ახლახან, ხონში საზეიმოდ გაიხსნა მსოფლიო დონის კომიკოსის, მსახიობ იპოლიტე ხვიჩიას ბიუსტი. ის ხონის კულტურის ცენტრის წინ განთავსდა და ამავე ცენტრს იპოლიტე ხვიჩიას სახელი მიენიჭა.
ინიციატივა ამ ბიუსტის გახსნის შესახებ და ფინანსური მხარდაჭერა ეკუთვნის კონსტანტინე ჩხენკელის სახელობის ხონის კულტურული აღორძინების ცენტრს, რომლის დამფუძნებელიც არის პოეტი ქალბატონი, ხონელი საზოგადო მოღვაწე თინა ჭელიძე.
ამავე დღეს, 30 სექტემბერს, საფუძველი ჩაეყარა იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ქართული იუმორისტული ფესტივალის ჩატარების ტრადიციას _ ყოველი წლის 30 სექტემბერს ის საზეიმოდ გაიმართება და მონაწილეობას მიიღებს იმერეთის მუნიციპალიტეტის იუმორისტული ჯგუფები.
ბიუსტის ავტორია სკულპტორი გიორგი კიკვაძე. აღსანიშნავია, რომ მისივე ავტორობით ქუთაისში დღემდე იპოლიტე ხვიჩიას ორი ძეგლია დადგმული, ეს კი მესამე ნამუშევარია.