მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაციის პარტიული სია გასაჯაროვდა, აღმოჩნდა, რომ საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და ამავდროულად, პარტიის ხელმძღვანელი გოგი ხელაძე თამაშგარე მდგომარეობაშია.
არადა, ბევრი, ხელაძეს მომავალ საკრებულოში, მინიმუმ, თავმჯდომარის მოადგილეობას უწინასწარმეტყველებდა.
ამ ეტაპზე თავად ხელაძეს არ სურს ამასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბარი _ რატომ და ვისი გავლენით ვერ მოხვდა პარტიულ სიაში, თუმცა, არ მალავს, რომ მომხდარის გამო გულნატკენია.
„ახლა ამაზე საუბარი უხერხული მგონია, თუმცა, გარკვეული მოსაზრებები, რატომ და ვისი გავლენით შეიქმნა ასეთი მდგომარეობა მეც მაქვს. განაწყენებული არა, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ იმის გამო, რაც მოხდა. შთამომავლობით არ მრგებია საკრებულოს თავმჯდომარეობა და არც პრეტენზია მქონია რაიმე თანამდებობასთან დაკავშირებით, მაგრამ რიგით წევრად კი უნდა ვყოფილიყავი„, _ ამბობს ხელაძე, რომელიც სხვა დეტალებზე არ საუბრობს.