იმისთვის, რომ არ მისცეთ მეხსიერებას შესუსტების საშუალება, უზრუნველყოთ აღქმული ინფორმაციის სწრაფად დამახსოვრება და, საზოგადოდ, მოახდინოთ დამახსოვრების პროცესის ოპტიმიზაცია, საჭიროა:
– დაიცვათ ძილის რეჟიმი! გამოკვლევებითა და დაკვირვებებით დადგენილია, რომ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად გამოუძინებლები არიან, ადრეულ ასაკში ეწყებათ ინფორმაციის დამახსოვრება-რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები.
– საკვები რაციონი მაქსიმალურად გაამდიდრეთ ისეთი პროდუქტებით, რომლებიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს გონებრივ ფუნქციებზე. სასარგებლოა: ცხიმიანი თევზი, მზესუმზირა, ნიგოზი, ფოთლოვანი ბოსტნეული, ხორბლის ღივი, დაუმუშავებელი მარცვლეული, მაყვალი, ბროკოლი, შავი მოცხარი, ნიორი და პომიდორი.
– რეგულარულად მიირთვით მცენარეული ნაყენები, ე.წ. სამკურნალო ჩაის სახით. ყოველდღე ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, მისდიეთ სპორტს.
გახსოვდეთ: ის, ვინც ამ წესებს იცავს, ყოველთვის კარგი მეხსიერებით გამოირჩევა. რაც უფრო ადრეულ ასაკში მიაქცევთ ყურადღებას საკუთარ ჯანმრთელობას და დაიწყებთ ჯანსაღი წესით ცხოვრებას, მით უფრო დიდი ხნით შეინარჩუნებთ ინფორმაციის დამახსოვრებისა და რეალიზაციის სრულყოფილ ფუნქციას!
ისიც ცნობილია, რომ მეხსიერების გასაუმჯობესებლად დიდი მნიშვნელობა აქვს მის მუდმივ წვრთნას. თანამედროვე კვლევებით დადგენილია, რომ მეხსიერების აქტიური ფუნქციისათვის რეკომენდებულია ახალი მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღება და დაგროვება. თურმე, მეხსიერება ყველაზე უკეთ განიცდის წვრთნას და უკეთ გვამახსოვრდება ყოველი ახალი ინფორმაცია, როდესაც მოქმედების კანონი ერთდროულად ეფუძნება ინტერესსა და მიზანს. პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს ნიშნავს იმას, რომ ახალ ენას უფრო ადვილად შეისწავლით და დაიმახსოვრებთ, თუ ბავშვთან ერთად იმუშავებთ, ანუ მიზნად დაისახავთ, პატარასაც ასწავლოთ უცხოური სიტყვები. ან მაგალითად, მებაღეობისა თუ მეყვავილეობის პრინციპებს უფრო იოლად გაეცნობით და დაიმახსოვრებთ, თუ ერთდროულად წაკითხულის პრაქტიკულ რეალიზაციასაც მოახდენთ, ანუ ოთახის ყვავილების მოვლა-გამრავლებას, ან მებაღეობას მიჰყოფთ ხელს.