“თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების დეპუტატობის კანდიდატი თემურ სალუქვაძე ისევ “ქართული ოცნების“ რიგებში დაბრუნდა. ის ამ დღეებში მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო.
_ ბატონო თემურ, თქვენ “თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყავით და ბოლო პერიოდში მმართველი გუნდის მისამართით არაერთი მწვავე შეფასებები გქონდათ. როგორ მოხვდით ისევ “ქართული ოცნების“ გვერდით?
_ რა თქმა უნდა “თავისუფალი დემოკრატების“ გუნდის წევრი ვიყავი. 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებშიც მივიღე მონაწილეობა. როგორც ცნობილია, არჩევნების შემდეგ ეს პარტია დიდმა ნაწილმა დავტოვეთ, მათ შორის ირაკლი ალასანიამ. მე შევხვდი მას, ჩვენ ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი და პოლიტიკურად დავემშვიდობეთ. არ ვარ პასიური ადამიანი და მინდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მშენებლობის პროცესში ჩავერთო. მე ყოველთვის ვიბრძოდი “ნაცმოძრაობის“ და მათი რეჟიმის წინააღმდეგ. რაც ხდებოდა მათ დროს გურიაში, ყველამ კარგად იცის. მაქვს შინაგანი სურვილი და განწყობა, აქტიურად მივიღო მონაწილეობა “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის საარჩევნო კამპანიაში. მინდა აღმშენებლობის წიაღში მივიღო მონაწილეობა და ამიტომ დავბრუნდი იქ, ვისთან ერთად ვიბრძოლე და ვისთანაც ერთადაც დავამარცხეთ სააკაშვილის რეჟიმი.
_ ვინ არიან ის ადამიანები, რომლებთან ერთად იბრძოდით 2012 წელს?
_ ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებთან ერთად ვიბრძოდით 2012 წელს “ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ. კონკრეტულ სახელ და გვარს არ დავასახელებ, რადგან არ მინდა ვინმე გამომრჩეს.
_ თქვენ, როდესაც კოალიცია დატოვეთ, ხშირად აკრიტიკებდით “ქართულ ოცნებას“ და ადგილობრივ ხელისუფლებას. რატომ შეიცვალა თქვენი პოლიტიკური პოზიცია?
_ ჩვენ რატომაც გამოვედით კოალიციიდან, ეს იყო საქართველოს მთავრობის გაურკვეველი პოზიცია ევროიტენგრაციასთან მიმართებაში და ასევე, კაბელების საქმე. ახლა ჩვენ დავინახეთ და ნათელია ჩვენი გზა ევროპასთან მიმართებაში და ასევე გათავისუფლებული არიან კაბელების საქმეზე ბიჭები.
_ ოზურგეთზე დაკავშირებით ივიწყებთ კრიტიკულ შენიშვნებს?
_ მე საკრებულოს წევრი ვარ და ვერასდროს ნახავთ ჩემს ისეთ გადაწყვეტილებას, მე ხელი შემეშალოს ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელებაში.
_ ბატონო თემურ, მე გეკითხებით იმ განცხადებებზე, რომელიც გაგიკეთებიათ…
_ კი, ბატონო, ნამდვილად ვაკეთებდი მწვავე განცხადებებს და მქონდა შენიშვნები ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ. დღესაც არის ისეთი საკითხები, რომელიც მოსაგვარებელია და გამოსასწორებელი. მე მაშინ ამას ოპოზიციის რიგებიდან ვლაპარაკობდი, ახლა ვფიქრობ, რომ ჩემი მუნიციპალიტეტის ბედის გადაწყვეტილების მიღებაში, ოთხი წლის განმავლობაში მინდა ვიყო ჩართული.
_ თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ბატონი ბეგლარ სიორიძის გამარჯვების შემთხვევაში, კონკრეტულ თანამდებობას დაიკავებთ?
_არა, მ ეს არ მითქვამს. მე, როგორც მოქალაქე, ვერაფერს ამის შესახებ ვერ ვიტყვი. არანაირი საუბარი ამ თემაზე არ ყოფილა. მე ჩემი გამოცდილებით, მზად ვარ, ვიდგე ჩემი ოზურგეთის გვერდში.