მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, განსაკუთრებული ზეიმითა და ქველმოქმედებით გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლაში. სოფლის მკვიდრმა, გურიის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ნესტორ მიქატაძემ კვლავ გაახარა 45 მასწავლებელი და თითოეული მოსწავლე და ახალი წიგნები უსახსოვრა სკოლას, რომლის მთლიანი ღირებულება ხუთი ათასი ლარია.
_ ამ ადამიანის მიერ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი სკოლის ისტორიას უდიდეს მამულიშვილურ სინათლედ შემორჩება. 45 პედაგოგი სპეციალური მასწავლებლის დღიურით და წიგნებით დაჯილდოვდა. თითოეულ წარმატებულ მოსწავლეს კი გადაეცა ასევე ძვირფასი საჩუქარი _ წიგნი. მასწავლებლებს უსახსოვრა მეთოდური სახელმძღვანელოები. რა უნდა ვთქვათ, სიხარულმაც იცის ზოგჯერ დამუნჯება. ეს ადამიანი, მერამდენე წელია, უხმაუროდ ეწევა ქველმოქმედებას, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის განსწავლულობისთვის გადადგმული ნაბიჯია”, _ გვითხრა მერიის საჯარო სკოლის დირექტორმა ავთო კეჭაყმაძემ.
სკოლაში ამავე დღეს გაიმართა ღონისძიება „ვინ _ უკეთ, ვინ _ სწრაფად“. მოსწავლეებმა იუმორისტული ნომრები წარმოადგინეს, რომლის ერთ-ერთი ნომინაცია მასწავლებელთა კარიკატურების ამოცნობა იყო.
სკოლის პედაგოგმა ციური ბაბილოძემ აღნიშნა, რომ წლევანდელი ზეიმი ორმაგი სიხარულითაა დატვირთული _ ნესტორ მიქატაძის მამულიშვილური სიყვარულით ნასაზრდოები ქველმოქმედება, სიმბოლურად გამოიხატა იმ ფაქტით, რომ სკოლის კურსდამთავრებული მიხეილ კეჭაყმაძე ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
ნესტორ მიქატაძემ განსაკუთრებული მადლიერებით მიძღვნილი წიგნი თავისი პირველი კლასის მასწავლებელს ლელი მამულაშვილს გამოუგზავნა, რომელიც დღესაც ენერგიულად აგრძელებს მერიის საჯარო სკოლაში მუშაობას.