„ქართული ოცნების“ ჩოხატაურის პარტიული სიის მეათე ნომერი მაია პაიჭაძე პარტიიდან აღარ გარიცხეს.
საქმე ეხება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილს, რომლითაც ის ღიად დაუპირისპირდა მმართველი გუნდის ხელმეორე მერობის კანდიდატ ირაკლი კუჭავას და, წინა მმართველობისას კანონდარღვევებში დასდო ბრალი. პაიჭაძე, რომელიც საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობს, პარტიულ სიაში მეათე ნომრად წარდგენას აპროტესტებს. პარტიის ცენტრალურმა ოფისმა პაიჭაძეს გაფრთხილება მისცა და საყვედური გამოუცხადა.
აღნიშნული ინფორმაცია „გურია ნიუსს“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარტიის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დიტო სამხარაძემ დაუდასტურა.
მისივე თქმით, პაიჭაძე გუშინ პარტიაში იყო დაბარებული და ახსნა-განმარტება დაწერა:
_ პარტიაში დავიბარეთ და დაწერა ახსნა-განმარტება. თქვა, რომ მეორეჯერ მსგავსი რამ არ განმეორდება და წერილი ემოციურ ფონზე დაწერა, ვერ შეიკავა თავი, რადგან, პაიჭაძის თქმით, ის და მისი ოჯახი 2006 წლიდან იბრძოდნენ „ნაციონალების“წინააღმდეგ. ამ ერთხელ ვაპატიეთ და გაფრთხილება მივეცით, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სამხარაძემ.
როგორც ჩანს, პარტიის მიერ განხილვის თემა მხოლოდ პაიჭაძის წინააღმდეგობა იყო და არა მის მიერ გაჟღერებული ბრალდებების საფუძვლიანობა “ოცნების“ კანდიდატის მიმართ. ასევე, “ნაციონალების“ წინააღმდეგ კონკრეტულად რა სახის ბრძოლაზე იყო საუბარი, სამხარაძეს არ დაუკონკრეტებია.
საზოგადოებაში პოლიტიკური მეხსიერების არარსებობის გამო, პოლიტიკაში ჩართული ბევრი ადამიანი ცდილობს, კრიტიკულ ვითარებაში ინერტულობა ან კონფორმიზმი სათავისოდ გამოიყენოს და სრულიად ურცხვად ირწმუნება, რომ“იატაკქვეშ“ “იბრძოდა“; ზოგისთვის კარიერულ წინსვლაში ეს მეტამორფოზა ხელისშემშლელი სულაც არაა, საჭიროების შემთხვევაში კი _ შემაფერხებელი ფაქტორი ხდება.
მედიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, სწორედ პოლიტიკური მეხსიერების “გაუმჯობესებაა“. თუ მედიაში დაფიქსირებულ ფაქტებს დავეყრდნობით, ვნახავთ, რომ პაიჭაძის მეუღლე, შოთა სირაძე 2010 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი გახლდათ; უფრო მეტიც _ იმ დროინდელი სახელისუფლებო პარტიის სიის მესამე ნომრად იყო წარდგენილი; შემდეგ, საკრებულოში „ნაციონალების“ ფრაქციას ხელმძღვანელობდა, და კარიერული წინსვლისთვის ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარის, მეგობრის და ნათელ-მირონის პარტიიდან გარიცხვასაც არ მოერიდა. თანაც, ფორმალურ გარიცხვას, რადგან მისმა წინამორბედმა თანამდებობა და საკრებულო, პროტესტის ნიშნად, გაცილებით ადრე, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, სირაძე კი საკრებულოს სხდომაზე თანაგუნდელებს უმტკიცებდა, რომ ფრაქციის თავმჯდომარის მიერ დაწერილი განცხადება არ მიეღოთ და უსიტყვოდ შეესრულებინათ ზემდგომის ბრძანება _ „გარიცხეთ, თორემ მისი ამ ფორმით წასვლა დაგვაზარალებს!“
შემდეგ, სირაძე მიწის ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე იყო და მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა 2010 წელს დაიწყო, რადგან პროკურატურამ აღმოაჩინა, რომ სირაძის მიერ, 2008-2009 წლებში, ბახმაროში ათეულობით მიწის ნაკვეთის ლეგალიზება უკანონოდ მოხდა.
ძებნილმა სირაძემ მაშინ ქვეყანა უპრობლემოდ დატოვა და მასზე, წლების მანძილზე, ძებნა ფორმალურად იყო გამოცხადებული. იმ პერიოდში, ბახმაროში დაკანონებული ნაკვეთების ჩამორთმევის პროცესიც დაიწყო და ბევრ ადამიანს, სრულიად უკანონოდაც დაათმობინეს მემკვიდრეობით მიღებული ქონებაც კი, რასაც საფუძვლად სირაძის მიერ, კომისიის გარეშე, ერთპიროვნულად მიღებული და ხელმოწერილი დოკუმენტები დაედო.
მაშინ რიგითმა ადამიანებმა, რომლებიც უსამართლობის მსხვერპლნი გახდნენ, ბევრი იბრძოლეს, თუმცა, სამართალს ვერ მიაღწიეს.
თავად სირაძეს, არც მაშინ და არც შემდგომ, ამ სქემაში მონაწილე პირები არ დაუსახელებია, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რეაბილიტაცია მოახერხა _ ჯერ სამართალდამცავებს ჩაბარდა, საპროცესო გარიგების დადებაც შეძლო და შემდეგ მუშაობაც დაიწყო ჩოხატაურის სპორტსკოლის დირექტორის მოადგილედ.
სირაძე დღეს ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, მხოლოდ გადაცდომა ჰქონდა, რის გამოც პასუხი უკვე აგო.
რაც შეეხება პაიჭაძეს, იმ პერიოდში, როცა მისი მეუღლე სამართალდამცავების მიერ იძებნებოდა, სამსახურიდან (ჩოხატაურის რაიონული საავადმყოფო) გაათავისუფლეს, თუმცა, მას შემდეგ, რაც „გურია ნიუსმა“ რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიებით დაამტკიცა, რომ პაიჭაძეს მეუღლის დანაშაულში ბრალი არ მიუძღოდა, სამსახურში აღადგინეს.
როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის არქივი მოწმობს, ამავე პერიოდში, „ნაციონალებთან 2006 წლიდან მებრძოლი“ ადამიანების ოჯახის წევრები ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც გადიოდნენ პრაქტიკებს და იმ დროინდელ მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს საჯაროდ მადლობებსაც ეუბნებოდნენ „ბახმაროს განვითარების გამო“.
ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცადეთ მაია პაიჭაძის კომენტარის მოპოვებას, თუმცა, მან სატელეფონო ზარებს არც ამჯერად უპასუხა.
ამავე თემაზე: “ოცნების” სიის მეათე ნომერს პარტიიდან რიცხავენ _ “გუნდის წინააღმდეგ წავიდა” (ექსკლუზივი)
ნინო წილოსანი: “ჩემთვის მიუღებელია ბრძოლა სიაში ადგილმდებარეობის გამო”
“ისეთივე უნიათო სია წარმოადგინე, როგორი გამგებლობაც შეძელი” _ სიის მეათე ნომრის ღია წერილი
“ოცნების” სიიდან “ამოვარდნილი” და განაწყენებული დეპუტატობის კანდიდატები გუბერნატორთან