29 სექტემბრის ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ ერთ-ერთ საკითხად მუნიციპალიტეტის მთავარ საფინანსო დოკუმენტში მორიგი ცვლილების გახორციელებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება გამოიტანა. როგორც ლაშხიას მოხსენებიდან გაირკვა, ა(ა)იპ „ტექ-სერვისმა“ გამგეობას წერილობით მიმართა, დამატებით 13 ათასი ლარის გამოყოფის თაობაზე.
„მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების გარე განათებაში შექმნილია რთული ვითარება ნათურებისა და სხვა მარაგი ნაწილების უკმარისობის გამო. მდგომარეობის გამოსასწორებლად სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ა(ა)იპ „ტექ-სერვისს“ 13 ათასი ლარი გამოეყოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თავისუფალი სახსრებიდან“, – ამბობს ლაშხია საკითხთან მიმართებაში.
მართალია, საკრებულომ ამ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მხარი დაუჭირა, თუმცა, მოქმედი საკრებულოს იმ დეპუტატებმა, რომლებიც მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში მაჟორიტარობისთვის მმართველი გუნდიდან არიან წარმოდგენილები, ზემონახსენებ სამსახურს მუშაობის ხარისხი დაუწუნეს.
„რამდენიმე თვეა, სოფლებში გარე განათების ნათურები არ გამოცვლილა და ქუჩები ჩაბნელებულია, ასევე, რიგ სოფლებში წყლის სისტემებიც მოსაწესრიგებელია. როცა სამსახური გამართულად მუშაობდა, მადლობასაც არ ვიშურებდით, მაგრამ ახლა, როცა აღარაფერი კეთდება უნდა გავჩუმდეთ?! ჩვენ ვიცოდით, რომ ის 23 ათასი ლარი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დამატებით გამოეყო ამ სამსახურს ბიუჯეტიდან, გარე განათებას უნდა მოხმარებოდა“, _ ისმოდა საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრთა მხრიდან.
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თქმით, „ტექ-სერვისის“ საქმიანობას აუდიტის სამსახური სწავლობს და რა მიზნობრიობითაც გაიხარჯა თითოეული თეთრი, აუდიტის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია _ საკრებულოს სხდომაზე „ტექ-სერვისისა“ და მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ნუგზარ ცინცაძის, იგივე „ცანცუას“ დაცვა, ამჯერად უმცირესობას მოუხდა. არადა, თვეების წინ სრულიად საპირისპირო სურათი იყო და უმრავლესობა სწორედ „ცანცუას“ ფაქტორს იყენებდა ოპოზიციის „დასაშოშმინებლად“.
უმცირესობის აზრით, მმართველი გუნდისთვის ნუგზარ ცინცაძე, რომელსაც ერთ დროს „ოცნების„ პარტიულ სიაში მოწინავე ადგილს უწინასწარმეტყბლებდნენ, ახლა საჭირო კადრი აღარაა.
„საკრებულოს თითქმის ყველა სხდომას ესწრებოდა ამ სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი და ეს სამსახური უმრავლესობის მხრიდან ყოველთვის იმსახურებდა მადლობას. მმართველი გუნდი აქამდე ყოველთვის ხმალამოღებული იბრძოდით ამ ა(ა)იპ-სთვის დამატებით თანხების მოძიებაზე, ახლა კი აღმოჩნდა, რომ თურმე ეს სამსახური და მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნუგზარ ცინცაძე, იგივე „ცანცუა“ ვერაფერს აკეთებდა. უმრავლესობის მხრიდან ნამდვილად მიუღებელია ამგვარი დამოკიდებულება. რეალურად ყველამ კარგად იცის, ის 23 ათასი ლარი სინამდვილეში რაში გაიხარჯა. გასულ ზამთარში ამ სამსახურს სოფლებში „პოსლეზე“ შეასრულებინეს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რაც გამგეობის მესამე სართულზე მიღებული დანაშაულებრივი გადაწყვეტილება იყო. როგორც ჩანს, ახლა „ცანცუა“ აღარ არის საჭირო კადრი „ოცნებისთვის“, _ ამბობენ ოპოზიციაში.