თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სუპერმარკეტ “ფრესკოს” ფილიალიდან თანხა დაიკარგა _ ქურდობას კომპანია შემთხვევის ღამეს მომუშავე პერსონალს აბრალებს.
“გურია ნიუსს” “ფრესკოს” ყოფილი თანამშრომელი დაუკავშირდა და კომპანია მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის გახორციელებაში დაადანაშაულა, თავის მხრივ კი კომპანია ამ თანამშრომელს თანხის მითვისებაში ადანაშაულებს.
როგორც მ. ც. ამბობს (მის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასაჯაროებთ) თანხის დაკარგვის შემდეგ, დანაშაულის საკუთარ თავზე აღებას სთხოვდნენ:
“ფრესკოში” 10 სექტემბერს დავიწყე მუშაობა, 14-ში კი სალაროდან თანხა დაიკარგა. ღამის ცვლაში ვმუშაობდი და დილით, სამუშაოს დასრულების შემდეგ სახლში წავედი. მეორე დღეს მითხრეს, რომ თანხა იყო დაკარგული და ახსნა-განმარტებითი წერილი დამაწერინეს. წერილის წერა რომ დავასრულე, ჩემთან უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მოვიდა და დაწერილი ფურცელი დახია, საქმის ჩაფარცხვის მიზნით კი მთხოვა, დანაშაული საკუთარ თავზე ამეღო”, _ ამბობს მ. ც. და აღნიშნავს, რომ იმ დანაშაულის აღიარებას, რომელიც არ ჩაუდენია, არ აპირებდა, მაგრამ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა დაიწყო:
“იმ დანაშაულის აღიარებას, რომელიც არ ჩამიდენია, არ ვაპირებდი. მშობლები ქუთაისში ცხოვრობენ და “ფრესკოში” მითხრეს, რომ მომხდარს, ვითომ მე მოვიპარე თანხა, მათ შეატყობინებდნენ, თან “მირჩიეს” მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიმშვიდეზე მეფიქრა. ამის გამო იძულებული გავხდი დამეწერა ის, რასაც მკარნახობდნენ. მეორე დღეს კი კადრების განყოფილებაში სამსახურიდან წამოსვლის შესახებ განცხადების დასაწერად დამიბარეს”, _ ამბობს მ. ც.
მისი თქმით, კადრების განყოფილებაში მისული განცხადების დაწერის ნაცვლად უფროსმა რამდენიმე პირის თანდასწრებით დაკითხა:
“იქ რამდენიმე პირთან ერთად უფროსი დამხვდა. ტელეფონი ჩამომართვეს და ჩემს გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს კითხულობდნენ. მეკითხებოდნენ, რამე კავშირი ხომ არ მქონდა პროფკავშირებთან, “აუდიტორია 115″-თან, ყოფილ თანამშრომლებთან, საიას-თან, უშიშროებასთან. შემდეგ ტელეფონის ნომრის ჩამირიცხეს, უფროს მოლარესთან და მის თანაშემწესთან დამარეკინეს. მკარნახობდნენ, რა უნდა მელაპარაკა. საბანკო ანგარიშებიც შემიმოწმეს. ამის შემდეგ კაბინეტიდან გამომიშვეს. მერე გამომძიებელი დამიკავშირდა და შემატყობინა, რომ დაკითხვაზე ვარ დაბარებული”, _ ამბობს ის.
მ. ც. გამოთქვამს ვარაუდს, რომ მისი მუშაობა კომპანიაში არ “აწყობდათ” და თანხის მოპარვის ბრალდება უბრალოდ გასათავისუფლებელი მიზეზია:
“მუშაობის პერიოდში ჩემთან მოდიოდნენ მომხმარებლები და გამოთქვამდნენ პრეტენზიას მარკეტის მუშაობის შესახებ. მე ვისმენდი მათ პრეტენზიებს და კომპანიის ხარვეზებს ვაბრალებდი. შესაძლოა, ამას ჩემს შესამოწმებლად აკეთებდნენ, რომ სამსახურიდან გამოვეშვი. CV-ში მიწერია, რომ პროფესიით ჟურნალისტი ვარ და სხვადასხვა ტელევიზიებსა და სააგენტოებში ვმუშაობდი. პირდაპირ ვერ მეტყოდნენ, რომ ჩემი მუშაობა არ “აწყობდათ” და მიზეზი მოიფიქრეს. სამსახურიდან უფროსი მოლარეც და მისი თანაშემწეც წამოვიდნენ, მაგრამ თანაშემწე, რომელიც იმ დღეზე უშუალოდ იყო პასუხისმგებელი თანხის განკარგვაზე, სამსახურში აადგინეს”, _ ამბობს ის.
მ. ც.-ს თქმით, მის მიმართ საჩივარი 400 ლარზეა შეტანილი, უფროსი მოლარე კი ამბობს, რომ 370 ლარია დაკარგული.
“შესაძლოა, დანაკლისი მართლა იყო. არ ვიცი, თანხა მართლა დაიკარგა თუ პროგრამული ხარვეზია, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ უფროსი მოლარის თქმით, დანაკლისი 370 ლარია. უფროსი მოლარის თქმითვე, 170 ლარი მისმა თანაშემწემ გადაიხადა, 200 კი თვითონ დადო, მათ კი საჩივარში 400 ლარი ჩაწერეს. ალბათ, იმიტომ რომ 370 ლარს ადვილად ვერ მოიპარავ _ კუპიურები ცალ-ცალკე დევს და უფრო მეტი დრო სჭირდება ვიდრე 400 ლარის აღებას, ვიდრე 370-ის, რადგან ამ შემთხვევაში, შესაძლოა, 4 ცალი 100-ლარიანი უცბად აიღო. ამ ფაქტის შესახებ სხვადასხვა ორგანიზაციებს ვესაუბრე, მათ შორის საია-ს, “საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას” და ისინი გვერდით დგომას შემპირდნენ”, _ ამბობს მ. ც.
როგორც ცნობილია, მისი უდანაშაულობის დამტკიცებას “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ცდილობს.
ადვოკატის თქმით, მ. ც.-ს ბრალი თანხის აღებასა და მითვისებაში ედება, რაც 3-იდან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს:
“მ. ც.-ს ბრალი თანხის აღებასა და მითვისებაში ედება. მისი განცხადებით აიძულეს, წერილობით ეღიარებინა, რომ ეს თანხა მან მიითვისა და დააბრუნებდა გარკვეული პერიოდის შემდეგ. დაემუქრნენ, ასევე, რომ ოჯახის წევრებს შეატყობინებდნენ, თითქოს მაინ მოიპარა ფული და გაუხმაურებდნენ საქმეს. ასე დაიყოლიეს, რომ ხელწერილი დაეწერა”, _ ამბობს ადვოკატი.
მისივე თქმით, საქმეში მ. ც,-ს მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს:
“რაც შეეხება მტკიცებულებებს, დღეის მდგომარეობით არ არსებობს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, რაც მ. ც.-ს ბრალეულობას დაადასტურებს. მას ჯერ ბრალიც არ წაყენებია _ გამოძიება მიმდინარეობს, უშუალოდ ამ პირის მიმართ არ ხორციელდება სისხლის სამართლის დევნა. უბრალოდ, საქმე არის აღძრული თანხის მითვისებაზე. მივმართეთ მთავარ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება იძულების და ცრუ დასმენის ფაქტთან დაკავშირებით”, _ აცხადებს ადვოკატი.
“გურია ნიუსი” იმის გასარკვევად თუ რამდენი მოლარე-ოპერატორი მუშაობდა შემთხვევის ღამეს “ფრესკოს” ვაჟა-ფშაველაზე მდებარე ფილიალში, მ. ც-ს გარდა, კიდევ რამდენ ადამიანს ადანაშაულებენ თანხის მითვისებაში და აიძულეს თუ არა მ. ც. ეღიარებინა დანაშაული, რომელიც, მისი თქმით, არ ჩაუდენია, “ფრესკოს” დაუკავშირდა.
როგორც “ფრესკოში” განაცხადეს, გამოძიების დასრულებამდე აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ:
“საქმე, ვიდეოკადრების და საბუთების თანხლებით, გადაცემულია სამართალდამცავ ორგანოებში. კომენტარის გაკეთება გამოძიების დასრულების შემდეგ შეგვეძლება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტი ინფორმაციის მოწოდების უფლება არ გვაქვს”, _ აცხადებენ “ფრესკოში”.
როგორც ცნობილია, “ფრესკოს” მხრიდან არასათანადო ანაზღაურების გაცემას და შრომითი უფლებების დარღვევას კომპანიის ყოფილი თანამშრომლები არაერთხელ აპროტესტებდნენ.