ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარედ, რამდენიმე დღეა გამვლელებს კანალიზაციის მძაფრი სუნი დისკომფორტს უქმნის, მათ შორის ბავშვებს, რომლებიც პირველ სკოლაში მრავლად სწავლობენ. კანალიზაციის სუნი კი სკოლის წინ გამავალი სანიაღვრე არხიდან ამოდის, სადაც დაბინძურებული წყალია დაგუბებული.
ცნობისთვის, გარდა საჯარო სკოლისა, ამ არხის გასწვრივ რამდენიმე მაღაზია, აფთიაქი, სწრაფი კვების ობიექტი და კერძო საცხოვრებელი სახლებია განლაგებული.
_ ჩემმა მტერმა ვერ იგრძონო ეს საშინელი სუნი, ყარს აქაურობა. ისე ეს ახალი პრობლემა ნამდვილად არაა, ამ ტერიტორიაზე ძალიან ხშირადაა ასეთი მდგომარეობა.
სხვა თუ არაფერი, სირცხვილი მაინცაა ქალაქის ცენტრში ასეთი ანტისანიტარიის ბუდე გვქონდეს. საკმაოდ ხალხმრავალი ადგილია და მგონი, ვიღაცამ უნდა იზრუნოს ამ პრობლემის მოგვარებაზე. რა ვიცით, რა ჯანდაბაა, კი ავქოთდით შარდის სუნით ნახევარი ქალაქი, _ ამბობენ ის ადამიანები, რომლებსაც ხშირად უწევთ ამ ტერიტორიაზე გადაადგილება.
ამ საკითხთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ ა(ა)იპ „ლანჩხუთი-სერვისის“ ხელმძღვანელს თენგიზ ჭიჭილეიშვილს დაუკავშირდა, რომლისთვისაც აღნიშული პრობლემა კარგად ნაცნობია თუმცა, როგორ შეიძლება მისი საბოლოოდ გადაჭრა _ უცნობი.
_ ჩვენი სამსახურის მიერ სისტემატურად ხდება ამ სანიაღვრე არხის გაწმენდა, ორ დღის წინაც თავიდან ბოლომდე გავასუფთავეთ, თუმცა, როგორც თავად ამბობთ, შედეგი არაა. რამდენადაც ვიცი, აქ გამავალ სანიაღვრე არხში კერძო საცხოვრებელი სახლებიდან ჩაედინება მოხმარებული და დაბინძურებული წყალი, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე თევზით მოვაჭრეები პირდაპირ აქ ასხამენ ნარეცხ წყალს. როგორც ჩანს, არხს არ აქვს სათანადო დახრა, რომ წყალი გაატაროს და ამიტომ გუბდება, შემდეგ კი დგება არასასიამოვნო სუნი. ჩვენი სამსახურის მიერ მუდმივ რეჟიმში ხდება არხის გასუფთავება, მაგრამ ამ პრობლემის საბოლოოდ გადაჭრა ჩვენ არ შეგვიძლია, _ გვითხრა ჭიჭილეიშვილმა.
ჟორდანიას ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც, თუმცა, ამ დრომდე ფიქრობენ, როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა.
_ ფაქტია, რომ ეს პრობლემა დგას, არაერთხელ ვიყავით კიდეც მისული ადგილზე მდგომარეობის შესასწავლად. თავად ადგილობრივი მოსახლეობა კატეგორიულად უარყოფს, რომ არხში მათი სახლებიდან ჩაედინება დაბინძურებული წყალი. მოკლედ, ჯერ კიდევ ძიებაში ვართ, როგორ უნდა გადაიჭრას ეს საკითხი, _ გვითხრა გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ლევან ჩხაიძემ.