“შევძელი, ადამიანებთან მაქსიმალური ურთიერთობა მქონოდა და ჩემი ყურადღება ყოველთვის ეგრძნოთ. ალბათ, ამის შედეგი იყო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოკვეთილი ლიდერი ვიყავი და ჩვენს თემში, სადაც 1400 ოჯახი ცხოვრობს, ხმათა 75% მოვაგროვე” _ ასე იხსენებს “ქართული ოცნების” ლანჩხუთის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი ჩოჩხათის რწმუნებულის თანამდებობაზე გატარებულ წელიწადნახევარს, რომელმაც მისი, როგორც პოლიტიკოსის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა.
თუმცა, ყველაფერი ამით არ დაწყებულა _ ალექსანდრე სარიშვილი ერთ-ერთი აქტიური რევოლუციონერია, რომელიც სტუდენტობისას ასლან აბაშიძის რეჟიმს ებრძოდა, შემდეგ “ნაციონალურ მოძრაობას”, მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი მასზე დიდი ზეწოლას ახორციელებდა.
უფრო კონკრეტულად კი, როგორია 32 წლის გამგებლობის კანდიდატის, სოფელ ჩოჩხათის მაჟორიტარი დეპუტატის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსოსაბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის; “ქართული ოცნება _დემოკრატიული საქართველოს” ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებლის და პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის ცხოვრების გზა და სამომავლო გეგმები ამ ინტერვიუდან შეიტყობთ.
– დავიბადე ლანჩხუთის რაიონის სოფელ კოკათში (ჩოჩხათში). მამაჩემი, ბადრი სარიშვილი, პროფესიით აგრონომია, ხოლო დედა, მედეა (მარინა) ვადაჭკორია _ ბუღალტერი. სკოლა ჩოჩხათში დავამთავრე. მეორე წელს, ბათუმში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩავაბარე და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ვიყავი. აქტიურად ვატარებდით “მხიარულთა და საზრიანთა კლუბის” კონკურსს, ბანაკებიც ამ პერიოდში დაფუძნდა. აქტიურად და ეფექტურად ვთანამშრომლობდით აჭარის ახალგაზრდულ დეპარტამენტთან, _ ყვება ალექსანდრე სარიშვილი.
– სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს, “აჭარის რევოლუციის” დროს რა პოზიცია გქონდათ?
– ერთ-ერთი აქტიური რევოლუციონერი ვიყავი და ასლან აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდი. უსამართლობას, ადამიანის ჩაგვრას ვერ ვეგუები. ბუნებით ვარ ასეთი. აქტიურად ვიყავი ჩართული აქციებშიც და რეზინის ხელკეტების სიმწარეც არაერთხელ განმიცდია. იარაღიც დაგვიმიზნეს ერთხელ სტუდენტებს ეკლესიასთან და ამ ფაქტმა მაშინ საზოგადოების დიდი პროტესტიც გამოიწვია. საინტერესო სტუდენტური ცხოვრების შემდეგ, სავაჭრო აგენტად, ბერძნულ კომპანია “პონტოსტარში” დავიწყე მუშაობა, რომელიც მრავალი დასახელების პროდუქციას აწარმოებდა. ზოგადად, მენეჯერული თვისებები ყოველთვის მქონდა და აქაც ძალიან გამომადგა, თუმცა, ჩემი და ზემდგომის ხედვები არ დაემთხვა ერთმანეთს და ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დავტოვე. ამის შემდეგ, ბუღალტერია შევისწავლე, კერძო ბიზნესი _ თხილის პატარა მეურნეობა მაქვს.
– უსამართლობასა და ადამიანის ჩაგვრას თუ ვერ ეგუებოდით, 2005 წლიდან 2011 წლამდე “პასიურ რეჟიმში” ცხოვრება არ გაგიჭირდათ?
– “პასიურ რეჟიმში” სულაც არ ვყოფილვარ. 2005 წლიდან, როგორც კი მივხვდი, ხელისუფლებაში მოსული ადამიანები მართვის რა მეთოდებს იყენებდნენ, ავტომატურად გამიჩნდა პროტესტი. ამის შემდეგ, თბილისში და ბათუმში დაგეგმილ ყველა მნიშვნელოვან აქციაში ვმონაწილეობდი. 2011 წელს კი, წავედი ჩემს მშობლიურ გურიაში და ორგანიზაცია დავაფუძნეთ _ საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც მაშინ პარტიის სახეც (ვგულისხმობ “ქართულ ოცნებას”) არ ჰქონდა. სხვაგვარად არ შემეძლო, რადგან ზუსტად იგივე განცდა და შესაბამისად, ისეთივე პროტესტი მქონდა, როგორც უნივერსიტეტში, ასლან აბაშიძის დროს. მახსოვს, პოზიციას რომ ვაფიქსირებდი, მაჩუმებდნენ. ეს საშინელება იყო. ისიც საშინელება იყო, რომ სოფელში ჩასულს, ადამიანები, რომლებსაც ობიექტურ ინფორმაციას მოკლებული იყვნენ, “ნაციონალური მოძრაობის” ინოვატორულ თვისებებზე მესაუბრებოდნენ. ვამბობდი, რომ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით შეიძლება მართლაც გააკეთეს რაღაც, თუნდაც ჩემი საყვარელი ქალაქი ბათუმი, მაგრამ ეს ადამიანების ჩაგვრისა და დაშინების ხარჯზე ხდებოდა, რაც მიუღებელი იყო. ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ, ისევ ზეწოლა დაიწყო. მოქალაქეები ჩემთან გამოჩენას ერიდებოდნენ. მერე დაიწყო მუქარა, შანტაჟი და სხვადასხვა შემოთავაზება, რომ გავჩერებულიყავი.
– თავად რა გააკეთეთ სოფლის რწმუნებულის ან ლანჩხუთის საკრებულოს წევრის პოზიციიდან?
– სოფლიდან წამოვიდა ინიციატივა, რომ რწმუნებული მე ვყოფილიყავი. ამ პოზიციაზე წელიწადნახევარი ვიმუშავე. რომ გითხრათ, ბევრი რამ შევძელი-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ შევძელი, ადამიანებთან მაქსიმალური ურთიერთობა მქონოდა და ჩემი ყურადღება ყოველთვის ეგრძნოთ. ალბათ ამის შედეგი იყო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოკვეთილი ლიდერი ვიყავი და ჩვენს თემში, სადაც 1400 ოჯახი ცხოვრობს, ხმათა 75% მოვაგროვე. ბოლო წლებია, საკრებულოში ჩოჩხათის მაჟორიტარი დეპუტატი, პარალელურად, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარ. ვფიქრობ, ნაყოფიერად ვიმუშავეთ.
ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურობითა და ჩემი მაქსიმალური ჩართულობით, გულიანი-სუფსის შემაერთებელი გზის 11-კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე დაგებულია. ეს სოფლის მცხოვრებლების დამსახურებაა. რამდენიმე მშვიდობიანი აქციაც კი მოაწყვეს ამ მოთხოვნით და სხვათა შორის, მაშინ მათ გვერდით ვიდექი – მათი არჩეული ვარ და სხვაგვარად მოქცევის უფლება არც მქონდა. სანიაღვრე არხების მოწყობაც უახლოეს მომავალში დასრულდება. ვფიქრობ, საკრებულოს ერთ-ერთი აქტიური დეპუტატი ვიყავი. გარევაჭრობასთან, ასევე, ჯიხეთის მონასტერთან დაკავშირებით მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ამ მონასტერს უამრავი ვიზიტორი სტუმრობს და მომზადებულია პროექტი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ტურისტულ-რეკრეაციული ზონის მოწყობას გულისხმობს.
– თუ ლანჩხუთელები მხარს დაუჭერენ თქვენს კანდიდატურას მერის პოსტზე, რის გაკეთებას აპირებთ?
– ჩვენ ძალიან მწირი ბიუჯეტი გვაქვს. ძირითადად, ტრანსფერზე ვართ დამოკიდებული. უმუშევრობა ლანჩხუთელების ყველაზე დიდი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არის ინფრასტრუქტურული პრობლემებიც. წყალმომარაგების სისტემაა მოსაწესრიგებელი, გაზიფიცირების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ამ საკითხებს აუცილებლად მოვაგვარებთ, მაგრამ ვფიქრობთ, ჩემთვის პრიორიტეტი მაინც განათლების ხელშეწყობა იქნება, რაც ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედია. განათლების განვითარება სკოლამდელი ასაკიდან უნდა დაიწყოს. უმნიშვნელოვანესია უფასო ბაღების პროგრამა. პირადად ჩემთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე მეტად თუ არა, არანაკლებ მნიშვნელოვანია. სკოლამდელ აღზრდას უდიდესი ყურადღება ექცევა. მუნიციპალიტეტში ბოლო 3,5 წლის განმავლობაში ექვსი ახალი საბავშვო ბაღია აშენებული. ახალი ბაღების მშენებლობა, ძველების მოწესრიგება, ჩვენი პრიორიტეტი იქნება. ბიუჯეტი რის საშუალებასაც მოგვცემს, ყველაფერს გავაკეთებთ.
ჩვენთან ძალიან ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს. გურული გლეხი, გონებამახვილი და პრაქტიკულია. მათ მაქსიმალურად მივაწვდი ინფორმაციას, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის შესახებ. ვინც მიცნობს, იცის, ტყუილსა და ზოგადად, დაპირებებს ვერ ვიტან. მაქსიმალურ ყურადღებას მივაქცევ და მაქსიმალური კომუნიკაცია მექნება თითოეულ ადამიანთან. მე მათ უნდა ვემსახურო და მათთან ერთად, გუნდის მხარდაჭერით, ჩვენ ყველა გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდებით.