“გურია ნიუსმა” ცოტა ხნის წინ, ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია “ქართული ოცნების” ჩოხატაურის ორგანიზაციის პარტიული სიის ათეულის შესახებ.
ამ დაზუსტებული სიიდან, რომელიც რამდენიმე საათში რეგისტრაციაში უნდა გაატარონ, ირკვევა, რომ მეოთხე ნომერი გიორგი მაღულარია სიიდან საერთოდ ამოიღეს, ხოლო მაია პაიჭაძე, მიუხედავად მისი პროტესტისა, მეათე პოზიციაზე დატოვეს.
სიის გავრცელებიდან ერთ საათში, მაღულარია და პაიჭაძე “გურია ნიუსმა” გურიის გუბერნატორთან დააფიქსირა. პაიჭაძემ გუბერნია კომენტარის გარეშე დატოვა, ხოლო მაღულარიამ გვითხრა, რომ ის მაინც “ოცნების” გვერდით დადგება:
“ასე მოხდა, მაგრამ მე ბოლომდე ვიქნები “ქართული ოცნების” გვერდით”, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მაღულარიამ, თუმცა გუბერნატორთან შეხვედრის დეტალებზე საუბარი არ ისურვა.
აღსანიშნავია რომ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მაღულარიას, გაჩუმების სანაცვლოდ, მერის თანაშემწის თანამდებობა დაპირდნენ. კითხვაზე, სჯერა თუ არა რომ “ოცნება” ამ დაპირებას შეასრულებს, მაღულარიამ არ გვიპასუხა; მან, ასევე, უპასუხოდ დატოვა კითხვა სწორედ ამ გარანტიის მისაღებად ჩავიდა თუ არა ჭანუყვაძესთან.
კიდევ ერთი დეტალი რაც ჩვენთვის გახდა ცნობილი _ “ოცნების” თავდაპირველი ათეულიდან კიდევ ერთ “დაწუნებულს” _ შოთა ჩხიკვაძეს ფარცხმაში კანდიდატად აყენებენ. ჩხიკვაძით შოთა ცინცაძეს ჩაანაცვლებენ, რომელსაც, როგორც გვითხრეს, დასაქმების გარანტია მისცეს.
ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს გურიის გუბერნატორი; საზოგადოებისთვის ახსნა-განმარტების გაკეთებაზე უარს ამბობენ “ოცნების” ჩოხატაურის ორგანიზაციაშიც.