“საქართველო იზრდება. საქართველო არის სიცოცხლით სავსე. საქართველო მტკიცეა გამოწვევებთან ბრძოლაში. საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებებს” _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროში სიტყვის გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით “საქართველომ ხელი გაუწოდა მსოფლიოს და მსოფლიომაც არ დააყოვნა ჩვენთან მოსვლა”:
“თავად ჩვენ წინაშე მდგარი გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ჩვენს პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი განვითარებისა და სტაბილურობისთვის და ჩვენი მიზანია ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. ევროკავშირი თავის გლობალურ სტრატეგიაში აღიარებს საქართველოს წარმატებას, როგორც აყვავებულ, მშვიდობიან და სტაბილურ დემოკრატიას და თავის სამეზობლოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წვლილის შემტანს.
ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო ოპერაციებში, ავღანეთის ჩათვლით, ასევე ევროპის კრიზისების მართვის ოპერაციებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.
2014 წელს საქართველო გახდა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის წევრი და შეუერთდა სამ შესაბამის სამუშაო ჯგუფს – ფინანსირების წინააღმდეგ, გზავნილების წინააღმდეგ და უცხოელი ტერორისტების წინააღმდეგ მოქმედ ჯგუფებს. საქართველო შეუერთდა გაეროს 14 ანტიტერორისტულ კონვენციას, ასევე ევროპულ კონვენციას ტერორიზმის აღკვეთის შესახებ და პირნათლად ასრულებს თავის ვალდებულებებს.
საქართველო იზრდება. საქართველო არის სიცოცხლით სავსე. საქართველო მტკიცეა გამოწვევებთან ბრძოლაში. საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებებს და ეს იმიტომ, რომ საქართველოს მისი მოქალაქეები შეადგენენ. მათ ცენტრალური ადგილი უჭირავთ საქართველოს მთავრობის პოლიტიკაში და ეს მუდამ ასე იქნება.
საქართველომ ხელი გაუწოდა მსოფლიოს და მსოფლიომაც არ დააყოვნა ჩვენთან მოსვლა. მსოფლიოსთან უფრო მტკიცე კავშირებს კი სარგებელი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მოაქვს. მათი ეკონომიკური წარმატება არის როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ მდგრადი კეთილდღეობის წინაპირობა. დღეს მე მოგმართავთ, როგორც ჩვენი ერის მსახური და მადლობას მოვახსენებ ყველას, ვისაც უყვარს და მხარს უჭერს საქართველოს,” _ განაცხადა გიორგი კვირიკაშილმა.