როგორც ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით, ახალი პროექტი წამოიწყო,რომელიც თბილისის ათ დიდკონტინგენტიან სკოლაში ვაშლის დარიგებას გულისხმობს. მინისტრის განცხადებით, ვაშლების დარიგება სკოლებში ოქტომბრიდან, კვირაში ერთხელ მოხდება. ქვეპროგრამის ფარგლებში 260 000 ერთეული ვაშლის შესყიდვის მიზნით ტენდერიც გამოცხადდა 10 სკოლის ვაშლით მომარაგებისთვის სამინისტრო 78 000 ლარს გადაიხდის. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ტენდერში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება ჯერ არ დასრულებულა, იგი დღეს, 21 სექტემბერს გაიხსნა.
პროგრამის კოორდინატორის მაია მუშკუდიანის განაცხადებით, ინფორმაცია საჯაროა და ტენდერის პირობების ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. განაცხადების რაოდენობა დასრულების შემდეგ გაირკვევა.
მუშკუდიანის თქმით, თბილისის თითო უბნიდან 2 ყველაზე მრავალრიცხოვანი სკოლა შეირჩა და პროგრამის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ბავშვს მივაწოდოთ ინფორმაცია და მეტი უზრუნველვყოთ ჯანსაღი საკვებით. ეს საცდელი პროგრამაა და დამუშავების პროცესშია. შეიძლება პროექტი სხვა სკოლებშიც განვახორციელოთ ან შეიძლება, მას სხვა კომპონენტები დაემატოს. ეს შეიძლება ვაშლი იყოს, შეიძლება – ატამი. პროექტი ისეთ სახეს მიიღებს, როგორიც უკეთესი იქნება მოზარდებისთვის.
ვაშლები სკოლის დერეფანში, ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსდება. სკოლის ადმინისტრაცია და მანდატური გააკონტროლებს, რომ ყველას შეხვდეს ხილი. დღის განმავლობაში თითო ბავშვზე თითო ვაშლია გათვლილი და ვაშლს ბავშვები დასვენების პერიოდში მიირთმევენ, _ ამბობს მუშკუდიანი.