მკვლელობა გურიანთაში რამდენიმე დღის წინ და მკვლელობა ამავე სოფელში რამდენიმე წლის წინ; ორივე გაუხსნელი და რეზონანსული; ორივე ერთი და იგივე ხელწერით და სცენარით შესრულებული_ ღამით, დაახლოებით 11 საათისთვის, საკუთარ ეზოში, მანქანიდან გადმოსვლის და ჭიშკრის გაღების დროს ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილული ირაკლი ტარიელაძე და გოჩა გუჯაბიძე; ორივე მკვლელობაში ერთი და იგივე სახელის ჟღერს _ გ. ს. და დ. კ., რომლებიც მოწმის სახით იკითხებიან შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში.
საზარელი და ასევე რეზონანსული მკვლელობა მოხდა 20 ივლისს, ქალაქ ოზურგეთში იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე _ ნათლულის სახლის წინ, საკუთარ ავტომობილში 42 წლის გურამ ფოცხიშვილი და მის დის ქმარი _ 33 წლის დიმა ომოლჩენკო ჩაცხრილეს.
“გურამ ფოცხიშვილს “კალაშნიკოვის” ავტომატიდან და “მაკაროვის” სისტემის იარაღიდან ესროლეს”, _აღნიშნული მკვლელობის საქმეზე როგორც პოლიციის, ისე პროკურატურის კომენტარი ერთნაირია: “მიმდინარეობს გამოძიება”.
2015 წლის 16 თებერვალს, 24 წლის ირაკლი კვაჭანტირაძე ქალაქ ოზურგეთში, ე. წ. “მოიდანახეს” სასაფლაოზე ჩაცხრილეს. მკვლელების ვინაობა დღემდე დაუდგენელია. კვაჭანტირაძე გურამ ფოცხიშვილის მეზობელი იყო.
ბოლო წლებში გახმაურებული რეზონანსული მკვლელობები, საზოგადოების, ასევე, მოკლულის ოჯახის წევრების თქმით, ერთმანეთს უკავშირდება.
2013 წლის შემდეგ, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის არა ერთი უფროსი შეიცვალა გუნდთან ერთად, თუმცა, აღნიშნულ საქმეები მაინც ვერ თუ არ იხსნება.
როგორც რამდენიმე მოკლულის ოჯახის წევრები ამბობენ, მათ მიერ მიცემული არა ერთი ჩვენების მიუხედავად, სადაც ისინი კონკრეტულ ეჭვმიტანილებს ასახელებენ, საქმეები მაინც გაუხსნელია. მათივე თქმით, პოლიცია ნებისმიერ დანაშაულზე ფლობს ინფორმაციას, იცის, როგორც დამკვეთის, ისე შემსრულებლების ვინაობა, თუმცა, სამართალდამცავები არანაირ რეაგირებას არ ახდენენ. დაღუპულების ახლობლები ფიქრობენ, რომ პოლიცია ან თავად არის მკვლელობის დამკვეთი ან ვიღაცის წინაშე ანგარიშვალდებულების გამო, დამნაშავეებს ხელს აფარებს.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, არის თუ არა ახალი დეტალები ამა თუ იმ მკვლელობის საქმეში.
გურამ ფოცხიშვილის დედა სირენა ფოცხიშვილი ამბობს, რომ ის ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ არის მისი შვილისა და სიძის სავარაუდო მკვლელი, თუმცა, ჯერჯერობით, გამოძიების ინტერესებიდან, ვინაობას ვერ დაასახელებს:
სირენა ფოცხიშვილი: “თუ კი ჩემმა შვილმა რაიმე დააშავა, ფეხი ან ხელი მოეტახათ, რატომ მოკლეს?! ეს არის არაადამიანების ქმედება.
ამდენ ხანს რატომ არ გამოიძიეს ეს საქმე, ან რომელია გამოძიებული?” _ ამბობს სირენა ფოცხიშვილი.
მისივე თქმით, გურამ ფოცხიშვილი ბოლოს დროს ბიზნესით იყო დაკავებული:
_ გურამი თავად მივიდა პოლიციაში და განაცხადა, რომ სურდა ახალი ცხოვრებით ეცხოვრა.
მან მიწის ფართობი იყიდა ქალაქ ოზურგეთში და სურდა მარკეტი აეშენებინა. არც იარაღით აღარ დადიოდა.
პოლიციაში დავდივარ და ვკითხულობ ამბავს. რაღაც ინფორმაციები გვაქვს, მაგრამ არ მინდა ჯერ ამის თქმა.
ერთი თვე უთვალთვალებდნენ ჩემს შვილს _ არიან ამის თვითმხილველები, პოლიციამაც ყველაფერი იცის, _ ამბობს მოკლული გურამ ფოცხიშვილის დედა და იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მოკლულ ირაკლი კვაჭანტირაძეს ძალიან უყვარდა გურამი.
ირაკლი კვაჭანტირაძის დედამ მარგო კვაჭანტირაძემ მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა.
მოკლული გოჩა გუჯაბიძის დედა ნათელა და და თეა გუჯაბიძეები კი ამბობენ, რომ მიუხედავად გოჩას მამის _ ვარდენის მიერ მიცემული ჩვენებისა, პოლიციამ საქმე მაინც არ გახსნა:
_ არავის არ “აწყობს” ამ საქმის გახსნა და გახმაურება. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ხმას არავინ იღებს, _ ამბობენ გუჯაბიძის ოჯახის წევრები და ფიქრობენ, რომ გოჩას მკვლელობას ირაკლი კვაჭანტირაძის მკვლელობასთან კავშირი ჰქონდა.
ნათელა გუჯაბიძის თქმით, სანამ მოკლავდნენ, მისმა შვილმა დაასახელა ის ადამიანები, რომლებიც მის მოკვლას აპირებდნენ. ქალბატონი ნათელა მკვლელობის შემსრულებლებსაც ასახელებს და ამბობს, რომ გოჩა ზუსტად იგივე ხელწერით არის მოკლული, როგორც ტარიელაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ მკვლელობებთან დაკავშირებით ჩვეული კომენტარით იფარგლებიან: “მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”.