ასობით ათასი ჩემი თანამემამულე, რომლებიც მოუთმენლად ელიან შინ დაბრუნებას, ვერ ბრუნდებიან იმიტომ, რომ გაერო-ს მხოლოდ ერთი წევრი სახელმწიფო უარს ამბობს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ყოველ წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეა იღებს რეზოლუციას, სადაც კიდევ ერთხელ აცხადებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ოკუპირებული რეგიონებიდან ლტოლვილთა უფლებას, დაბრუნდნენ შინ. საქართველო მადლობას მოახსენებს გაეროს ამ მხარდაჭერისთვის, მაგრამ ყოველივე ეს ჯერ ვერ იქცა რეალობად ასობით ათასი ჩემი თანამემამულისთვის, რომლებიც მოუთმენლად ელიან შინ დაბრუნებას და მაინც ვერ ბრუნდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ გაეროს მხოლოდ ერთი წევრი სახელმწიფო უარს ამბობს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილებაა, საქართველოს ევროპული დღის წესრიგის ყველა სარგებელი მიაწოდოს საოკუპაციო ხაზების მეორე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს.
„საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებთან ნდობის აღდგენის ახალ ინსტრუმენტებს. ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, მივაწოდოთ საქართველოს ევროპული დღის წესრიგის ყველა სარგებელი საოკუპაციო ხაზების მეორე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს. ჩვენი ინიციატივების არსებითი პაკეტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის იძლევა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გადაკვეთით სავაჭრო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს გლობალურ ბაზრებზე საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვთავაზობთ მათ ჯანდაცვას, განათლებას და სხვა სოციალურ სარგებელს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.