ქუთაისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
სასამართლო სხდომებზე ბრალდების მხარემ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოიკვლია. დაიკითხა ათობით მოწმე, გამოკვლეული იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის იარაღი – გ.გ.-ს კუთვნილი სანადირო თოფი.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 8 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გ.გ.-მ შელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ სახლში სანადირო თოფიდან ესროლა ძმას -კ.გ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობის შედეგად კ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ.გ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ გ.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით განუსაზღვრა.