ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, სახალხო დღესასწაულზე “შემოქმედობა 2017“, ფონდმა “გურული დღიურები“ ორი საუკეთესო მოსწავლე გაახარა და ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სტიპენდია დაუნიშნა.
სტიპენტიის მფლობელი სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის 12 კლასის მოსწავლე რეზო ზოიძე და ქალაქ ოზურგეთის წმ. ნინოს სახელობის გიმნაზიის 8 კლასის მოსწავლე ანა მენაბდეა გახდნენ.
“ძალიან მოულოდნელი იყო ეს სტიპენდია, რადგან ფონდის შესახებ არ ვიცოდი. ძალიან გახარებული ვარ“ – აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს რეზო ზოიძემ.
“რეზომ ეს სტიპენდია დაიმსახურა ნამდვილად. ნიჭიერი ბავშვის დაფინანსება და მსგავსი პროექტების გახორციელება მეტად მნიშვნელოვანია. სამართლიანი მოხდა რეზო ზოიძის შერჩევა“ – გვითხრა შემოქმედის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნინო სადრაძემ.
“ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მიხარია, რომ ფონდ “გურული დღიურების“ სტიპენდიის მფლობელი გავხვდი. “- თქვა ანა მენაბდემ.
“მივესალმები მსგავს პროექტებს და ნიჭიერი ბავშვების მხარდაჭერას. ანა ნიჭიერი, მშვიდი, კეთილშობილი ბავშვია. წერს ჩანახატებს და ლექსებს. “ – გვითხრა წმ. ნინოს სახელობის გიმნაზიის დირექტორმა მარინა ტრაპაიძემ.
დაჯილდოებაზე იმყოფებოდნენ ფონდ “გურული დღიურების“ წარმომადგენლები.
“ჩვენი ფონდის მიზანია, რომ მოიძიოს ნიჭიერი და სწავლაზე ორიენტირებული ბავშვები. ასევე ვცდილობთ მოვიძიოთ ფინანსები, რომ ამ ბავშვებს ხელი შევიწყოთ სწავლის და ნიჭის განვითარებაში. შემოქმედებაზე დავაჯილდოვეთ სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის მოსწავლე, ნიჭიერი ბავშვი რეზო ზოიძე და წმ. ნინოს სახელობის გიმნაზიის მოსწავლე ანა მენაბდე.“ – გვითხრა ფონდ “გურული დღიურების“ დირექტორის მოადგილემ მანანა სურგულაძემ.