიდან. 2 და 3 წლის ბავშვი იძინებს თითქმის ყველა. მაგრამ არის ბაღები, სადაც არიან 2, 3 და 4 წლის ბავშვები, რომლებისთვისაც გვაქვს საძინებელი საშუალება. სიცრუეა, რომ ჩვენ ვინმეს უარს ვეუბნებოდეთ, რადგან არ არსებობს განცხადება უპასუხოდ დავტოვოთ. ვთავაზობთ ალტერნატივას, სხვა ბაღს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მშობლებს არ აწყობთ სხვა ბაღში წაიყვანონ შვილები. მაგალითად, ადგილები არის ანასეულის საბავშვო ბაღში, იყო ადგილები სერის ბაღში, მაგრამ ტერიტორიის მიხედვით, არ აწყობთ მშობლებს და ჩვენ რა ვქნათ. ჩვენ უარი არავისთვის არ გვითქვამს. გვაქვს შესაბამისი ინვენტარი და 2 წლის ბავშვებს ვიღებთ. რამდენი ბავშვიც გვყავს, იმდენი საწოლი არსებობს. მეორე ეტაპი არ დასრულებულა განცხადებების, რამდენიმე ბაღში არის ვაკანსია, _ამბობს ნინიძე.
ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გენო ჩავლეშვილი აღნიშნავს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ძირითადად, 3 წლიდან იღებენ პატარებს.
_ ვიღებთ 3 წლის ბავშვებს, ასევე, 5-წლიანები და არის სასკოლო მზაობის ჯგუფები. რაც შეეხება დასაწოლ საშუალებებს, თუ რომელიმე პატარას დაძინება მოუნდება, ამის საშუალება ნებისმიერ ბაღშია. საწოლები არის ყველა ბაღში, _ამბობს ჩავლეშვილი.