ცნობილი პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის და მწერლის, სერგეი მესხის რედაქტორობით გამოსული ,,დროება” აქტიურად გამოეხმაურა საქართველოში რკინიგზის გაყვანას (პირველი მატარებელი თბილისიდან ფოთში 1872 წლის 10 ოქტომბერს ჩავიდა). გაზეთი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს მის განვითარებას, აღნიშნავდა რკინიგზის უდიდეს მნიშვნელობას, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე, დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის უფრო მეტად გაცნობა-დაახლოების საქმეში. ასევე, აღნიშნავდა, თუ როგორ ცდილობდა ხალხი ამ იქამდე არნახული ტექნიკური საშუალების საიდუმლოების ამოხსნას: ,,ზოგი ამბობს რაღაც მავნე სული ზის ამ მაშინაში და ის ხელებით აგორებს გოროგოლებსო, ზოგი ამბობს ინგლისელებს გველეშაპი ჰყავთ დაწერილი, დაუმწყვდევიათ წინა ოთახში და იმას მიყავსო, და როცა საქმე გაუწირდება წივილს და ყვირილს მოუხშირებსო…”
გაზეთი ერთი შემთხვევასაც ყვება რკინისგზასთან დაკავშირებით: ,,ერთხელ მაშინა წამოეწია თურმე ერთ გურულს, რომელიც ფოთში მიდიოდა, გურული შეჩერდა ზედ რელსების ნაპირას და როცა მაშინამ ჩამოუარა, მაშინისტს დაუძახა (იმ დროს მატარებელი ძალიან ნელა მოძრაობდა – ი.მ.):
-ჰეი, ძმობილო, წამიყვანე, თუ ღმერთი გწამს!
მაშინისტმა, რასაკვირველია, ხმა არ გასცა. გურულმა კიდევ მიაძახა:
_წამიყვანე, შე ყაზილარო, ფარებს მოგცემ!
მაშინამ გასწია თავისთვის. გურული გაჩერდა, უყურა, უყურა, ბოლოს გადისვა ულვაშებზე ხელი და მიაძახა:
_ ეი, კილავ, რა ყოფილა აგი! რაც შენ მაგითი მოიგო, ეს ულვაში მომპარცე, აი!”