დღეს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას 78ა ნომრის ფასადზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის რაიონის ნუცუბიძის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, მარიკა დათუკიშვილმა ბანერი განათავსა, რასაც კორპუსის მოსახლეობა დაუპირისპირდა.
როგორც კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ, არჩილ სადუნიშვილმა „გურია ნიუსს“ განუცხადა, პარტიას კორპუსის ფასადზე ბანერის გაკვრის უფლება არ აქვს.
„კანონის მიხედვით, ვარ ამ კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე, ფასადი ეკუთვნის ამხანაგობას, საერთო სარგებლობისაა. ჩემი ნებართვის, ამხანაგობის წევრების ნებართვის გარეშე არავის შეუძლია, რომ ფასადი შეცვალოს. ჩვენ მაგის ნებართვა არ მიგვიცია“, _ ამბობს სადუნიშვილი.
კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებლის, რომან გელაშვილის თქმით, ბანერების გასაკრავად სპეციალური ადგილებია გამოყოფილი და კორპუსის ფასადზე ეს არ უნდა განათავსონ.
„დაუშვებელია კორპუსზე ბანერის გაკვრა. ნებართვა არის საჭირო მთელი მაცხოვრებლების, რომ ეს გაკეთდეს. ამ კორპუსის მაცხოვრებლები კი წინააღმდეგები ვართ. საცხოვრებელ კორპუსზე ეს არ კეთდება, არის გამოყოფილი სპეციალური ადგილები და იქ უნდა დამონტაჟდეს. “_ ამბობს გელაშვილი.
კორპუსის კიდევ ერთი მაცხოვრებელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ მაცხოვრებლებს არც ერთი პოლიტიკური პარტიის ბანერის გაკვრა არ ესიამოვნებათ.
„ეს არ არის ერთი პიროვნების საკუთრება, საერთო საკუთრებაა. ბანერი ხელს არ გვიშლის, უბრალოდ, არ გვსიამოვნებს და არ გვესიამოვნება არც სხვა პარტიების ბანერების გაკვრა ჩვენს კორპუსზე. ჩვენი კორპუსი სარეკლამო სააგენტო არ არის, რომ რეკლამები გააკრან“, _ თქვა მან.
შემთხვევის გამო ვაჟა-ფშაველას გამზირის 78ა ნომერთან ვაკის რაიონის გამგეობის, თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების უფროსი, დავით კვინიკაძეც მივიდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ზედამხედველობის სამსახური დაადგენს კანონიერად ხდება თუ არა ბანერის გაკვრა.
„კორპუსის ამხანაგობამ მოგვმართა ამ რამდენიმე წუთის წინ, რომ აქ უკანონოდ ხდებოდა ბანერის გაკვრა და ჩვენგან ითხოვა დახმარება. ჩვენ გადავეცით შესაბამის სამსახურებს, ზედამხედველობის სამსახურს. ისინი დაადგენენ კანონიერად ხდება თუ არა ამ ბანერის გაკვრა. მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ამხანაგობას ბანერის გაკვრაზე ნებართვა არ გაუცია. ეს არის ამხანაგობის საკუთრება, კერძო საკუთრება და შესაბამისად ბანერის გაკვრას სჭირდება ნებართვა,“ _ ამბობს კვინიკაძე.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის რაიონის ნუცუბიძის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, მარიკა დათუკიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ბანერის გაკვრას მხოლოდ რამდენიმე მოსახლე ეწინააღმდეგება, მათი ნაწილი კი თანახმაა.
ის ასევე ამბობს, რომ ბანერის გაკვრის მოწინააღმდეგეებს სათავეში დავით კვინიკაძე უდგას.
„ვერ ვიტყვი, რომ მოსახლეობა ბანერის გაკვრას აპროტესტებს, რამდენიმე გაურკვეველი ადამიანია, რომლებიც ამბობენ, რომ ამ კორპუსში ცხოვრობენ, მაგრამ მე ვნახე სხვა ადამიანებიც, რომლებიც ნამდვილად ამ კორპუსში ცხოვრობენ და ამბობენ, რომ საწინააღმდეგო არაფერი აქვთ ამ ბანერის გაკვრასთან დაკავშირებით. ეს ბანერი იკვრება მხოლოდ და მხოლოდ იმ ფართზე, რომელიც დღეს ოფიციალურად „ნაციონალური მოძრაობის“ მფლობელობაში არის და არ გადადის სხვა კერძო საკუთრებაზე. ამას აპროტესტებს რამდენიმე ადამიანი, როგორც უკვე აღვნიშნე. ამ რამდენიმე ადამიანს სათავეში უდგას გამგეობის მოქმედი თანამდებობის პირი დავით კვინიკაძე, რომელიც არის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი და ამ ადამიანებთან ერთად აპროტესტებს ამ ბანერის გაკვრას. რა თქმა უნდა, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ როდესაც ბირბიჩაძე, რომელიც არის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც იყო ვაკის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე, ადმინისტრაციული რესურსი დარაზმულია, იმიტომ, რომ კაცმა, რომელიც არავინ იცის ვინ არის, როგორმე მოიგოს ეს არჩევნები. მესმის, რომ ერთი ბანერის გამოკვრამაც ეს ადამიანები გააღიზიანა. მაგრამ ამ ქვეყანაში არსებობს ზედამხედველობის სამსახური, საპატრულო პოლიცია, ნებართვები და გამგეობის თანამშრომელს არ აქვს უფლება ასე ხულიგნურად ადამიანების მობილიზება მოახდინოს და შემიშალოს ხელი ამ ბანერის გაკვრაში. თუ რამეს ვარღვევ უნდა შედგეს დარღვევის ოქმი, უნდა მომეცეს გონივრული ვადები და მე დავემორჩილები, რასაკვირველია, ყველანაირ კანონიერ გადაწყვეტილებას. საქმის კურსში ჩავაყენე უწყებათაშორისი კომისია. ეს კომისიაც აუცილებლად დაინტერესდება და დაველოდები უკვე შემდგომ შედეგებს. ვარ საკრებულოს მოქმედი წევრი და გავარკვიე, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ნებართვები და ისე აქვთ ოფისებზე ბანერები გამოკიდებული. შესაბამისად, მეც არ ჩავთვალე საჭიროდ წინასწარ ამეღო ნებართვა“, _ ამბობს დათუკიშვილი.
„გურია ნიუსი“ იმის გასარკვევად აქვთ თუ არა „ქართული ოცნებას“ ოფისებზე ბანერების გასანთავსებლად ნებართვები აღებული პარტიას დაუკავშირდა.
„სარეკლამო ბანერები სრულიად შესაძლებელია განთავსდეს კორპუსის ფასადებზე. ოფისების ნაწილი კერძო საკუთრებაში გვაქვს, ზოგიც ნაქირავებია და თუ მესაკუთრისგან არ არის არანაირი წინააღმდეგობა ან კორპუსის ამხანაგობა არ გამოთქვამს წინააღმდეგობას, არანაირი ნებართვა საჭირო არ არის. ჩვენ ყველაფერი გვაქვს აბსოლიტურად კანონის დაცვით განთავსებული და არც მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობა არ შეგვხვედრია“,_ამბობენ „ქართულ ოცნებაში“.
ამავე თემაზე: