80 წლის ასაკში, ცნობილი საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა გარდაიცვალა. სოტკილავა მოსკოვში გარდაიცვალა. ის ბოლო დროს ავადმყოფობდა. მომღერალს საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.
ზურაბ სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს, სოხუმში დაიბადა. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში მღეროდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.
1966-1968 წლებში სტაჟირება გაიარა მილანის ლა სკალაში. 1973 წელს, დონ ჟოზეს პარტიით, მომღერლის დებიუტი შედგა მოსკოვის დიდ თეატრში, ერთი წლის შემდეგ კი ზურაბ სოტკილავა ამავე თეატრის დასს შეუერთდა, როგორც სოლისტი. პარალელურად, მოსკოვის კონსერვატორიაშიც ასწავლიდა.
სოტკილავა მრავალრიცხოვანი საპატიო ორდენის მფლობელია, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, მათ შორის, საქართველოს დამსახურებული არტისტი და შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია.
იყო ბოლონიის მუსიკალური აკადემიის საპატიო წევრი.
pirveliradio.ge