დღემდე ოზურგეთში თხილის ფასის განსაზღვრისთვის, ჯერ ვარგისიანობა დგინდება გატეხვის მეთოდით, რაც აქამდე ათი ცალი თხილის გატეხვით მოწმდებოდა და ყოველ საღ მარცვალში 30 თეთრს იხდიდნენ, ანუ ათივე ვარგისი გულის შემთხვევაში კლიენტს კილოგრამში სამ ლარს უხდიდნენ. თუმცა, იშვიათად თუ ხდება, რომ ათივე მარცვალი საღი გამოდგეს. დღეისთვის აღნიშნული მიდგომა შეიცვალა და არა ათი ცალი, არამედ ოცი-ოცდაათი ცალი თხილი ტყდება და გამოსავლიანობის მიხედვით დგინდება ფასი.
ხალხი, ვინც თხილს ყიდის, უკმაყოფილებისგან ნერვიულობის ზენიტშია.
_ ვიღაცა დაჯდა და მოიფიქრა, რაც მეტია რაოდენობა, გამოსავლიანობა ნაკლებიაო და ფასი მინიმუმამდე დაიყვანეს. მაშინ ხომ უნდა არსებობდეს ზღვარი, ვთქვათ, 50 კილოგრამი თხილის ფასის დასადგენად, უნდა გატეხონ ოცდაათი ცალი. ხოლო ხუთი ან ათი კილო რომ მიიტანოს კაცმა, გატეხონ ათი და არა ოცი ცალი. მიდგომა აბსურდულია და ნიუანსებითაც ჩანს, რომ ყველა სისხლს წოვს საწყალ კაცს.
ახლა მიზეზი იშოვეს და „ტრიუკის“ მოფიქრებას რა უნდა? „ხალტურის“ საკეთებლად ჩვენს ხალხს „დიადი კომუნისტური ეპოქის“ დატოვებული უნარი სისხლში აქვს გამჯდარი, – გვეუბნება პროფესიით ეკონომისტი აკაკი ლომჯარია და ამბობს, რომ თხილის პერსპექტივა ბუნდოვანი ხდება.
თხილის მიმღებ პუნქტებში მომუშავეები განმარტავენ, რომ მათ მიიღეს „პრიკაზი“, თხილისგან პროცენტი ასე გამოიყვანონ და ასრულებენ უჩინარი ზემდგომის მითითებას. კითხვაზე, ხომ უნდა არსებობდეს პირობითი წესი მაინც, რომ ათი კილოგრამი თხილის მიმტანს იმავე რაოდენობით არ გამოუკლონ ღირებულების პროცენტი, როგორც 50 ან 100 კილოგრამის მიმტანს. თუმცა, ამაზეც მხრებს იჩეჩავენ, ასე დაკონკრეტებული მითითებები ჩვენ არ გვაქვსო.
რაც შეეხება გატეხილი თხილის საღ მარცვლებს, რომელიც ფასის გამოყვანის მტკიცებულებად არის მიჩნეული, მიმღებ პუნქტში ჩამოკიდებულ პოლიეთილენის პარკში აგროვებენ.
თხილის ჩამბარებლები არითმეტიკულ გაანგარიშებას ახდენენ, რა რაოდენობის „ხალტურა“ რჩებათ, სავარაუდოდ _ როცა ერთი კაცისგან ერთ ნიმუშს იღებ, 100 გრამი თხილი მაინც რჩება, გატეხილი და გასუფთავებული. თუ 50 ადამიანი ჩააბარებს თხილს, სულ ცოტა, ხუთი კილოგრამი გარჩეული თხილი ხომ რჩებათ? ვინ იცის, ვისია ეს „მოგება“, _ ამბობენ ისინი.