გივი და ოთარ ზალდასტანიშვილების მამა სოლომონი საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მასვე ეკუთვნის ამ მოვლენისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი საუკეთესო მოგონება ,,საქართველოს 1924 წლის ამბოხება”. აჯანყების დამარცხების შემდეგ ის საფრანგეთში გაიქცა, სადაც სულ მალე ოჯახის წევრები ჩავიდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ბევრ სხვა ემიგრანტთა მსგავსად ის საბჭოთა არმიის წინააღმდეგ იბრძოდა. სოლომონი აქტიურად მონაწილეობდა ქართველ ტყვეთა განთავისუფლების საქმეში. რუმინეთში სამხედრო ტყვეთა ბანაკში გერმანელებმა მას ნება მისცეს 500 ქართველიდან მხოლოდ 90 გაეყვანა. მაშინ სოლომონმა განაცხადა _ ოთხას ქართველს სასიკვდილოდ ვერ გავიმეტებო, თუ ვერაფერი ვუშველე, მაშინ მეც მათთან დავრჩებიო. მისი ძალისხმევის შედეგად ხუთასივე ტყვე იქნა გათავისუფლებული, მაგრამ თვითონ ზალდასტანიშვილი ავად გახდა და 1941 წლის 5 დეკემბერს ბუქარესტის საავადმყოფოში გარდაიცვალა. 1947 წელს სოლომონ ზალდასტანიშვილის მეუღლე ორ ვაჟიშვილთან ერთად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად.
გივი ზალდასტანიშვილმა (1919-2007) დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი, ის სხვადასხვა საქმიანობას ეწეოდა, სოლიდური კაპიტალის დაგროვების შემდეგ მან ბოსტონში მაღაზიათა ქსელი გახსნა, შემდეგ კარიბის ზღვის აუზში ერთ პატარა კუნძულზე მიწა შეიძინა და სასტუმროები ააგო. ასევე ნიუ ჰემფშირის შტატში შეისყიდა ადგილი და სახლების მშენებლობა წამოიწყო. სხვა ქართველების მსგავსად ის საქართველოზე ფიქრობდა, მას სურდა, რათა ქართველ ახალგაზრდებს მაღალი დონის განათლება მიეღოთ არა უცხოეთში, არამედ საქართველოში. ამიტომაც, 2001 წელს გივი ზალდასტანმა თბილისში ქართულ-ამერიკული აკადემია დააარსა. მისმა უმცროსმა ძმამ ოთარმა (1922-2005) პარიზის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი დაამთავრა, სწავლობდა სორბონისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში ოთარ ზალდასტანიშვილმა ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველიშვილთან ერთად 1952 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია აეროდინამიკასა და ნიადაგის მექანიკაში. ის იყო უილოკის კოლეჯის, ბოსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრისა და ბრუქსის სკოლის კურატორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, კითხულობდა ლექციებს აეროდინამიკაში, გამოქვეყნებული ჰქონდა უამრავი თეორიული ნაშრომი და იყო ბევრი პატენტის ავტორი (მათ შორის ფოლადის კონსტრუქციების დამუშავებაში). ,,ის იყო ბრწყინვალე მათემატიკოსი და მეცნიერი”, _ ამბობდა მამის შესახებ ელიზაბეთ ზალდასტანი. სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად ის მუშაობდა სამშენებლო კომპანიაში Zaldastani Associates Incorporated, ჯერ პრეზიდენტად, შემდეგ კი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ. ოთარ ზალდასტანიშვილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ათასამდე ცნობილი ნაგებობის და პროექტის ავტორია, მათ შორისაა სასტუმრო Copley Place, ბოსტონის საერთაშორისო აეროპორტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტადიონი, მრავალსართულიანი შენობები ერაყში, ალჟირში, საუდის არაბეთში, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში. მის სახელთან არის დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო გადაწყვეტა და ორიგინალური იდეა. ის სამჯერ იყო არჩეული აშშ-ში საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტად. ოთარ ზალდასტანიშვილი ძმასთან და სხვა ქართველებთან (მათ შორის იყო ჯონ შალიკაშვილი) ერთად აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროექტებზე შავ ზღვაზე, კერძოდ სუფსაში. როცა გივი ზალდასტანიშვილმა სწავლების პროცესის გაუმჯობესების ამაღლების მიზნით თბილისში ამერიკული აკადემია დაარსა, ამ საქმეში ოთარიც ჩაერთო. მისი დახმარებით საუკეთესო სტუდენტები სწავლას ამერიკის სახვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებდნენ.