ტრანსპორტი, საბავშვო მოედნები, დახურული შენობა-ნაგებობები, რომლის ებსაც 50%-ზე მეტი კედლები აქვს, გარდა საკუთარი საცხოვრებელი სახლებისა- ეს ის ადგილებია, სადაც 2018 წლის მაისიდან თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის, ელექტრონული სიგარეტისა და ჩილიმის მოწევა იკრძალება.
აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა 2017 წლის 17 მაისს, 85 ხმით, ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა თუ რას ფიქრობს საზოგადოება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ელექტრონული სიგარეტისა და ჩილიმის მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით, რის გასარკვევადაც, თბილისის ქუჩებში შემთხვევითი შერჩევით მოქალაქეები გამოიკითხა.
გიგა კულუას თქმით, ჩილიმის და ელქტრონული სიგარეტის მოწევა უნდა აიკრძალოს.
„ვფიქრობ, რომ რადგან ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევა აკრძალეს, ჩილიმის და ელექტრონული სიგარეტის მოწევაც უნდა აიკრძალოს, საერთოდ, არც უნდა იყიდებოდეს“,_ამბობს კულუა.
ნიკა სახიაშვილი კი მიიჩნევს, რომ მწეველებისთვის კაფე-ბარებში ცალკე ზონა უნდა გამოყონ.
„ტრანსპორტში უნდა აიკრძალოს, მაგრამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად, ბარებში, რა თქმა უნდა, არ უნდა აიკრძალოს. გასაგებია, რომ უმრავლესობას არ მოსწონს, მაგრამ ვისაც მოსწონს იმათმა რა ქნან? ასე რომ უნდა იყოს გამოყოფილი ისეთი ადგილები, სადაც თავისუფლად მოწევენ ჩილიმს და ელექტრონულ სიგარეტსაც“,_ამბობს სახიაშვილი.
ლელა თავაძეს თქმით კი მოწევის აკრძალვა ბიზნესს დააზარალებს.
„არ ვფიქრობ, რომ ჩილიმის და ელექტრონული სიგარეტის მოწევა უნდა აიკრძალოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რადგან ხალხი აქ დასასვენებლად დადის და შესაბამისად, ეს აკრძალვა ბიზნესს დააზარალებს“,_ამბობს თავაძე.
ნუნუ ფარესიშვილის თქმით, მოწევა საერთოდ უნდა აიკრძალოს.
„მოწევა უნდა იკრძალებოდეს, რადგან ის ვნებს როგორც მწეველის, ასევე არა მწეველი ადამიანების ჯანმრთელობას“, _ ამბობს ფარესიშვილი.
აკაკი ხუციშვილი კი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ სიგარეტის მოწევა უნდა აიკრძალოს, ელექტრონული სიგარეტისა და ჩილიმის კი არა.
„სიგარეტის მოწევა უნდა აიკრძალოს, მაგრამ ჩილიმის და ელექტრონული სიგარეტის არა. იმიტომ რომ ელექტრონული სიგარეტი არ აზიანებს გარემოს და არ ვნებს სხვის ჯანმრთელობას, ისე როგორც სიგარეტი. სიგარეტს როდესაც ეწევი და სხვას ასუნთქინებ ეს იგივეა, რომ იმ სხვასაც აწევინებ, ჩილიმი კი უბრალოდ არის გასართობი გემოს მქონე მოსაწევი“,_ამბობს ხუციშვილი.
გივი მგელაძის თქმით, მოწევა არ უნდა იკრძალებოდეს.
„მოწევა არ უნდა იკრძალებოდეს თუ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრების სურვილი გვაქვს“,_ამბობს მგელაძე.
კიდევ ერთი გამოკითხულის, ალიკა ტრეგუბოვის თქმით, მოწევა უნდა აიკრძალოს.
„ყველანაირი სახის მოსაწევი უნდა აიკრძალოს, ერთი მეორეზე უარესია“,_ამბობს ტრეგუბოვი.
როგორც ცნობილია, თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით ყოველ წელს 11 000 ადამიანი იღუპება, რომელთაგან 3 000 პასიური მწეველია.
რას შეიცავს ელექტრონული სიგარეტი და ჩილიმი, ასევე არის თუ არა საზიანო ადამიანის ჯანმრთელობისთვის_ამ საკითხებზე „გურია ნიუსს“ თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე ესაუბრა.
როგორც ბახტურიძე ამბობს, ჩილიმში და ელქტრონულ სიგარეტში შემავალი ნივთიერებები ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
„ჩილიმში არის კონცენტრირებული ქიმიური ნაერთების უამრავი მასა, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს განსაკუთრებით ზედა სასუნთქ გზებს, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემას. ეს არის სერიოზული საფრთხის შემცველი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ესეც დამოკიდებულების პროდუქტია და გვესმის, რომ ძნელია მასზე თავის დანებება. ვაპოვაიზერიც იგივე ელექტრონული ჩილიმია, რომელშიც ნიკოტინიც შედის და სხვა ქიმიური დანამატებიც. სხვათაშორის, ისეთი ქიმიური დანამატები, რომელთა წარმომავლობაც არავინ იცის და რა ზიანს მოახდენს უახლოეს პერიოდში ადამიანის ჯანმრთელობაზე უცნობია. მაგრამ რაც შესწავლილია ელექტრონულ სიგარეტზე და ჩილიმზე, არის ის, რომ მასში არის როგორც ტოქსიკური, ასევე კარცოგენული ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ კიბოს. ელექტრონულ სიგარეტში შემავალი ნივთიერებები იწვევს ემფიზემას, პაციენტი უფრო მალე იღუპება, ვიდრე ჩვეულებრივ სიგარეტის მოხმარებით. ელქტრონულ სიგარეტს ასევე შეუძლია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კიბოს გამოწვევა. ის, როგორც მწეველისთვის ასევე გარშემომყოფების ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს“,_ამბობს ბახტურიძე.
მისივე თქმით, ელექტრონულ სიგარეტზე ახალგაზრდების 15-16% უკვე დამოკიდებულია.
„50 ქვეყანაში ელექტრონული სიგარეტის რეალიზაცია აკრძალულია, 50-ში არის დარეგულირებული, როგორც თამბაქოს პროდუქტი და მისი რეკლამა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა აკრძალულია. ჩვენ შუალედური ნორმა გამოვიყენეთ, როგორც ელექტრონულ სიგარეტზე, ასევე ჩილიმზე. ჩილიმი მოწიონ გარეთ. არც სიგარეტი არ ყოფილა ჩვენი კულტურის ნაწილი, რუსეთის იმპერიის დროს შემოვიდა და გავრცელდა. რაც შეეხება ელექტრონულ სიგარეტს 5-6 წლის უკან შემოვიდა და ახალგაზრდების დიდი ნაწილი დაიპყრო. იმიტომ რომ მოდურია და ასევე პრომოუიტირებული იყო, როგორც თამბაქოზე თავის დანებების საშუალება. რამაც გამოიწვია ის, რომ ახალგაზრდების 15-16% მასზე დამოკიდებული გახდა. ამ შემთხვევაში გამოსავალი ერთია, რომ არც თამბაქო, არც ელექტრონული სიგარეტი და არც ჩილიმი დახურულ შენობებში არ უნდა იწეოდეს, გარდა პირადი სახლებისა. თუ ჩილიმი რომელიმე კაფე-ბარში დაფიქსირდება ის დაჯარიმდება, რადგან ეს უკვე ნიშნავს კანონ დარღვევას“,_ამბობს ბახტურიძე.
როგორც დაავადებათა კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი ამბობს, მოწევის სრულ აკრძალვას რესტორნებსა და ბარებში მხარს მწეველების 60% უჭერს.
„გასულ წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველო ჰაერის დაბინძურების კუთხით მსოფლიოში 1 ადგილზეა. ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი შეშის კვამლთან ერთად არის თამბაქოს კვამლი. თამბაქოს მოწევა სრულად უნდა აიკრძალოს დახურულ შენობებში რომ დაცული იყოს იქ მომუშავე პერსონალი, გარედან შესული კლიენტები და მწეველებიც, რომლებსაც არ სიამოვნებთ სხვისი კვამლის ჩასუნთქვა. მწეველებს შორის 60 % მხარს უჭერს თამბაქოს მოწევის სრულად აკრძალვას რესტორნებსა და ბარებში“,_ამბობს ბახტურიძე.
როგორც ცნობილია, 2018 წლის 1 მაისიდან ასევე აიკრძალება თამბაქოს რეკლამა. გარდა ამისა, იმ ფილმების გაშვების წინ სადაც სიგარეტის მოწევის კადრებია ნაჩვენები, სავალდებული გახდება თამბაქოს საწინააღმდეგო რეკლამის გაშვებაც.
კანონის მიხედვით, 2018 წლის 1 სექტემბრიდან აიკრძალება თამბაქოს პროდუქციის გარე ხილვადობა სავაჭრო ობიექტების გარე ვიტრაჟებში, ასევე აიკრძალება დრაივ-თამბაქო. 2021 წლიდან კი აკრძალვა შეეხება თამბაქოს ნაწარმის შეიდა ხილვადობასაც.
გარდა ამისა, 2018 წლის 1 იანვრიდან სიგარეტის კოლოფებზე სავალდებულო გახდება თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული ფოტოების, პიქტოგრამების დატანა.
ამავე თემაზე:
სიგარეტი თუ ელექტრო სიგარეტი _ რომელი უფრო მავნებელია
თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებული რეგულაციები დამტკიცდა
რა სანქციები გატარდება თამბაქოსთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში
სად იკრძალება და სად იქნება დაშვებული თამბაქოს მოწევა
უნდა აიკრძალოს თუ არა მოწევა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში