გუშინ, თბილისში სასტუმრო BETSY-ში 2017 წლის საქართველოს ადგილობრივი არჩევნების მედიამონიტორინგის მიმდინარე ტენდენციები ჟურნალისტებს გააცნეს.
აღნიშნული პროექტი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება და მასში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, ინტერნიუსი-საქართველო და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არიან ჩართულები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ონლაინ და ბეჭდური მედიის მიერ მომზადებულ სტატიებში ბალანსი არ არის დაცული, თოქ-შოუები ურთიერთ ბრალდებების ფონზე მიმდინარეობს და ამა თუ იმ საკითხის ანალიზი არ ხდება, რადიომაუწყებლების ნაწილი კი ეთერში სინქრონის გაშვების დროს არ ასახელებენ იმ პიროვნებების ვინაობას, რომელთა კომენტარსაც მსმენელს სთავაზობენ.
როგორც ცნობილია, მედიამონიტორინგი ივნისში დაიწყო, თუმცა თოქშოუებზე დაკვირვება 19 აგვისტოდან მიმდინარეობს.
ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ივნისიდან დღემდე დაფიქსირებულ დარღვევებზე და მათ გადასაჭრელ გზებზე „გურია ნიუსს“ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მედია მკვლევარი, ზურაბ წურწუმია ესაუბრა.
როგორც წურწუმია აღნიშნავს, ონლაინ და ბეჭდური მედიის მკითხველებს ერთმანეთისგან სარეკლამო და სარედაქციო სტატიების განსხვავება უჭირთ.
„ჩვენი ორგანიზაცია უკვე რამდენიმე წელია რაც მედიას ამონიტორინგებს. წელს მონიტორინგი დაიწყო ივნისში. ჩვენ ვამონიტორინგებთ 12 გაზეთს და 19 ონლაინ მედია საშუალებას. ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ წინა წლებთან შედარებით არსებული განსხვავებების დასახელებისგან, იმიტომ რომ მონიტორინგის შუა პერიოდში ვართ, ანგარიში არ დაგვიწერია და უბრალოდ ჩანს სურათი, რაც ამ თვენახევრის განმავლობაში შეიქმნა. საბოლოო პასუხის შედარება უკვე შესაძლებელი იქნება, როცა მონიტორინგს დავასრულებთ და სახეზე გვექნება რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზის შედეგები. ონლაინ და ბეჭდურ მედიას აერთიანებს 1 მთავარი პრობლემა, ეს არის სარეკლამო და სარედაქციო სტატიების გაყოფა ერთმანეთისგან. 2-ვე შემთხვევაში, როგორც ონლაინ, ასევე ბეჭდურ მედიის შემთხვევაში, მკითხველი ადვილად ვერ ასხვავებს რომელია ფასიანი სტატია, რადგან გამოცემები ან დამაბნეველი ნიშნით აქვეყნებენ სტატიას ან განმარტება, რომ ეს რეკლამა არის, ბოლო გვერდშია მითითებული ან საერთოდ არ არის და ისეთი სახის ნიუსებზე არ არის რეკლამის ნიშნები, რომლებიც სულ მცირე ეჭვს აღძრავს, რომ ეს უნდა იყოს ფასიანი სტატია“,_ამბობს წურწუმია.
მისივე თქმით, რეგიონულ გაზეთებში სიძულვილის ენა უფრო ნაკლებად გამოიყენება ვიდრე ცენტრალურ გაზეთებში.
„რაც შეეხება ცალკეულ პრობლემებს, გაზეთებში დადებითი მხარე არის ის, რომ რეგიონულ გაზეთებში სიძულვილის ენის გამოყენება, დისკრიმინაცია, ნაკლებია ჟურნალისტის ან რესპოდენტების მხრიდან ლანძღვა ნაკლები არის, რაც ცენტრალურ გაზეთებში უფრო ხშირად და გამოკვეთილად ჩანს“,_ამბობს ის.
როგორც მედიამკვლევარი ამბობს, სტატიების დაუბალანსებლობა გაზეთებისა და ონლაინმედიის საერთო პრობლემაა.
„პრობლემას წარმოადგენს ის, რომ არ არის დაბალანსებული სტატიები, მაგალითად, აქებენ რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ცენტრალურ თუ ადგილობროვ ხელისუფლებას ან აკრიტიკებენ. ვერ ხერხდება ჯერ-ჯერობით სტატიების ისე დაბალანსება, რომ იყოს ხელისუფლების, მოსახლეობის, ოპოზიციის, მხარდამჭერების და მოწინააღმდეგეების აზრი დაფიქსირებული. პრობლემა ასევე ონლაინ მედიასაც იგივე გააჩნია. იმ მხრივ, რომ არ ისმევა კითხვები. მედია, ასე ვთქვათ რუპორის როლშია. რამე თუ ხდება ის უბრალოდ აშუქებს ინფორმაციას, არ სვამს კითხვებს, რომლებიც უბრალოდ გაუჩნდება ნებისმიერ მაყურებელსა თუ მკითხველს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ესა თუ ის პოლიტიკური პროცესი ან მოვლენა“, _ ამბობს წურწუმია.
როგორც წურწუმია „გურიანიუსთან“ საუბარში აღნიშნავს, მედიის მიერ მომზადებული სტატიები მკითხველისთვის იმდენად ინფორმაციის მიმცემი უნდა იყოს, რომ არჩევნებზე გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს.
„პრობლემებიდან გამომდინარე რეკომენდაციები არის პირველი ის, რომ მედიამ უნდა მოახერხოს სტატიების გამიჯვნა. ინფორმაცია უნდა იყოს სიღრმისეული, დაბალანსებული. მედიამ უნდა შეძლოს რომ მაყურებელს, მკითხველს, მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია რომელიც ამ არჩევნებზე გადაწყვეტილების მიღების საშუალება მისცეს. ეს ნიშნავს, რომ მან არამხოლოდ უნდა გააცნოს მკითხველს თუ ვის რა პროგრამა აქვს საარჩევნოდ, არამედ უნდა განუმარტოს, ანალიზი უნდა შესთავაზოს. ეს ანალიზი კი არა კონკრეტული ჟურნალისტის რაღაც ფაქტებზე, არამედ სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით უნდა იყოს აგებული“, _ამბობს წურწუმია.
ის ასევე მედიის მიერ წყაროს განმარტვის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ მედიამ განმარტოს თავისი წყაროების სახელი, რადგან, ხშირად არის, რომ ინფორმაცია ჭორის დონეზე ვრცელდება და ამ სახის ინფორმაციაზე იგება მასალები და ვრცელდება, როგორც ნამდვილი ამბავი, ისეთი სათაურებითა და ტექსტებით, რომ მკითხველი სათაურის გაგებით შოკში ვარდება და მერე იგებს, რომ ჟურნალისტმა ეს ინფორმაცია ვიღაცისგან გაიგო და ვისგან გაიგო არავინ იცის. როგორც წესი ეს ამბები ჭორად რჩება, არ მართლდება და ინფორმაცია ვრცელდება. გვაქვს შემთხვევები, რომ ჟურნალისტი წერს არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, რომ რომელიმე მინისტრი ან გამგებელი უნდა გადადგეს. რაც არ ხდება ან შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ მკითხველი არ უნდა მოატყუო და უნდა აუხსნა, თუ საიდან გაქვს ინფორმაცია“, _ ამბობს წურწუმია.