მმართველი გუნდი ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის უზრუნველმყოფი განათლებისთვის სისტემური ცვლილებების გახორციელებას გეგმავს!
განათლების სისტემის განვითარება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. 2012 წლის შემდეგ საქართველოში გახორციელდა ფუნდამენტური სისტემური ცვლილებები მაღალი ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. დაიხვეწა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის მარეგულირებელი კანონმდებლობა და დადგინდა ძირითადი სტანდარტები.
მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ყველასთვის ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის უზრუნველმყოფი განათლების განვითარებისთვის სისტემური ცვლილებების გახორციელებას გეგმავს.
საუბარია ადრეული და სკოლამდელი აღზრდის, ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებებზე. კერძოდ, საჯარო დაწესებულებებში ადრეული და სკოლამდელი განათლება დარჩება უფასო, მუნიციპალიტეტის მხრიდან გაიზრდება მისი დაფინანსება და მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, შემუშავდება და დამტკიცდება სამოქმედო გეგმა ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი განათლების უზრუნველსაყოფად. გაგრძელდება სასკოლო მზაობის ჯგუფების ფუნქციონირება და ყველასთვის ხელმისაწვდომი სასკოლო მზაობის ეფექტიანი პროგრამების განხორციელება.
კონკრეტულად, ოზურგეთში ამ კუთხით დაგეგმილია ნასაკირალის #2 საბავშვო ბაღის მშენებლობა (256,4 ათასი ლარი, 2017-2018). დვაბზუსა და გაღმა დვაბზუს საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები (სულ _ 106,2 ათასი ლარი). გაგრძელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია, მათ შორის, აშენდება საბავშვო ბაღები ოზურგეთში (კოსტავას ქუჩა), ზემო ნატანებში, შრომაში (ვაკე), თხინვალში, მთისპირში, გურიანთაში, ნასაკირალსა და კონჭკათში. განხორციელდება ოზურგეთის #3 და მერიის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია.
გაგრძელდება მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ყველა კლასის მოსწავლეების, კერძო სკოლის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისა და სხვა კატეგორიების მოსწავლეების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა. გაგრძელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, მათ შორის განხორციელდება საჯარო სკოლების (მერიის _ ნაღობილევის დაწყებითი, ქვემო ნატანების, ოზურგეთის #1, #2, ნარუჯის, მერიის, ნასაკირალის, ლიხაურის, დვაბზუს, გაღმა დვაბზუს, მთისპირის, სოფ. ოზურგეთის, ლაითურის, მაკვანეთისა და მშვიდობაურის საჯარო სკოლები) რეაბილიტაციის 15 პროექტი და ჭანიეთის საჯარო სკოლის მშენებლობა.
უზრუნველყოფილი იქნება საჯარო სკოლების მოსწავლეების, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მონაწილეობა/ჩართულობა სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროგრამებში, მათ შორის – ტრენინგ კურსებში. გაგრძელდება განათლების ადმინისტრირების სფეროში მომუშავე თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.
რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფას, ეს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საკუთარი უფლებამოსილება და პრიორიტეტია. ოზურგეთის რაიონში ფუნქციონირებს 43 მუნიციპალური საბავშვო ბაღი, მათგან 8 – ქალაქ ოზურგეთში. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით, საბავშვო ბაღები უფასო გახდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ოზურგეთში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების დაფინანსება, კერძოდ, თუ 2013 წელს განათლების სფეროს ხარჯები 1 მლნ 408,4 ათასი ლარით განისაზღვრა, 2017 წელს შესაბამისმა ხარჯებმა 2-ჯერ მეტი _ 2 მლნ 950 ათასი ლარი შეადგინა. 2014-2016 წლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ 25 საბავშვო ბაღს. განხორციელდა 5 ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა.
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 37 საჯარო სკოლა (მათგან ქალაქში – 5). ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში 2013 წელს გახორციელდა 19 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რაზეც სულ 718,4 ათასი ლარი დაიხარჯა; 2014 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რაებილიტაცია ჩაუტარდა 14 სკოლას – ღირებულება 1 მლნ 876 ათასი ლარი. 2015 წელს სკოლებში ჩატარებული რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა 1 მლნ 587,1 ათასი ლარი. 2016 წელს განხორციელდა სოფელ ჭანიეთის სკოლის სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც 1 მლნ 485 ათასი ლარი გამოიყო.
ზოგადი განათლების სფეროში განხორციელდა სხვადასხვა ტიპის პროგრამა, მათ შორის, “საზაფხულო სკოლების პროგრამის” ფარგლებში, 2013-2016 წლებში, ოზურგეთიდან მონაწილეობდა 37 მოსწავლე. “საგანმანათლებლო ექსკურსიებისა და განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის” ფარგლებში, 2015-2016 წლებში, მონაწილეობა მიიღო 35-მა მოსწავლემ.
“წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების ქვეპროგრამა” _ 2013-2016 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან გამოვლინდა 74 ოქროსა და 44 ვერცხლის მედალოსანი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში კი კონსულტანტ-მასწავლებლებმა, ადგილობრივმა და უცხოელმა მასწავლებლებმა გაიარეს ტრენინგ-მოდულები.
ყურადღება ასევე ეთმობა პროფესიული განათლების განვითარებას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი “ჰორიზონტი”, რომელიც ახორციელებს შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს: მზარეული, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, მეტყევე, მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი, ტრაქტორისტ-მემანქანე, გიდი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი, ელექტრიკოსი, შემდუღებელი, კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, ბუღალტერი, სტილისტი და სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მმართველი. ავტორიზაციის ფარგლებში, კოლეჯს აქვს 750 სტუდენტის მიღების უფლება. 2013-2016 კოლეჯი 1370-მა სტუდენტმა დამთავრა.
კოლეჯის მასწავლებლები მონაწილეობდნენ შესაძლებლობების განვითარების ტრენინგებში. გარდა ამისა, კოლეჯი აქტიურად იყო ჩართული მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსების განხორციელებაში: “სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების” პროგრამის ფარგლებში გადამზადდა 82 ბენეფიციარი. “ბრალდებული და მსჯავრდებული პირებისთვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობის” პროგრამის ფარგლებში, გადამზადდა ტრაქტორისტ-მემანქანის მოკლევადიან პროფესიულ პროგრამაზე პირობითმსჯავრდებული და პირობით ვადამდე გათავისუფლებული 3 ბენეფიციარი. გაეროს განვითარების პროგრამის “უნარების განვითარება სასოფლო-სამეურნეო მანქანებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით” პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გადამზადდა 125 ბენეფიციარი.
2013-2016 წლებში სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების მასწავლებელთა განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოლეჯის მასწავლებლები გადამზადნენ შემდეგი მიმართულებით: ინკლუზიური განათლება, მოდულური სწავლება (კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო სისტემებში), საწარმოში ტრენინგი (რეალურ სამუშაო გარემოში), ინფორმაციულ – საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგი პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლებისთვის, პედაგოგიური კვლევები/კვლევის მეთოდები, ინტელის ძირითადი კურსი.